ნაბუქოს მხარდაჭერა იზრდება

 სამმა წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა ნაბუქოს გაზსადენის პროექტის 4 მილიარდი ევროთი დაფინანსება გადაწყვიტა. აქედან ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) 2 მილიარდ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) – 1.2 მილიარდ და საერთაშორისო ფინანსური კორპორაცია (IFC) – 800 მილიონ ევროს გამოყოფს. ამ ნაბიჯით ევროპა ნაბუქოს სრულ პოლიტიკურ მხარდაჭერას აღუთქვამს.
უნგრეთისა და ბულგარეთის მთავრობები და კომპანიები საკუთარი გადაწყვეტილების სისწორეში დარწმუნდნენ. მათ კონკურენტ პროექტთან – გაზპრომის სამხრეთ ნაკადთან შედარებით უპირატესობა ნაბუქოს მიანიჭეს.
ორივე ამ ქვეყანაში ნაბუქოს მხარდაჭერა ხელისუფლების ცვლილებას მოჰყვა. მანამდე უნგრეთისა და ბულგარეთის სოციალისტური მთავრობები რუსულ პროექტებს უჭერდნენ მხარს. სათავეში კონსერვატორების მოსვლის შემდეგ, ბულგარეთმა უარი თქვა სამხრეთ ნაკადისა და სხვა რუსულ ენერგოპროექტებში მონაწილეობაზე. სულ ახლახან კი უნგრეთმა განაცხადა, რომ „ნაბუქო ცენტრალური ევროპის მთავარი პროექტია, რადგან მას აქვს გაზი, კონკურენტუნარიანია და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლია ევროპის იმ ნაწილში, სადაც ინფრასტრუქტურა და რესურსების დივერსიფიკაცია ჯერ კიდევ პრობლემურია”.
პარალელურად, რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბესესკუმ ეკონომიკის მინისტრი გადააყენა. ამ უკანასკნელმა სამხრეთ ნაკადის პროექტში შესაძლო ჩართვის შესახებ მოლაპარაკებები გაზპრომთან აწარმოა. აღმოჩნდა, რომ ეკონომიკის სამინისტროს პოზიცია ზოგადნაციონალურ პოლიტიკას არ თანხვდებოდა.
გაზპრომმა რუმინეთს შეთავაზებით პირველად 2009 წლის შემოდგომაზე მიმართა – მას შემდეგ, რაც ბულგარეთმა უარი თქვა რუსულ ენერგოპროექტებში მონაწილეობაზე. კომპანია ამ გზით ცდილობდა ზეწოლა მოეხდინა ან დაესაჯა ბულგარეთი, რომელიც სამხრეთ ნაკადის რუმინეთისკენ გადამისამართებას აპირებდა.
ბუქარესტში რუმინელი დიპლომატების ყოველწლიურ კონფერენციაზე, ბესესკუმ ხაზი გაუსვა, რომ ის ნაბუქოს პროექტს ყოველთვის მხარს უჭერდა. მან მკაცრად გააკრიტიკა ის ჩინოვნიკები, რომელთაც „სამხრეთ ნაკადის ბაქანზე შეხტომა” სცადეს.
გაზპრომი სამხრეთ ნაკადით 63 მილიარდი კუბური მეტრი აირის გატარებას გეგმავს, თუმცა წყაროებს არ აკონკრეტებს. თვითონ პროექტს 30 მილიარდ დოლარად აფასებს. თუმცა, არც ამ თანხის წარმომავლობაა ცნობილი.
მეორე შემთხვევაში ყველაფერი გამჭვირვალეა. ნაბუქოს თურქეთთან შემაერთებელი ორი მკვებავი მილსადენი ექნება – ერთი საქართველოზე, მეორე კი ერაყზე გაივლის. გაზსადენი ყოველწლიურად 31 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს გაატარებს და სამი ძირითადი წყაროდან მომარაგდება: აზერბაიჯანი, თურქმენეთი და ერაყი. პროექტი 8 მილიარდი ევრო დაჯდება. სამი ფინანსური ინსტიტუტი ღირებულების ნახევარს, ხოლო სამშენებლო ხარჯების 30%-ს თავად ნაბუქოს კონსორციუმი დაფარავს. დაფინანსებასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები 2011 წლის ბოლომდე მოგვარდება. მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყება.

კომენტარები