მიპატიჟება ჩაის წვეულებაზე

ჩაის წვეულების მონაწილეები
 ნოემბერი
“გახსოვდეს ნოემბერში” (Remember in November) 2010 წლის 12 სექტემბერს კოლუმბიის ოლქსა და ათობით შტატში გამართული ჩაის წვეულებების მთავარი თემა იყო.
ნოემბერში შუალედური არჩევნები გაიმართება.
ამომრჩეველს უნდა ახსოვდეს, რომ კონსტიტუცია დასაცავია, ბიუჯეტი დასაბალანსებელი, ქვეყანა კი მემარცხენეების სოციალისტური იდეებისგან დასახსნელი. ყოველ შემთხვევაში, ასე ფიქრობს დღეს შეერთებული შტატების ყველაზე მძლავრი სახალხო მოძრაობა Tea Party.
ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მემარცხენე მეინსტრიმისთვის ჩაის წვეულება უკიდურესად მარგინალური, უიმედოდ ლოკალური და ზედმეტად კონსერვატიული იყო.
კონსერვატორებს 2006-2008 წლების სამარცხვინო მარცხის შემდეგ ახალი სისხლი და ახალი იდეები სჭირდებოდათ.
იმედი, რომ დიახ, ახლა მემარჯვენეებიც შეძლებენ, კონსერვატიული მედიის წიაღში დაიბადა.
დღეს გუგლის საძიებო სისტემა დაახლოებით 14-16 წამში ჩაის წვეულების ხსენებით 291,000,000 გვერდს პოულობს: ახალი ამბები თუ ბლოგერების სიმულტანური დაკვირვებები, ღრმა თუ ზედაპირული კვლევები, წიგნები, მანიფესტები, ზღვა ინფორმაცია მათთვის, ვისაც ჩაის მოძრაობის ფენომენი აინტერესებს.

დაბადება
2009 წლის 19 თებერვალს, დილის 7 საათსა და 10 წუთზე, ჩიკაგოს სასაქონლო ბირჟიდან CNBC-ს პირდაპირ ეთერში, ჟურნალისტმა რიკ სანტელიმ პრეზიდენტ ობამას მიერ წინა დღით გაცხადებული სახლის მესაკუთრეთა დაცვის ახალი პროგრამა („Homeowner Affordability and Stability Plan”) ემოციურად გააკრიტიკა. ყოფილი წარმატებული ბიზნესმენი, რომელმაც თანაბარ წარმატებას ტელეინდუსტრიაშიც მიაღწია, უფრო მორალზე საუბრობდა, ვიდრე ბაზარსა და ეკონომიკურ პოლიტიკაზე. მისი აზრით, ობამას ეკონომიკური პროგრამები წარუმატებელი ადამიანების უპასუხისმგებლო ქცევის წახალისების მეტს არაფერს მოიტანდა. უპასუხისმგებლოები წესიერი გადასახადის გადამხდელების ხარჯზე უნდა გადარჩენილიყვნენ.
“დამფუძნებელი მამები, ჯეფერსონი და ფრანკლინი საფლავში ტრიალებენ იმის გამო, რასაც ამ ქვეყანას ვუკეთებთ”, თქვა სანტელიმ და ყველა კაპიტალისტი, ვისაც მთავრობის ეკონომიკური გადაწყვეტილებები ყელში ამოუვიდა, ჩიკაგოს ჩაის წვეულებაზე მიიპატიჟა. სანტელის მიპატიჟება მხოლოდ იუტუბზე მილიონ ორასიათასმა “კაპიტალისტმა” ნახა. რიკ სანტელი უნებლიეთ თანამედროვე ჩაის წვეულების ერთ-ერთი დამფუძნებელი მამა გახდა.
ამ ამბიდან ერთი კვირით ადრე სახალხო საპროტესტო მოძრაობის აუცილებლობაზე კონსერვატორი ბლოგერი კელი კარენდერი, იგივე “თავისუფლების მშვენება” (liberty belle) საუბრობდა. “მელოდრამატული მემარცხენეებისგან განსხვავებით, მე არ მსურს რომ დამიჭირონ, მაგრამ მე, მათ მსგავსად, ხმამაღლა და სიძულვილით გამოვხატავ პროტესტს მათსავე წინააღმდეგ”, დაწერა კარენდერმა, მეტაფორის შერჩევისას კი შეცდა. მან “პორკულუსის” პროტესტის ორგანიზება სცადა. ღორის (porky, piggy, porker) და სტიმულუსის კომპოზიტი, რომელსაც პოპულარულ კონსერვატორ რადიოწამყვანს, რაშ ლიმბოს დაესესხა, წარუმატებელი ნეოლინგვა აღმოჩნდა ახალი მოძრაობის დასაწყებად.
თითქმის ერთი თვის შემდეგ, 13 მარტს, ყოფილი ალკოჰოლიკი, ხშირად რეაქციული და ყოველთვის მოულოდნელი გლენ ბეკი, FOX-ის ეთერში სპეციალური გამოშვებით გავიდა. “ჩვენ ისინი ალყაში გვყავს” – ერქვა ბეკის შოუს. “ჩვენ” ხალხს და “ისინი” ხელისუფლებას ნიშნავდა. მან მაყურებლებს ფოტოების გამოგზავნა სთხოვა. უამრავი ავტოპორტრეტი მოუვიდა. ფოტოები გამოფინა. მაყურებელს ხელისუფლებაზე გაბრაზებულთა სიმრავლე აჩვენა და მოუწოდა, 12 სექტემბერს გადასახადების გადამხდელთა მარში მოეწყოთ ვაშინგტონში.
ამ დღეს დაიწყო პროექტი 9/12 და დაიბადა გლენ ბეკი, როგორც ჩაის წვეულების სულიერი მამა.
12 სექტემბერი უდავოდ წარმატებული მეტაფორა იყო: დღე, როდესაც 2001 წელს ამერიკა, განურჩევლად პოლიტიკური სიმპათიებისა, რევანშისა და გამარჯვებისთვის გაერთიანდა.
2009 წლის 12 სექტემბერს 9/12-ის მარშის ათასობით მონაწილემ გაიარა პენსილვანიის გამზირი კაპიტოლიუმის ბორცვიდან თეთრ სახლამდე. ყველაზე უწყინარ საპროტესტო ბანერებზე სიტყვებითა და იდეებით თამაშს ამოიკითხავდით:
“1984 არ არის ინსტრუქცია”; “ზოოპარკში ჰყავთ აფრიკული ლომი და თეთრ სახლში – მატყუარა აფრიკელი”.

ფენომენი
სექტემბრის მარშამდე პირველი ჩაის წვეულებები გაზაფხულზე გაიმართა: 2009 წლის 15 აპრილს, გადასახადების გადახდის ტრადიციულად ბოლო დღეს, სხვადასხვა შტატში ათასობით ადამიანი ობამას ადმინისტრაციის საგადასახადო და ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოვიდა.
მემარცხენე მედიამ აპრილში დაწყებული აქციები ზერელედ გააშუქა. მემარცხენე ექსპერტები და ტელეწამყვანები ქილიკობდნენ. ამბობდნენ, რომ არ ესმოდათ წვეულებათა მიზანი: “რთულია ილაპარაკო, როდესაც ჩაით გაქვს პირი სავსე” („It’s Hard to Talk When You’re Tea-Bagging”), ამბობდნენ ისინი. („Tea-begging” ამერიკული ურბანული ლექსიკონის მიხედვით სექსუალურ პარტნიორებს შორის ისეთი პოზაა, როდესაც ერთ-ერთის გენიტალიები მეორეს აქვს პირში). დებატები მედიაში ვულგარულ ელფერს იძენდა. შედარებით აკადემიურ დისკუსიებში დემოკრატები რესპუბლიკელებს აქციების ორგანიზების ნაცვლად ალტერნატიული ეკონომიკური პროგრამების წარმოდგენას ურჩევდნენ.
დემოკრატები ამ დებატებში, სულ მცირე, ერთ დიდ შეცდომას უშვებდნენ: აპრილის ჩაის წვეულების აქციებთან რეპუბლიკელებს, განსაკუთრებით კი კონგრესის რესპუბლიკელებს, საერთო იმდენი ჰქონდათ, რაც 1773 წელს ბოსტონის პორტში ჩაის მასობრივ ჩაყრასთან.
21-ე საუკუნის ჩაის წვეულება ომის შემდგომი ამერიკის ორი სიმბოლოს, დეტროიტის და უოლ სტრიტის, დაცემამ, 10 პროცენტს გადაცილებულმა უმუშევრობამ, სახელმწიფოს მრავალმილიარდიანმა ჩარევამ ეკონომიკაში და მემარცხენე სოციალურ-პოლიტიკურმა რეფორმებმა გამოიწვია.
ორ საპირისპირო ინსტინქტს, რეაქციასა და რეფორმას შორის მოქცეული ჩაის წვეულება დღეს ერთგვარი გიგანტური ქოლგაა, რომელიც უამრავ მოძრაობას აერთიანებს: ლიბერტარიანელი რონ პოლის მიმდევრებსა და რელიგიურ კონსერვატორებს, “ჩაის წვეულების პატრიოტებსა” და დიკ არმის თავისუფლების მუშაკებს, Birther-ებს და Bircher-ებს, კონსტიტუციის დამცველებსა და კონსტიტუციური რეფორმის მომხრეებს, რეიგანის დემოკრატების და პეროტისტების თანამედროვე ვინტეჯს... და ყველა სხვას, ვისაც სჯერა, რომ ქვეყანა არასწორი გზით ვითარდება, ისტებლიშმენტი კანონებს საკუთარ კეთილდღეობას არგებს, გადარჩენის გზა კი ფისკალური პასუხისმგებლობა, ინდივიდუალური ინიციატივა, თვითდისციპლინა და საბაზრო კონკურენციაა.


რონ პოლი – ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, აშშ-ს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი 2008 წლის არჩევნებში.

რელიგიური კონსერვატორები – მემარჯვენე ქრისტიანთა ჯგუფი, რომელიც ცდილობს რელიგიური სწავლებისა და წესების პოლიტიკაში ჩანერგვას.

“ჩაის წვეულების პატრიოტები” – ჩაის წვეულების ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაცია.

დიკ არმი – პოლიტიკოსი, წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობის ლიდერი 1995-2003 წლებში, “ჩაის წვეულების მანიფესტის” თანაავტორი, ორგანიზაცია Freedom works-ის თავმჯდომარე.

Birther-ები – ადამიანები, რომელთაც სჯერათ, რომ ამერიკის პრეზიდენტი ინდონეზიაში დაიბადა და ამერიკის მოქალაქე არ არის.

Bircher-ები – ულტრამემარჯვენე ანტიკომუნისტური მოძრაობა “ჯონ ბირჩის საზოგადოების” მიმდევრები. საზოგადოება 1958 წელს ჩამოყალიბდა. ჯონ ბირჩი ბაპტისტი მისიონერი იყო, რომელიც 1945 წელს ჩინეთში კომუნისტებმა მოკლეს.

რეიგანის დემოკრატები – ამერიკული პოლიტიკური ტერმინია და ასახავს ტრადიციულად დემოკრატულ ამომრჩეველს ჩრდილოეთის შტატებიდან, რომლებმაც 1980 და 1984 წლების საპრეზიდენტო არჩევნებში ხმა რესპუბლიკელ კანდიდატს, რონალდ რეიგანს მისცეს.

პეროტისტები – ამერიკელი ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, 1992 და 1996 წლების პრეზიდენტობის პოპულისტი კანდიდატის, როს პეროს მიმდევრები.




 

კომენტარები