ტკბილი თურქული მოგონებები

0 კომენტარი
ფოტო: ლინას კლეიზა

მსოფლიო ჩემპიონატი ყოველ წელს უნდა იმართებოდეს. ევროლიგა, სხვა ლიგა, კახა ლაბორალის ჩემპიონობა, ცსკა-ს ამბები და მაკაბიში ახალი რუსტერის დაყენება თავისთავად საინტერესოა. უბრალოდ, მომაბეზრებელია ეს ყველაფერი და ერთი დიდი რუტინა ხდება. მსოფლიოზე მხოლოდ ყველაზე კარგებს, ბევრ უკეთესზე უკეთესს ხედავ და მერე რა, თუ თურქეთში ბევრი მეგატიპი ვერ ჩავიდა. მსოფლიო ჩემპიონატი მაინც წონადი, დასამახსოვრებელი მოვლენა იყო და გული დამწყდა, რომ უკვე მოგონებაა. სასიამოვნო, ემოციურად მოსაგონარი, მაგრამ მაინც წარსული.
იზმირში ჯგუფური ეტაპი ვნახე. ყველაზე ევროპული თურქული ქალაქი ამ მოვლენით, ანუ ქალაქში ფერნანდესების და დიაოების ჩასვლით ისევე იყო დაინტერესებული, როგორც ქართველი მწვრთნელების უმრავლესობა ბოლო საკალათბურთო ნოვაციებით. იზმირში ორივე სანაპიროზე, ამ ტურნირის მიმდინარეობის ამსახველი რამდენიმე პოსტერი ეკიდა და დარბაზიც თითქმის არ გავსებულა. ყველაზე დიდი აუდიტორია ლიტვის თამაშების დროს იკრიბებოდა და შვიდასამდე ყვითელ-მწვანე ფანი ემოციისგან იცლებოდა, ლინას კლეიზა ამას მოედანზე აკეთებდა და ლიტვის ბოსი, კესტუტის კემზურა ბოლო წამებზეც დაძაბული იყო.
ტურნირის შეჯამება თან იოლია და თან – რთული. სათქმელი ბევრია და მაინც ესპანეთით დავიწყებ.
ბოლო ევრობასკეტი მახსენდება. ყოველი ესპანური გაუგებრობის, პო გასოლის ნაკრების კიდევ ერთი მძიმე და უინიციატივო მაზოხიზმის მერე მქონდა იმედი, რომ აი, ცოტაც და გუნდი მოუმატებს, ესპანურად ითამაშებს. ანუ შეასრულებს. ანუ მოიგებს და საკალათბურთო სიამოვნებას გაგიხანგრძლივებს. მაშინ კმაყოფილების ეს დოზა გასავარდნი ეტაპიდან მივიღეთ. დასვენებულმა და უკვე ბოლომდე მოტივირებულმა ესპანეთმა აიწყვიტა, აქეთ-იქით ყველა მიანგრია და ფინალში სერბეთს 85:63 მოუგო. პო იყო ის, რაც თურქეთში ერთი ამერიკელი ღლაპი გახდა. გასოლმა რამდენიმე VS-ში მარტომ ათრია მთელი გუნდი და ტურნირის MVP გახდა.
თურქეთში სერჟიო სკარიოლოს ის, კარგი გასოლი აღარ ჰყოლია. ჩავიდა პოს ძმა, მარკი. პო მოგვიანებით, სტამბოლში ჩაისეირნებს, ესპანეთ-სერბეთს დაესწრება და ცუდ ხასიათზე დატოვებს დარბაზს. ულამაზეს და გიგანტურ დარბაზს, რომლის რეკონსტრუქციაც დაახლოებით 3 მილიონი ევრო დაჯდა. რეკონსტრუქცია დასჭირდება ესპანეთის ნაკრებსაც. ის რესურსი, რომლითაც გუნდი ბოლო ყველა საერთაშორისო ტურნირზე ლაღად, მართლა დასამახსოვრებლად თამაშობდა, ამოიწურა. ახალ გენერაციაში კი არ ჩანან გარბახოსები, ნავაროები, რეიესები, კალდერონები. ნაკრების მომავალი რუდი ფერნანდესი, რიკი რუბიო და კიდევ რამდენიმე ნიჭიერი, მაგრამ უკვე ფულზე შეყვარებული სუბიექტია. სხვა ინტერესებით მიდიან დიდ კალათბურთში და ეს ინტერესები ყოველთვის ძალიან შორს იყო იმ დიდი ხალხისგან, ვინც ჩამოვთვალეთ. ნავარომ ვაშინგტონში 5 მილიონის და მეტის აღების პერსპექტივას ბარსაში დაბრუნება და ნაკლები ანაზღაურებით თამაში ამჯობინა. და ეს პატარა, დიდი კაცი ამერიკულ ლიგაში ნაღდად არ ყოფილა ბალასტი (საშუალოდ თითქმის 11 ქულა).
პოს სანაკრებო მომავალი უფრო ლეიკერსზეა დამოკიდებული. კალიფორნიაში ესპანელი უკვე თითქმის შაკია, კობისაც დაუძმაკაცდა და ბოლო სუპერსერიაში უფრო პო იყო კობი, ვიდრე თვითონ ბრაიანტი. სეზონში 100-ზე მეტი მატჩის ჩატარება რთული და დამღლელია. თან, ესპანეთის კალათბურთის ფედერაციას ლეიკერსისთვის გადასახდელი სადაზღვევო თანხაც (4 მილიონ დოლარზე მეტი) ემეტა.
ესპანეთს ლიტვაშიც ფავორიტი გუნდი ეყოლება და ესპანეთზე ფავორიტი და ტოტალიზატორების საყვარელი სუბიექტი ლიტვა იქნება. კლეიზას, მანტას კალნიეტისის, რობერტას იავტოკასის და ლიტველების ლიტვა.
კემზურა დიდი მწვრთნელია. იმდენად ავტორიტეტული, რომ კლეიზაც მორიდებულად ხრის თავს, როდესაც წუთშესვენებისას ეს კაცი სასქემო დაფას ლამის თავზე ამტვრევს. იზმირში საკალაის ულტრასები გავიცანით. მთელი ნაკრები მოკლედ დაგვიხასიათეს, ანუ იავტოკასი კაცია, სეიბუტისი ჩვენი ძმაკაცი, კალნიეტისი ძველი ბიჭი და „სვოი ტიპი”, პოჩუსი უფრო მეტ დროს ქალებთან ატარებს, ვიდრე ვარჯიშებზე (და მაინც სერიოზული მოთამაშეა), იასიკიავიჩუსი გენიოსი და ნევროზიანი მილიონერია (რომელიც თურქეთში არ ყოფილა და ლიტვაში იქნება). და კლეიზა. გაპიარებული, ნიჭიერი, ბრექი პერსონა, რომელიც მაჩიულისს სოფლელს ეძახის, იავტოკასის კაპიტნობა და ავტორიტეტი მისთვის მიუღებელია და ნაკრები უყვარს. მართლა უყვარს. როდესაც ლიტვამ ამერიკასთან წააგო, ლინასი იქვე, შერეული ზონის კიდესთან იდგა და ტიროდა. მერე ბოდიში მოიხადა, იქნებ ჩემ მაგივრად სხვა ვინმეს გაესაუბროთო. კლეიზას არც ემოცია დაუმალავს და ისიც თქვა, დღეს ლიტვა მარტო მე დავაღალატე და ქალაჩუნასავით დავრბოდიო. უფრო მძიმედ დაახასიათა საკუთარი თავი, მაგრამ შინაარსი თითქმის იგივე იყო.
ლიტვის ამ გენერაციამ მაქსიმუმი გააკეთა და მაგრად მეეჭვება, ნახევარფინალში თუნდაც თურქეთს რომ შეხვედროდა, მოეგო. მესამე ადგილი კემზურას ნაკრებისთვის ზედგამოჭრილია და კლეიზაც დამსახურებულად შევიდა მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურ ხუთეულში, სადაც მის გარდა მილოშ ტეოდოშიჩი, ჰედო თურქოღლუ, კევინ დიურანი და ლუის სკოლა მოხვდნენ. ლინასი, რომელიც ოლიმპიაკოსიდან ტორონტოში გადავიდა, ამერიკაში სამ ნომერს თამაშობს და მსოფლიოზე მძიმე ფორვარდად იდგა. კემზურამ ყველაფერი იდეალურად გათვალა.
ტურნირს რამდენიმე აღმოჩენა ჰყავდა. ახალი ზელანდია მთლიანად კირკ პენისთან ასოცირდებოდა და ლოგიკურიც იყო. პენი დიდი მოთამაშე, არაჩვეულებრივი პიროვნება და ხაკას ყველაზე ეფექტურად შემსრულებელია. იქვე იყო პერო კამერონი. ასტრიდ ლინდგრენის ერთი მფრინავი, საყვარელი კაცის აბორიგენი პროტოტიპი, ბოლო 8 წელია, ნაკრების კაპიტანი იყო და თურქეთში ეს კარიერა დაასრულა. და იყო 22 წლის ტომას აბერკრომბი. 198 სანტიმეტრი, ძალიან კარგი საშუალო სროლა, ნორმალური პასი და ლტოლვა. ტომასმა ტურნირი საშუალოდ 12.7 ქულით და 6.8 მოხსნით დაასრულა. მომენტებში პენისაც უკანა პლანზე წევდა, კამერონსაც იქვე აჩოჩებდა და ტურნირის ყველაზე ეფექტური სლემიც ამ ზელანდიელი სკოტი პიპენის იყო. შეტევაში აბერკრომბიმ 18 მოხსნა გააკეთა. ანუ, თავის ნაკრებში ყველაზე მეტი და ამ მაჩვენებლით ტურნირის პირველ ათეულშიც მოხვდა.
რუსებს ჰყავთ დევიდ ბლატი და იმ ნაგვისგან, რაც სლავებმა თურქეთში ჩაიყვანეს, ამ გენიალურმა მწვრთნელმა მაინც კარგი, მებრძოლი გუნდი შეაკოწიწა. ანდრეი კირილენკოს, ვიქტორ ხრიაპას, კელი მაკკარტის და ჯეი არ ჰოლდენის გარეშე რუსებმა ამერიკასთან მეოთხედფინალამდე მარტო თურქეთთან წააგეს. ამერიკასაც ბოლომდე შეაკლეს თავი და მარტო 10 ქულა დათმეს. გაიბრწყინა რუსების ფორვარდმა ანდრეი ვორონცევიჩმა.
ცსკა-ს მილიტარისტულ გუნდში ეს ბიჭი უფრო სხვას ასვენებს, ვიდრე თამაშობს და ჩემპიონატზე ორივეს მშვენივრად, ძალიან მაღალ დონეზე აკეთებდა. ზელანდიასთან კამერონს ცოტა უხერხულად მოექცა, პენის გენიტალიებში ბურთი გაარტყა, აბერკრომბის რუსულად მიაგინა და მერე ეგრევე გადაუთარგმნა ყველაფერი. პარალელურად, 18 ქულა და 11 მოხსნა გააკეთა, ამერიკასთან კი 14 ქულა, 12 მოხსნა, 3 პასი და მარჯვენა კოჭის სერიოზული ტრავმა დაირტყა. ვორონცევიჩი იგივე კირილენკოა, ოღონდ ჯერ იუტას ფორვარდივით ვერ დაფრინავს.
ბევრი დაიწერა და უფრო მეტი დაიწერება კევინ დიურანზე. ულებრონოდ, დაღლილი კობის და სამწამიანში ჰოვარდის და ბოშის გარეშე, ამერიკა მთელი ტურნირი დიურანი იყო. სტატისტიკა მეორეხარისხოვანია და ოკლაჰომას ახალგაზრდა ფორვარდმა გააკეთა ის, რასაც იგივე ბრაიანტი ლეიკერსში, ტიმ დანკანი სან ანტონიოში, დირკ ნოვიცკი გერმანიის ნაკრებში, მანუ ჯინობილი კი ყველგან აკეთებს. დიურანი იყო ლიდერი, ყველაზე სასარგებლო და სახიფათო მოთამაშე, არაჩვეულებრივი რესპონდენტი და ამერიკის „ოცნების” გუნდის მთავარი საოცნებო პერსონაჟი.
სტამბოლში თურქეთის თამაშის ნახვა ლამაზი, დამღლელი და აუცილებელი იყო. თურქეთი მოედანზე ღიმილით გადიოდა, მერე ცოტა მოუქნელად ჩააგდებდა პირველ 3-4 სამიანს, ცოტა მსაჯებიც იცელქებდნენ და ჰედოს გუნდი ფინალში გავიდა. 2001-ში უფრო მსაჯებმა მოინდომეს, ვიდრე თურქებმა, 9 წლის შემდეგ კი ნაკრებმა ისევ ფინალი რომ ითამაშა, მსაჯებზე წონადი ჰედოს და დანარჩენი ლომების დამსახურება იყო. და თურქი ფანები... აუცილებლად უნდა გამოვიდეს გულშემატკივრებისთვის სპეციალური, არალიმიტირებული ტირაჟის DVD, სადაც თურქი გულშემატკივრის სწორ, ეფექტურ და საკუთარი ნაკრებისთვის ზუსტ სამიანებზე აუცილებელ ქცევას ვნახავთ. და ეს დისკი თბილისშიც უნდა იყიდებოდეს. სპორტის სასახლეში მისულ ქართველს „საქართველო”-ს დაძახება რომ არ ეუხერხულოს და ტალღის გაკეთების დროს რომ არ წაიქცეს. და ჰიმნის შესრულებისას მესიჯს რომ არ გზავნიდეს და უაზროდ, ტექსტის უცოდინარმა, ტუჩები რომ არ ამოძრაოს.
უფრო შორს უნდა გასულიყო ბრაზილიაც. უბრალოდ, რუბენ მანიანოს თავიდან არ ჰყავდა ანდერსონ ვარეჟაო და მაქსიმალურად იტვირთებოდა ტიაგო სპლიტერი. მერე, როცა კლივლენდის ცენტრმა ზურგის ტრავმა მოირჩინა, არგენტინასთან ბრაზილიის არგენტინელმა მწვრთნელმა ჯერ ანდერსონი დააყენა, მერე სპლიტერი ორი წუთით შეაგდო სკოლასთან სარესტლინგოდ და მერე სულ დაიბნა. ბრაზილიაც დაბნეული იყო საფინალო სასტვენის მერე. მიხვდა რომ წააგო და ვერ მიხვდა – როგორ.
ფიბამ თურქულ ჩემპიონატს მაღალი შეფასება მისცა. დარბაზის გარეთ სრული ქაოსი და დილეტანტიზმი და დარბაზში სამოთხე. დარბაზის გარეთ თურქეთი და დარბაზში დიდი კალათბურთი. დიურანის, სკოლას, პენის, კლეიზას, ჰედოს კალათბურთი.
ლიტვაში უკეთესი უნდა იყოს. იქ საქართველოს ნაკრებიც ითამაშებს!  

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები