ბაზალეთისა ტბის პირას...

 ის, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახალ-ახალი წესებით, დებულებებით და ხედვებით ლამის ყოველდღიურად გვახსენებს ხოლმე თავს, ახალი ამბავი ნამდვილად არაა. სულ ცოტა ხნის წინ, ჯერ კიდევ მანამ, სანამ თქვენი შვილებისთვის საჭირო სასკოლო ჩანთის შესაძენად მიიჩქაროდით, მინისტრი დიმიტრი შაშკინი, ბაზალეთისა ტბის პირას (სასტუმრო-კომპლექსი ბაზალეთი) ჟურნალისტებს 2010-2015 წლების ახალ სამოქმედო სტრატეგიაზე ესაუბრებოდა.
ახალი სასწავლო წელი სიახლეებით იწყება.
შეიცვალა მოსწავლეთა შეფასების სისტემა. ექვსის ნაცვლად, ისინი სამი კომპონენტით შეფასდებიან: საშინაო, სასკოლო დავალება და შემაჯამებელი. შეიცვალა ტრიმესტრული სწავლებაც: ამიერიდან, სასწავლო წელი სემესტრებად დაიყოფა (სადაც მკაცრადაა განსაზღვრული სწავლის დაწყება-დამთავრების თუ დასვენების თარიღები). წლევანდელი წლიდან მოსწავლეებს სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება, სპორტის გაკვეთილები დაემატება. ცნობილია ისიც, რომ სკოლებში აიკრძალება ფულით ვაჭრობა და მოსწავლეებს საკრედიტო ბარათების გამოყენების სწავლა მოუწევთ, რადგან, მინისტრის განცხადებით, „მოსწავლეთა საკრედიტო ბარათის სისტემის დანერგვა და ამოქმედება, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის ნაწილია”. ის დღესდღეობით მხოლოდ რამდენიმე საპილოტე სკოლაშია ამოქმედებული, სადაც ბავშვებს უკვე აქვთ „ტაოპრივატბანკის” ბარათები. თუმცა, როგორც ტაბულასთვის გახდა ცნობილი, „უსაფრთხო სკოლის კონცეფციას” სხვა სკოლებიც ეტაპობრივად შეუერთდებიან: ახალი სასადილოებით და ახლა უკვე „ლიბერთი ბანკის” ბარათებით.
გარდა ამისა, მოსწავლეებისთვის ამოქმედდება ეთიკის კოდექსი, რომლის საფუძველზე აიკრძალება სკოლაში ძვირადღირებული ნივთების და დიდი ოდენობის ფულის შეტანა. სავარაუდოდ, ამ და სხვა მრავალი პრობლემატური საკითხის მოგვარება მანდატურებს მოუწევთ – სკოლის შინაგანი წესრიგის დასამყარებლად მოვლენილ სამკაციან ჯგუფს, რომლებიც სპეციალურად შედგენილი დებულებით იხელმძღვანელებენ. მართალია, მინისტრის თქმით, მანდატურს არანაირი უფლება არ ექნება დასაჯოს ბავშვი, მაგრამ გაფრთხილების იგნორირების შემთხვევაში, მას შეეძლება... გამოგიგზავნოთ ჯარიმის ბარათი. ასე რომ, არ გაგიკვირდეთ, თუ თქვენი ურჩი შვილის გამო, 15 სექტემბრიდან, სკოლიდან გადასახადები მოგივათ. არც ისე ცოტა, ჯარიმები 100 ლარიდან დაიწყება.
მანდატურებს მოსწავლეთა გაკონტროლებაში ვიდეოთვალები დაეხმარებათ, რომელიც თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის რიგ სკოლებშია დამონტაჟებული – „ვიდეოთვალის სისტემა მანდატურებისა და დირექტორის კომპიუტერზეა შეერთებული და, დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, სკოლებში მუდმივად მოხდება სიტუაციის კონტროლი”, – განაცხადა შაშკინმა. მიუხედავათ იმისა, რომ მინისტრმა ერთ-ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა, რომ რთულად აღსაზრდელ ბავშვებს შეიძლება ფიზიკური სამუშაოს შესრულებაც კი დაევალოთ, ამ თემასთან დაკავშირებით ტაბულას დასმულ კითხვას, მოკლედ უპასუხა: „ეთიკის კოდექსის საფუძველზე, ყველა სკოლა შინაგანაწესს შეიმუშავებს. სწორედ შინაგანაწესში იქნება ყველა დეტალი გაწერილი”.

კომენტარები