მასწავლებელთა სერტიფიცირების სისტემის წარმატება

 2010 წლის ზაფხულში პირველად, მასწავლებლების სასერტიფიკაციო გამოცდები ჩატარდა. სასერტიფიკაციო გამოცდა მხოლოდ ერთი ნაწილია მასწავლებლების პროფესიის რეგულირების. მნიშვნელოვანია მრავალი კომპლექსური ნაბიჯის გადადგმა ამ კონტექსტში იმისთვის, რომ გამოცდებმა მხოლოდ ფორმალური ბარიერის ფუნქცია არ შეიძინოს, რომელსაც სისტემის ფუნქციონირებაზე გავლენა არ ექნება. ამ ნაბიჯებს შორის უპირველესია შედეგების ანალიზი, მაგრამ ამავდროულად ამ შედეგების გამოყენების ფორმები და მიმართულებები.

მასწავლებლის სერტიფიკატის ასაღებად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება. ორი გამოცდის ჩასაბარებლად წელს გავიდა დაახლოებით 6 ათასი პრეტენდენტი. მათგან დაახლოებით 1100-მა (18%) წარმატებით დაძლია მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ორივე გამოცდაში. დაახლოებით 4 ათასი მასწავლებლობის სერტიფიკატის მსურველი წელს მხოლოდ ერთ გამოცდაზე გავიდა. ერთი გამოცდა წარმატებულად ჩააბარა გასულების 50%-მა. წელს სერტიფიკატის აღება შეეძლოთ ქართულის, მათემატიკისა და უცხო ენების მასწავლებლებს.

შედეგები, რომელიც საჯაროდ არის ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი, ჯერ ღრმა ანალიზის საფუძველს არ იძლევა. ჩვენ არ ვიცით ჯერ, თუ როგორი სამუშაო, საგანმანათლებლო, სატრენინგო გამოცდილების მასწავლებლები აღწევენ წარმატებას ამ გამოცდებზე. ასევე არ ვიცით მათი ასაკობრივი, გეოგრაფიული პროფილი. არც ის ვიცით, კერძო სკოლების მასწავლებელთა ინტერესი რამდენად არის, რომ სერტიფიცირებულები გახდნენ.

მსურველთა 20%-მა რომ აიღო სერტიფიკატი, მეტყველებს გამოცდების გარკვეულ ადეკვატურობაზე. ვისაც მასწავლებელთა ტრენინგები ჩაუტარებია, ან მათი ორგანიზება გაუკეთებია, იციან, რომ სწორედ ამდენი პროცენტია მასწავლებლებში ისეთი, რომელიც გულწრფელად დაინტერესებულია საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებით; ღიაა სიახლეებისთვის; მზად არის დრო და ენერგია დახარჯოს რაიმეს შესწავლაზე.

სასერტიფიკაციო გამოცდების როლი შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს საზოგადოების მხრიდან მასწავლებელთა დაფასებისთვის. შედეგებმა აჩვენა, რომ მასწავლებლობისთვის საჭირო მინიმალური კომპეტენციების ფლობა მარტივი არ არის. დადასტურდა ისიც, რომ მასწავლებლობა უბრალოდ ნიჭი და საგნის შინაარსის ცოდნა არ არის, არამედ თეორიულ საფუძვლებზე დაფუძნებულ მრავალ პროფესიულ უნარსაც მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორი შესაძლოა იყოს მასწავლებლის კვალიფიციურობის დადასტურება მოსწავლეებისთვის. სავარაუდოდ, სერტიფიკატი ერთ-ერთი ფაქტორი იქნება მასწავლებლების ავტორიტეტის ზრდისთვის.

სერტიფიცირების სისტემის ერთი მისიაა, რომ განაწყოს არსებული მასწავლებლები კვალიფიკაციის ამაღლებისთვის. სხვა, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისია ის არის, რომ ხელი შეუწყოს მასწავლებლების კორპუსში მუდმივ განახლებას. გამართული სისტემა, ერთი მხრივ, არასათანადო ცოდნისა და უნარების მასწავლებლებს სისტემიდან განდევნის. სკოლის ადმინისტრაციას კი მისცემს გარკვეულ ორიენტირს, რომელიც ახალი მასწავლებლების შერჩევაში დაეხმარება. წლიურად საშუალოდ 5%-იანი კადრების ბრუნვა განათლების სისტემაში ნორმალურად ითვლება. ეს ჩვენთან წელიწადში დაახლოებით 4 ათასი ახალი მასწავლებლის სისტემაში შემოსვლას ნიშნავს.

მასწავლებლების ცვლის მუდმივი ბრუნვის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ სერტიფიცირებას ასევე დაეფუძნოს მასწავლებლების წახალისების სისტემა. ეს შესაძლოა იყოს კარიერული ზრდის შესაძლებლობა და აგრეთვე ხელფასის ზრდა. პირველი მეორეს გულისხმობს, მაგრამ შემოსავლის გაუმჯობესება შესაძლოა მხოლოდ სერტიფიცირებასაც დაეფუძნოს.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, სერტიფიცირებულ მასწავლებლებს შეეძლებათ იყვნენ მენტორები და მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში „ასწავლე საქართველოსთვის”. „ასწავლე საქართველოსთვის” გულისხმობს მაღალანაზღაურებადი მასწავლებლების ისეთ სკოლებში (ძირითადად პერიფერიაზე) გაგზავნას, სადაც მასწავლებლების ნაკლებობა აქვთ. ამ პროგრამაში ადგილების რაოდენობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება წელს სერტიფიცირებულების რაოდენობას. რაც შეეხება მენტორობას, ეს გულისხმობს ახალბედა მასწავლებლებისთვის პროფესიულ მრჩევლობას. თუმცა იმისთვის, რომ მენტორების საჭიროება არსებობდეს, ახალბედა მასწავლებლები უნდა გაჩნდნენ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია ორი რამ: ანაზღაურება და სისტემის მდგრადობა უნდა იყოს ისეთი, რომ სკოლაში უმუშევარ ადამიანს მოუნდეს მასწავლებლის პროფესიის დაუფლება და შემდეგ სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარება; სკოლის ადმინისტრაციის მოტივირებაა საჭირო იმისთვის, რომ კადრების ცვლა იყოს მისთვის და მისი სკოლისთვის მისაღებიც და მომგებიანიც.

სერტიფიცირებულ მასწავლებელს არასერტიფიცირებულისგან ხელფასის მხრივ 75 ლარი განასხვავებს. შესაძლოა ეს მნიშვნელოვანი იყოს იმ მასწავლებლისთვის, რომელიც ნახევარ განაკვეთზე ასწავლის, დაახლოებით 150-ლარიანი შემოსავალი აქვს. თუმცა ეს ვერ მიიზიდავს ახალ კადრებს სისტემაში. საქართველოში, სადაც ყოველწლიურად 4 ათასამდე ადამიანია საჭირო მასწავლებლობის პროფესიის მუდმივი განახლებისთვის, განათლების მიმართულებით მაქსიმუმ 500 ახალგაზრდა ამთავრებს სწავლას. ეს ლოგიკურიც არის. ბაკალავრიატის მხოლოდ პირდაპირი გადასახადი, რაც მინიმალური მოთხოვნაა მასწავლებლობისთვის, მათ დაახლოებით 9 ათასი ლარი უჯდებათ, ხოლო ამ თანხას, დღევანდელი სერტიფიცირებული მასწავლებლის ხელფასით, ისინი ორ წელიწადზე ნაკლებში ვერ ამოიღებენ.

დამატებით მიმზიდველობას, ნებისმიერ სამსახურს გარკვეული სტაბილურობა სძენს. თუ ჩვენს ინტერესშია, რომ საუკეთესო კადრები მივიზიდოთ სკოლებში, სკოლებმა მათ ეს სტაბილურობის შეგრძნება უნდა შესძინონ. რა თქმა უნდა, ეს ხარისხის და პასუხისმგებლობების კლების ხარჯზე არ უნდა მოხდეს. სტაბილურობის მიღწევა შესაძლებელია პროგნოზირებადი და გრძელვადიანი გეგმების არსებობის შემთხვევაში. ეს კი ჩვენთან სერიოზული პრობლემაა, რადგან პოლიტიკოსები ხშირად სწრაფად და დაუგეგმავად იღებენ გადაწყვეტილებებს. არასტაბილურობის უახლესი მაგალითი იყო ის, რომ მასწავლებლებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური, ფინანსური და შინაარსობრივი ბარიერები გადალახეს იმისთვის, რომ სერტიფიკატი აეღოთ, მოულოდნელად ახალი ბარიერი დაუწესეს, რომელიც თვისობრივად უფრო ნაკლებ კომპეტენციებს ითხოვს, მაგრამ უფრო ძვირად არის შეფასებული. საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, ის მასწავლებლები, რომლებსაც ინგლისურის და კომპიუტერის გამოყენების კომპეტენციები ექნებათ, 200 ლარის დანამატს მიიღებენ. ეს ნიშნავს იმას, რომ მასწავლებლებს, რომლებმაც თავისი ძირითადი პროფესიული კომპეტენციების ფლობა დაადასტურეს, 75-ლარიანი დანამატი აქვთ, ხოლო მეორადი კომპეტენციების დადასტურებისთვის, რომელიც არ არის გადამწყვეტი მათი პროფესიული წარმატებისთვის, მათ დაახლოებით სამჯერ უფრო მეტი ერგებათ. შედეგი გარკვეულწილად კი არის მასწავლებლების გამოცოცხლება ამ მიმართულებით, მაგრამ ასეთმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა ასევე მრავალ მასწავლებელში ფრუსტრირებაც გამოიწვიოს. ეს კი შემდეგ სასერტიფიკაციო გამოცდებზე გასულების რაოდენობით დადგინდება.

მნიშვნელოვანია, რომ სერტიფიცირების პროცესმა ხელი შეუწყოს მასწავლებლების კორპუსის გადახალისებას, არსებული კვალიფიციური მასწავლებლების მნიშვნელოვნად დაფასებას, მასწავლებლობის პროფესიისადმი ნდობის გაზრდას. ამ ყველაფერმა კი, რამდენიმე წლით სტაბილურად დანერგვის შემთხვევაში, შესაძლოა დადებითად იმოქმედოს განათლების ხარისხზეც, რადგან მარტივია იმის გამოცნობა, რომ ვერავითარი კომპიუტერი, სახელმძღვანელო, გამოცდა, სასწავლო გეგმა, ბრენდირება, მანდატური, რემონტი და სწავლის დაწყების თარიღის დადგენა ვერ შეეჯიბრება მასწავლებლის როლს მოსწავლეებში შემეცნებითი ინტერესის გაღვივებისა და ცოდნისა და უნარების ათვისების საქმეში. ამიტომ – მეტი ყურადღება მასწავლებლებს, მათდამი მოთხოვნების, მაგრამ ამავდროულად დახმარებისა და დაფასების ზრდას.

კომენტარები