რუსეთი წევრობასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა

ამერიკიდან რუსეთში ფრინველის ხორცის ექსპორტის განახლებაზე შეთანხმება მიღწეულია. შეერთებული შტატები რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მხარს კიდევ უფრო მტკიცედ უჭერს. ამ ორგანიზაციის წევრებზე მოდის ვაჭრობის 95%.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში უილიამ ბერნსმა საჯაროდ განაცხადა: „რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა”. რუს ჟურნალისტებთან საუბრისას, ბერნსმა აღნიშნა, რომ 24 ივნისს ვაშინგტონში გამართულ სამიტზე, შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების სასარგებლოდ მიიღო. ყველა გადაუჭრელი საკითხი 30 სექტემბრამდე უნდა მოგვარდეს.
რუსეთი ორგანიზაციაში გაწევრიანებას 90-იანი წლების ბოლოდან უშედეგოდ ცდილობს. ყოფილმა მინისტრმა, ანატოლი ჩუბაისმა, რუსეთს ორგანიზაციაში შეღწევის ყველაზე ხანგრძლივ მცდელობაში მსოფლიო ჩემპიონი უწოდა.
ბოლო დროს რუსეთის ოფიციალური რიტორიკა შეცვლილი იყო. აგვისტოს ომის შემდეგ, პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვი გაწევრიანებისგან „სარგებელს ვერ ხედავდა”.
ერთი წლის შემდეგ, პუტინმა აზრი შეიცვალა და თქვა, რომ რუსეთს, ყაზახეთსა და ბელარუსს სურდათ საერთო საბაჟო ზონის სახით გაწევრიანება. მოგვიანებით, მოსკოვი ისევ დამოუკიდებლად შესვლის იდეას დაუბრუნდა. ამ წლის დასაწყისში კი, პუტინმა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჰილარი კლინტონს უთხრა, რომ რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დაშვება აუცილებელია, რათა ქვეყანამ ამერიკასთან სრულყოფილი თანამშრომლობა შეძლოს.
ყველაზე დიდი ბარიერი, რომელიც რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას წინ ეღობებოდა, ტექნიკური იყო: ორგანიზაციის მიერ შემუშავებული საერთო წესებით, იკრძალება სასოფლო-სამეურნეო სფეროსთვის პირდაპირი სუბსიდიების გაზრდა. დაფინანსების მოცულობამ ორგანიზაციაში გაწევრიანებამდე სამი წლით ადრე გაცემული დოტაციის საშუალო დონეს არ უნდა გადააჭარბოს. მოსკოვის შემთხვევაში პრობლემა ისაა, რომ რუსეთის სასოფლო-სამეურნეო სექტორი გლობალურ ეკონომიკურ კრიზისამდეც გაკოტრების ზღვარზე იყო. რუსეთს ამიტომ თავისი სოფლის მეურნეობის სუბსიდირებაზე უარის თქმა არ უნდა.
დასავლეთი უარზეა: მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესის უგულებელყოფა, თუნდაც გამონაკლისის სახით, შექმნის პრეცედენტს, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო ვაჭრობის ლიბერალიზაციას.
რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება უკვე 2012 წლისთვის უნდა: ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის პირასაა. გაწევრიანების შემთხვევაში კი, მსოფლიო ბანკის გათვლების მიხედვით, რუსეთი ყოველწლიურად თითქმის 53 მილიარდდოლარიან სარგებელს ნახავს, რაც მშპ-ს 3.3%-ია.
კიდევ ერთი, უკვე პოლიტიკური ბარიერია თბილისი. საქართველო 2000 წლიდან მოყოლებული მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრია და ვეტოს უფლებით სარგებლობს.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია განმარტავს, რომ ქვეყნის წევრობა არ განიხილება მანამ, სანამ თითოეულ წევრთან კერძო დისპუტები არ მოგვარდება. რუსეთის შემთხვევაში, 60-მდე ინდივიდუალური ორმხრივი შეთანხმება არსებობს. 2006 წელს საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ორმხრივი შეთანხმება გაუქმდა.
ქართული მხარე რუსეთისგან თბილისის ინტერესებისა და საერთაშორისო კანონმდებლობის პატივისცემას ითხოვს. სტრატეგიულად, საქართველოს მთავარი ინტერესი საკუთარი ტერიტორიის სრული დეოკუპაციაა, თუმცა ტაქტიკურად ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი – მაგალითად, კრემლის მიერ კონტროლირებად რეგიონებში საერთაშორისო დამკვირვებლების დაშვება; დევნილთა დაბრუნება, რასაც ეტაპობრივად, რუსული ჯარების აფხაზეთიდან და ცხინვალიდან გამოსვლა უნდა მოჰყვეს.
 

კომენტარები