სათვალიანი კაცი ბათუმში

აბას კიაროსტამი
12 სექტემბერს რიგით მეხუთე ბათუმის საავტორო ფილმების ფესტივალი გაიხსნა. დასაწყისი უცნაური გახლდათ. ქალაქი, რომელსაც წელს რამდენიმე ასეული ათასი ტურისტი ეწვია, კინოთეატრის გარეშეა. ფილმების ჩვენება ბათუმის დრამატულ თეატრსა და სასტუმრო ინტურისტში იმართება. ერთადერთი კინოთეატრი, რომელიც საჭირო დონის აპარატურით იყო აღჭურვილი, ახლა რემონტდება და მის ადგილას სასტუმრო ან რესტორანი გაიხსნება. კინოს გემოს ხაჭაპურისა ამჯობინეს.
გახსნის ცერემონიალი ბათუმის დრამატულ თეატრში ჩატარდა. საპატიო ჯილდოები გადასცეს ძირითადი კონკურსის ჟიურის თავმჯდომარეს, ზბიგნევ რიბჩინსკისა და ცნობილ ირანელ რეჟისორს აბას კიაროსტამის. დარბაზი სავსე იყო ხალხით, ვინც კიაროსტამის კი არა, სტივენ სპილბერგს ვერ იცნობდა სახეზე. „ეს სათვალიანი ვინ არის?” წამოიძახა ერთ-ერთმა „კინომოყვარულმა”, როდესაც კანის პრიზიორი კიაროსტამი სცენაზე ავიდა. ფესტივალი მისი უახლესი ნამუშევრით („დამოწმებული ასლი”) გაიხსნა. რეჟისორი საშინლად უკმაყოფილო დარჩა ჩვენებით და ფილმის დაწყებისთანავე დატოვა დარბაზი, რაც გასაკვირი არ არის. თეატრში ეკრანი თეთრის მაგივრად რუხი იყო, ფოკუსი – გასასწორებელი, ქართული სუბტიტრები ისე დაბლა გასდევდა ფილმს, რომ მაყურებელს არჩევანი უნდა გაეკეთებინა: ან ფილმის ცქერა, ან მხოლოდ კითხვა. მაყურებელიც დიდი ენთუზიაზმით არ იყო განმსჭვალული „დამოწმებული ასლისადმი”. ჩვენების მანძილზე მობილურებზე რეკვა, ოჯახების მოკითხვა და „კარგი აჭარულის ტოჩკა მასწავლე” გადაჩურჩულებები არ შეწყვეტილა.
ორშაბათს ძირითადი საკონკურსო პროგრამა პოლონელი რეჟისორის, კატალინა როსლანიეკის ძალიან სუსტმა ფილმმა „შოფინგ-ცენტრის გოგონებმა” გახსნა. ეს არის ისტორია გოგონაზე, რომელიც ცდილობს მეგობრები გაიჩინოს, ქალიშვილობა დაკარგოს, საკუთარი თავი იპოვოს. მოკლედ, გაცვეთილ და გადაღეჭილ თემატიკაზე გადაღებული ფილმია, რომლის ფესტივალზე ჩვენების არანაირი საჭიროება არ იყო. საერთოდ, საკონკურსო პროგრამა ჯერჯერობით სიძლიერით ვერ დაიკვეხნის. ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით თითქმის ყველაფერი ვნახე და ძალიან ცოტაა ფილმის სტატუსის ტარების ღირსი. და კიდევ უფრო ცოტაა ხარისხიანი მხატვრული ნამუშევარი. „შოფინგ-ცენტრის გოგონების” შემდეგ აბას კიაროსტამის „ახლო კადრი” უნდა გასულიყო, მაგრამ რეჟისორი სცენაზე ავიდა და გაბრაზებულმა განაცხადა, რომ საღებავის ყიდვას აპირებდა ეკრანის თეთრად შესაღებად. ასეთ პირობებში ის თავისი ნამუშევრის გაშვებას არ აპირებდა.
ორშაბათს ჩინგიზ რასულზადეს „თოჯინები” აჩვენეს. ვცდილობ გავიხსენო, ამაზე ცუდი ფილმი კინოთეატრში რა მინახავს და „მაიტა ნასოსის” გარდა არაფერი მომდის თავში. ეს არის 6 მეგობრის ისტორია, რომლებიც პარკში მუშაობენ, საკუთარი თავის ძიებაში არიან და მათ თვალწინ ინგრევა საბჭოთა კავშირი. ექვსი პერსონაჟიდან რეჟისორი, ერთის სიუჟეტური ხაზის განვითარებასაც ვერ ახერხებს ნორმალურად, მსახიობები შემაძრწუნებლად ცუდად თამაშობენ.
კიაროსტამის ფილმის ჩვენება არც სამშაბათს გაიმართა. მე ექსკლუზიური ინტერვიუ უნდა ჩამეწერა ირანელ რეჟისორთან, მაგრამ ფესტივალის ორგანიზაციის ამბებზე ისე იყო გაბრაზებული, ინტერვიუზე ოცნებაც არ ღირდა. იმედია, ეკრანის გამოცვლასთან ერთად ინტერვიუზეც დამთანხმდება.
ოთხშაბათიდან კინოცხოვრება „გართულდა”. მხატვრულ და დოკუმენტურ ჩვენებებთან ერთად, ახალგაზრდული ფილმების კონკურსიც დაიწყო. მათ განმეორებით არ აჩვენებენ, შესაბამისად, მაყურებელი ხშირად არჩევანის წინაშე დგას თუ რას უყუროს. ერთ-ერთი ასეთი არჩევანი ახალგაზრდული სექციის სასარგებლოდ გავაკეთე. კმაყოფილი დავრჩი თორნიკე ბზიავას „აპრილის სუსხის” გარდა ყველა მოკლემეტრაჟიანი ქართული ნამუშევრით.
ზურა დემეტრაშვილის „ოცნება ლასკალაზე” დოკუმენტური ფილმია მოხუც ქალზე, რომელიც წლებია, სამხატვრო აკადემიაში ნატურად მუშაობს. დემეტრაშვილს, დამწყები რეჟისორის კვალობაზე, კარგად აქვს გადმოცემული სათქმელი. სასაცილო, სევდიანი ფილმი ოცნებასა და რეალობაზე. „ამომავალი მზის ქვეყანა” ნათია ნიკოლეიშვილის ანიმაციური ფილმია. ძალიან გამიხარდა ქართული მულტფილმის საკონკურსო პროგრამაში ნახვა. ნახატი ორიგინალურია, სტილი საინტერესო, აი, სიუჟეტი კი მოიკოჭლებს. სამაგიეროდ, ძალიან კარგი სიუჟეტი ჰქონდა კიდევ ერთი ქართველის, ვალერიან კირკიტაძის ფილმს „რეზუს უარყოფითი”. ფილმის მოქმედება ფსიქიატრიულ კლინიკაში ვითარდება, დამწყები ექიმი პაციენტების თამაშში ჩაერთვება და იღუპება. ამ ახალგაზრდების სახით სამი აბსოლუტურად განსხვავებული, იმედისმომცემი რეჟისორი იზრდება. ვაკო კირკიტაძეს თავისი ნამუშევარი მონრეალის ფესტივალზე ჰქონდა გატანილი და დადებითი შეფასებები დაიმსახურა.
სამშაბათს ძალიან წვიმდა, ოთხშაბათი მოღრუბლული იყო, ხუთშაბათს ბათუმში მზიანი ამინდი გამოვიდა და ჩვენებებს ხალხი მოაკლდა. ახალგაზრდების უმეტესობა ზღვაზე გავიდა, მხოლოდ საღამოს კიაროსტამის ფილმის სანახავად მოგროვდა ხალხი. დიდი ამბავი მოხდა: თეთრი ეკრანი დაკიდეს, შესაბამისად, აბას კიაროსტამის „ახლო კადრსაც” დაადგა საშველი და... ფესტივალზე უდავოდ საუკეთესო ფილმი ვნახეთ.
მართალია, ფესტივალი ჯერ არ დამთავრებულა, თუმცა ურსულა ანტონიაკის ფილმი „არაფერი პირადული”, ჯერჯერობით მთავარი ჯილდოს მოპოვების უმთავრესი ფავორიტია, რასაც ვერ ვიტყვით რეჰა ერდემის „კოსმოსზე”. ფილმზე, რომლის ჩვენებისას თითქმის მაყურებლის ნახევარმა დარბაზი დატოვა, მეორე ნახევარი კი მხოლოდ იმიტომ დარჩა, რომ ჩაეძინა. ესაა ფსევდოინტელექტუალური ფილმი, რომელსაც არ აქვს სიუჟეტი, ის იდეები და სიმბოლოები, რომლის ჩვენებასაც რეჟისორი ცდილობს, პირდაპირი გაგებით სასაცილოა.
თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ფესტივალი კინოთეატრის მაგივრად თეატრში გადის, სადაც ნესტის სუნი დგას, სკამები ჭრიალებს და ცუდი ეკრანია, კიდევ თუ არ ჩავთვლით იმას, რომ აფიშა სულ ირევა, ხან რა ფილმი გადის, ხან რა, არც იმას თუ არ ჩავთვლით, რომ სუბტიტრები ხანდახან არაპროფესიონალური ნათარგმნია (I will take my son’s records – წესით არის „ჩემი შვილის ჩანაწერებს წავიღებ”, აქ კი ნათარგმნი იყო, როგორც „ჩემი შვილის რეკორდს მოვხსნი”), ასევე არ ჩავთვლით ყველა სეანსის დაგვიანებას, მაშინ ძალიან მაგარ ფესტივალს მივიღებთ.
 

კომენტარები