თუთა

ცოტა ხნის წინ თბილისის რკინიგზელთა კულტურის სახლში გახლდით ვერდის „რიგოლეტოზე”. მთელ ამ ამბავში ორი რამ იყო ჩემთვის საგულისხმო. პირველი ის, რომ შენობაში შესვლამდე მათხოვარმა დამწყევლა, და მეორე – დარბაზში შესვლისას გოგი გვახარიამ მითხრა, საბოლოოდ დაცემულხარ, კაპიტალისტი გამხდარხარო. ეს კი ჩემთვის სრული მოულოდნელობა იყო. რამდენადაც მეგონა, რომ ჩემი, როგორც აჩრდილის, ადგილი ოპერაში იყო. საერთოდაც, ვთვლი, რომ ყველა პატიოსანი აჩრდილი სწორედ ოპერაში უნდა სახლობდეს. ის კი არ ვიცი, ოპერის მოსმენა რამდენად ნიშნავს კაპიტალისტობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ კაპიტალისტობა აუცილებლად ნიშნავს რაღაც კაპიტალის ფლობას. არადა, იმ წუთას ჯიბეში მხოლოდ ოცთეთრიანი მეგდო. იმაზე ბევრად ნაკლები, ვიდრე ჩემს მაწყევარ მათხოვარს. დიდი კაპიტალია, არა?

როგორი წარმოდგენა იყო და რა პუბლიკა გახლდათ იქ, ნაკლებად საინტერესოა. ეს შესავალი სულ სხვა რამის სათქმელად დამჭირდა. სიმართლე გითხრათ, ხშირად ვარ ასეთი „ოცთეთრიანი კაპიტალისტის” როლში. მაგრამ არ ვმათხოვრობ. ხომ გსმენიათ, ოფლითა პირისათა შენისათა სჭამდე პურსა შენსაო. ჰოდა, მეც მანდა ვარ. შეიძლება, ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ მე ასე ვცხოვრობ – პიროფლიანი ვჭამ ჩემი არსობის პურს.

ამით იმის თქმა კი არ მინდა, არიქა, ოფლიანი პური უფრო გემრიელია-მეთქი. თუმცა, ალბათ, არც უამისობაა. სხვა მხრივ კი, მეც ადამიანი ვარ და არაფერი ადამიანური არ მეუცხოება. გამოგიტყდებით და გეტყვით, რომ მეც ვერ ვიხდი კრედიტებს, მეც მიჩივის ბანკი სასამართლოში, და მეც მიკვირს, თვიდან თვემდე როგორ ვცხოვრობ. ის კი არა, მეც ვიღებ ხოლმე უბნის მარკეტში პროდუქტს ნისიად, მაგრამ, მიაქციეთ ყურადღება, არ ვმათხოვრობ. მერე რა, რომ ზოგჯერ ის ავადსახსენებელი ოცთეთრიანიც არ მიდევს ჯიბეში, ხშირად მსმენია ჩემზე, ეტყობა, მაგას არაფერი უჭირს, კარგი შემოსავალი აქვსო. ნამდვილად ჯობია, ხალხს მდიდარი ეგონო, ვიდრე მათხოვარი. ახლა მთლად კაპიტალისტებში ჩავეწერე. ასე თუ გავაგრძელე, მალე შეიძლება ოლიგარქიც გავხდე. დაე, ამისი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს.

მე ის უფრო მაფიქრებს, ამდენ მათხოვარს სად დავემალოთ. დავიჯერო, ვინმეს სიამოვნებს, გასავალს რომ არ აძლევენ, გვერდში ადევნებულები ხელზე რომ ეკიდებიან და სულში უძვრებიან შემაღონებელი წუწუნით: „დამეხმარე! ხატი იყიდე! ხურდა მაჩუქე! შენი ლამაზი თვალების ჭირიმე! ღმერთი მოგცემს!” არიან პროფესიონალებიც, მხოლოდ გამოხედვით, ხმისამოუღებლად რომ გეუბნებიან სათქმელს, როგორც მუნჯი კინოს ოსტატები. ასეთები ძირითადად ბარებთან, მსხვილ სუპერმარკეტებთან და პრესტიჟულ უბნებში შუქნიშნებთან გხვდებიან. უფრო მიმწოლებიც არიან. ზოგი მთლად შინ შემოვარდნაზეა. მოგიკაკუნებს ან დარეკავს ზარს ბინის კარზე, და იწყება მერე: „ავადმყოფი (მშობელი ან შვილი) მყავს, მკურნალობის ფულს ვაგროვებ”.

ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ასეთ დროს კალანდაძისეული „თუთა” მახსენდება ხოლმე: „ლამის სახლში შემოიჭრას თუთა, ლამის წელზე შემომხვიოს ხელი”. სულ მგონია, რომ აი ახლა თუთასავით შემოიჭრება სახლში მათხოვარი, წელზე შემომეხვევა, შემდეგ კი ხელებზე, მხრებზე და კისერზე დამეკიდება მუდარით: „დამეხმარე რა! დამეხმარე რა! დამეხმარე რა!”

ჩვენთან ამაზე რატომღაც არ საუბრობენ. ქართულ ტოკ-შოუებში თითქოს ღიად ლაპარაკობენ ყველაფერზე, მაგრამ ამ თემაზე ყველა თვალს ხუჭავს. დავიჯერო, არავის აწუხებენ თბილისელი მათხოვრები? ხედავთ ალბათ, ყველას ერთ ქვაბში არ ვყრი, რადგან არიან მათხოვრები, რომლებსაც ისეთი სასოწარკვეთილი გამოხედვა აქვთ, სუნთქვა შეგეკვრება. არიან, ასე ვთქვათ, „სტატიკურებიც”, თავჩაქინდრულები რომ დგანან, და მარტო ამ დგომით და თავის ჩახრით მოგიკლავენ გულს. ენა არ მოგიბრუნდება, ასეთს მათხოვარი უწოდო. ასეთი არ შემოიჭრება შენთან, არ შემოგხვევს წელს ხელს და არ ჩამოგეკიდება ხელზე ვედრებით. მე იმ აბეზრებზე მოგახსენებთ, სულს რომ ამოგხდიან ხურდის გამო.

შეიძლება არ ეგების ასე აღელვება და უფრო ზომიერი საუბარი ჯობია, მაგრამ არ გამომდის, როცა საქმე მათხოვრებს ეხება. მგონი, პოლიტიკოსები და ტერორისტებიც კი მათზე ბევრად მაღლა დგანან. მოკლედ, თქვენი არ ვიცი, ჩემში კი ისინი არანაირ სიბრალულს არ იწვევენ. მით უფრო, რომ მათ დიდ უმრავლესობას ასაკიც ხელს უწყობს და ფიზიკური მონაცემებიც, რომ იმუშაონ. მაგრამ არ მუშაობენ. სამაგიეროდ, მე მძალავენ დახმარებას. ჩემს იმედად არიან. მე ხომ ვმუშაობ. მე ხომ კაპიტალისტი ვარ, და არა ოპერის აჩრდილი! თან აბსოლუტურად ყველგან მიცდიან: მეტროსთან, კინოსთან, ბართან, მარკეტთან, შუქნიშანთან, და ა.შ. მოსვენებას არ მაძლევენ, ხელებზე მეკიდებიან, მწყევლიან, შინ მეჭრებიან... ვფიქრობ, ეს გაუგებრობაზე მეტია, ეს უკვე დანაშაულია. ნუთუ შეუძლებელია მათი რამენაირად შეზღუდვა? გასაგებია, რომ მოცემულ შემთხვევაში საზოგადოებრივი აზრი უძლურია, ნუთუ კანონშიც არ გვაქვს შესაბამისი მუხლი, რომელიც ამ ამბავს დაარეგულირებდა?

დაბოლოს, ოთარ ჭილაძეს თავის პირველ რომანში ერთი სრულიად ანტიმათხოვრული ფრაზა აქვს: „ძლიერია არა ის, ვინც იძლევა, არამედ ის, ვინც არ იღებს”. ცხადია, დაუზუსტებელი, პლაკატური და საკამათო აზრია. მაგრამ არის მასში რაღაც, რაც სამათხოვროდ გაწვდილ ხელს ოდნავ მაინც აგიკანკალებს. ვიცი, ვაჭარბებ, არაფრის ამკანკალებელი ეს ფრაზა არაა. უბრალოდ, ამაზე უკეთესი აქ სხვა არაფერი გამახსენდა. ბოდიში, რომ ვარსებობ.

კომენტარები