ნამდვილი ანიმაციური ამბავი

0 კომენტარი

 2006 წელს ქოლბი ქერთინი 10 წლის გოგონა იყო, როდესაც ექიმებმა ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს. სამი წლის შემდეგ, აპრილში გოგონამ პიქსარის მულტფილმ „მაღლას” ტრეილერი ნახა, ქოლბი იმდენად მოიხიბლა ანიმაციური ფილმის რეკლამით, რომ უკანასკნელ სურვილად დედას ამ მულტფილმის ნახვა სთხოვა. ლიზა, ქოლბის დედა იხსენებს, რომ კითხვაზე – მოითმენდა თუ არა ის ფილმის გამოსვლამდე, გოგონამ უპასუხა: „მე მზად ვარ სიკვდილისთვის, მაგრამ მულტფილმს დაველოდები”. გოგონას მდგომარეობა დღითი დღე უარესდებოდა, „მაღლას” გამოსვლისას მას უკვე აღარ შეეძლო სახლიდან გასვლა. ქოლბის დედამ პიქსარში დარეკა, აუხსნა შვილის მდგომარეობა და სთხოვა, თუ შესაძლებელი იყო, სახლში სწვეოდნენ და სპეციალური ჩვენება მოეწყოთ. პიქსარის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს და მართლაც, მეორე დღეს კომპანიის წარმომადგენელი ქერთინების ოჯახს ეწვია. მულტფილმის სპეციალურ DVD ვერსიასთან ერთად, მთავარი პერსონაჟების სათამაშოები და უამრავი სუვენირი მიუტანა, მათ შორის ზუსტად ისეთი დღიური, როგორიც ფილმის ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს აქვს და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს ინახავს. ქოლბი უკვე ძალიან სუსტად იყო, ტკივილი იმდენად აწუხებდა, რომ თვალის გახელაც აღარ შეეძლო და მულტფილმის ჩვენებისას დედა უყვებოდა, თუ რა ხდებოდა ეკრანზე. მულტფილმის დასრულებისთანავე პიქსარის წარმომადგენელი წავიდა, DVD ვერსია აღარავის უნახავს. გოგონა იმ საღამოსვე გარდაიცვალა.
პიქსარი დღემდე საიდუმლოდ ინახავს იმ ადამიანის ვინაობას, ვინც ქოლბის ეწვია. ეს ისტორია შესანიშნავად გადმოსცემს კომპანიის სახეს, რომელსაც ადამიანების ყველაზე კარგად ესმის.
ყველაფერი 1979 წელს დაიწყო. როდესაც ჯორჯ ლუკასმა კომპანია დააარსა და ფილმების სპეცეფექტებზე მუშაობა დაიწყო. 1986 წელს ეს სტუდია სტივ ჯობსმა იყიდა და სახელად პიქსარი დაარქვა. 1991 წელს საბედისწერო ნაბიჯი გადაიდგა. პიქსარმა დისნეისთან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ამ ხელშეკრულების თანახმად, პიქსარს სამი ანიმაციური ფილმი უნდა გადაეღო უოლტის შთამომავლებისთვის. სწორედ აქ დაიწყო რევოლუცია – 1995 წელს „სათამაშოების ამბავი” გამოვიდა, კინოს ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. პროდუქცია თავიდან ბოლომდე კომპიუტერული ტექნოლოგიის მეშვეობით გააკეთეს. ენდის, ვუდის და სხვა სათამაშოების ისტორიამ 30-მილიონიანი ბიუჯეტით, კინოგაქირავებაში 360 მილიონი დოლარის მოგროვება მოახერხა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა ტოპ კრიტიკოსისგან დადებითი შეფასება დაიმსახურა. ამას მოჰყვა „მწერების ცხოვრება” და „სათამაშოების ამბავი 2”, რომლებმაც პიქსარი ანიმაციური ფილმების ნამდვილ გიგანტად აქციეს.
პიქსარის წარმატების საიდუმლო 4 გენიოსია: ჯონ ლასეტერი, ენდრიუ სტანტონი, ლი ანკრიჰი და ბრედ ბირდი. სტუდიის ყველა პროექტზე ისინი ერთად მუშაობენ, უმკაცრესად უდგებიან ფილმის შექმნის თითოეულ ეტაპს, სწავლობენ პერსონაჟებს. „რატატუის” შექმნისას ყველა მზარეულობაში დაიხვეწა. „ნემოს ძიებაზე” მუშაობისას კი „პიქსარის ტვინის” თითოეული წევრი წყალქვეშ ყვინთავდა. სცენარს იქამდე ამუშავებენ, სანამ იდეალურ სახეს არ მიიღებს. რობოტ უოლიზე მულტფილმის შექმნის იდეა პიქსარში დაახლოებით ათი წლის წინ გაჩნდა, მაგრამ ანიმაციური ფილმი მხოლოდ 2008 წელს გამოვიდა, მაშინ როდესაც სცენარი პიქსარში უნაკლოდ მიიჩნიეს.
პიქსარი ერთადერთი კინოკომპანიაა, რომლის ყველა ნამუშევარი ერთნაირი წარმატებით სარგებლობს კინოგაქირავებასა და კრიტიკოსთა წრეებში. წელს გამოსული „სათამაშოების ამბავი 3” პირველი მულტფილმი გახდა, რომელმაც მილიარდზე მეტი შემოსავალი მოიტანა და 2010 წლის საუკეთესო ანიმაციური ფილმის წოდების უმთავრესი ფავორიტია. ასევე კარგი შანსი აქვს, ოსკარის ნომინაცია მოიპოვოს საუკეთესო მხატვრული ფილმის წოდებაში, რაც ამ ჟანრისთვის უდიდესი მიღწევაა.
„სათამაშოების ამბავი 3”-ის ნახვა ქართველ მაყურებელს უკვე შეუძლია თბილისის კინოთეატრებში.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები