შაკიკი – „აუტკივარი’’ თავის ტკივილი

 სექტემბერი სწავლისა და ბევრისთვის თავის ტკივილის ახალი სეზონია. სკოლაში წასვლასთან ერთად ბავშვები თავის ან მუცლის ტკივილს სულ უფრო და უფრო ხშირად უჩივიან. ასეთ დროს დედებს უჭირთ გაიგონ პატარას რომელიმე ორგანო მართლა სტკივა თუ უბრალოდ, სკოლაში წასვლას ამ ფორმით აპროტესტებს. ექიმები მშობლებს ურჩევენ თავის ან მუცლის ტკივილის სეზონურობას ღიმილით არ შეხვდნენ და ბავშვის ნებისმიერი ჩივილით დაინტერესდნენ. რადგან ის, რომ შაკიკს სეზონურობა ახასიათებს, უკვე დიდი ხანია, ბავშვთა ნევროპათოლოგთათვის ცნობილია და ამას ახსნაც აქვს. სკოლაში წასვლასთან ერთად მოსწავლეებს დღის რეჟიმი ერღვევათ – ადრე დგებიან და გვიანობამდე მეცადინეობენ, გონებრივად ან ფიზიკურად უფრო მეტად იღლებიან, სრულფასოვნად არ იკვებებიან, მათ ჯანმრთელობაზე ამინდის ცვალებადობაც კი ახდენს გავლენას.
შაკიკი არის პერიოდული, მფეთქავი ხასიათის თავის ტკივილი. ეს დაავადება ზოგჯერ მხოლოდ თავის ტკივილით არ შემოიფარგლება და თან ერთვის მუცლის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, თავბრუსხვევა, სინათლისა და ხმაურის აუტანლობა. ბავშვებში შაკიკი კლასიკური ფორმით შესაძლოა სულაც არ გამოვლინდეს და თავის ტკივილის ნაცვლად ბავშვს მხოლოდ მუცელი სტკიოდეს ან თავბრუ ეხვეოდეს. ამ სიმპტომების გამო დედებს აზრადაც კი არ მოსდით, რომ შვილი შეიძლება მართლაც ავად იყოს. მრავალი ადამიანი ფიქრობს, რომ შაკიკი ადრეულ ასაკში არ ემართებათ და ეს მხოლოდ და მხოლოდ დროებითი თავის ტკივილია, რომელიც გაივლის. როგორც ნევროპათოლოგები ამტკიცებენ, ეს დაავადება სამი წლის ბავშვებსაც შეიძლება ჰქონდეთ. სტატისტიკური მონაცემებით, შაკიკით ბავშვების 10% და თინეიჯერების 28%-ია დაავადებული. დადგენილია, რომ შაკიკი უფრო ხშირად მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს აქვთ (თანაფარდობა 3:1). ბავშვთა ნევროლოგი, ნინო ლალიანი ამბობს, რომ ეს გენეტიკური დაავადებაა.
შაკიკის სიმპტომები სხვა სერიოზულ დაავადებებსაც ახასიათებს. ამიტომ მშობელმა ბავშვი ექიმთან უნდა მიიყვანოს, რათა სხვა დაავადებები გამოირიცხოს. შაკიკისაგან განკურნება მედიკამენტებით ხდება. შეტევის მოსახსნელად ექიმი პაციენტს პრეპარატს ინდივიდუალურად უნიშნავს. ბავშვებს, რომლებსაც შაკიკის შეტევა კვირაში ერთხელ ან მეტჯერ აქვთ, სპეციფიკური და ხანგრძლივი მკურნალობა სჭირდებათ. მათთვის აუცილებელია ცხოვრების წესის შეცვლაც – საჭიროა სპორტული აქტივობა, ბევრი სითხის მიღება, სრულფასოვანი კვება და ხშირი დასვენება. დაგვიანებულმა მკურნალობამ, რომელიც უმეტესწილად მშობლის უყურადღებობის ბრალია, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლოა იმდენად დაამძიმოს, რომ სიტუაცია უკონტროლო გახდეს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც მშობელს ბოლოს და ბოლოს პატარა სამკურნალოდ მიუყვანია, მაგრამ შაკიკის მესამე სტადია განკურნების შანსს საგრძნობლად ამცირებს. შედეგი სავალალოა – ტკივილებით დასუსტებული და სწავლას ჩამორჩენილი მოზარდი.
„თუ გამოკვლევის შემდეგ ბავშვს შაკიკი არ დაუდგინდა, მშობელმა არ უნდა იფიქროს, რომ იგი ტკივილის სიმულირებას ახდენს. შესაძლოა ამ შემთხვევაში ტკივილს ფსიქოლოგიური ფაქტორები იწვევდეს. ბავშვის ჩივილს ყველა შემთხვევაში უნდა მიექცეს ყურადღება, პრობლემის იგნორირება არ შეიძლება”, – ამბობს ბავშვთა ფსიქოლოგი, ნატა მეფარიშვილი. პრობლემაა ტყუილიც, და ფსიქოგენური თავის ტკივილიც. აუცილებელია, დადგინდეს რატომ იტყუება ბავშვი, ამით თავს რისგან იცავს. რა ხდება მის გარშემო ისეთი, რაც თავის აუტანელ ტკივილს იწვევს.

კომენტარები