არის კოსოვო!.. შემდეგი?..

0 კომენტარი

სასამართლო განხილვა
მოსმენა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოში, როგორც აღვნიშნეთ, დაიწყო 2009 წლის 1 და დასრულდა 11 დეკემბერს. ათი დღის განმავლობაში დებატებში გამომსვლელ სახელმწიფოთა რაოდენობა იყო 30. სერბეთისა და კოსოვოს წარმომადგენელთა გამოსვლის (3-3 საათი) შემდეგ საკუთარი მოსაზრებები სასამართლოს წარუდგინეს (45-45-წუთიანი მიმართვებით) როგორც კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდამჭერმა, ისე იმ ქვეყნების წარმომადგენლებმა, რომელთაც არ ცნეს სეპარატისტული სერბული მხარე ცალკე სახელმწიფოდ. გამომსვლელთა ტექსტების შინაარსი, ICJ-ს რეგლამენტის თანახმად, განხილვის ეტაპზე კონფიდენციალური იყო (პრეს-რელიზი, #2009/17).
მრავალთვიანი განხილვის შემდეგ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს საინფორმაციო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სასამართლო ვერდიქტს შესახებ იმისა – „შეესაბამებოდა თუ არა საერთაშორისო სამართალს კოსოვოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ ცალმხრივად გამოცხადებული დამოუკიდებლობის დეკლარაცია” – გამოაქვეყნებდა 2010 წლის 22 ივლისს (ინფორმაციის დეპარტამენტის არაოფიციალური განცხადება, 2010 წლის 15 ივლისი).

განმარტებები
სასამართლოს დასკვნა მრავალი განმარტების საშუალებას იძლევა, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმეს შევეხები:
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს უნდა მიეღო სარეკომენდაციო გადაწყვეტილება სტატუტის შესაბამისად (პრეამბულა) და მისთვის დამოუკიდებლობის გამოცხადების შედეგების შეფასება ან კოსოვოს მხარის მიერ სახელმწიფოებრიობის მიღწევის დადასტურება ან კოსოვოს დამოუკიდებლობის ამღიარებელი სახელმწიფოების ქმედების სამართლებრივი მხარის განხილვა (პუნქტი 51) არ მოუთხოვიათ; ICJ საქმის განხილვის დროს შემოიფარგლა საერთაშორისო კანონებით და მიუხედავად საკითხის პოლიტიკური ასპექტებისა, მთავარი იყო მისი იურიდიული ხასიათი და სასამართლოზე გავლენა არ მოუხდენია პოლიტიკურ მოტივებს თუ პოლიტიკურ შედეგებს, რასაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს მომავალში (პრეამბულა და პუნქტი 27); სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვა საერთაშორისო ურთიერთობის სფეროს განეკუთვნება (პრეამბულა); კოსოვოს დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადებით მისი ავტორები გამოდიოდნენ არა როგორც მხარის თვითმმართველობის დროებითი ორგანოები, არამედ მათ აიღეს ვალდებულებები საერთაშორისო საზოგადოებისა და საერთაშორისო სამართლის წინაშე (პრეამბულა); ICJ-ს გააჩნდა უფლებამოსილება გამოეტანა გადაწყვეტილება იმისდა მიუხედავად, თუ როგორ აფასებდა დამოუკიდებლობის ცალმხრივ აქტს სერბეთის შიდასამართლის სისტემა (პუნქტი 26); ICJ-ს გააჩნდა უფლებამოსილება არ გამოეტანა გადაწყვეტილება გენერალური ასამბლეის მიმართვასთან დაკავშირებით (პუნქტი 29), თუმცა მან იგი მიიღო „მშვიდობისა და უსაფრთხოების” აღდგენის მიზნით, „მშვიდობის ხელყოფისა და მისი დარღვევის” თავიდან ასაცილებლად, „აგრესიის აქტების” დაუშვებლობიდან გამომდინარე (პუნქტი 42); ICJ-ს არ განუხილავს კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების ავკარგიანობისა და, რაც მთავარია, იმ სუბიექტების უფლების საკითხი, რომლებიც სახლობენ ამა თუ იმ სახელმწიფოების ტერიტორიაზე, ცალმხრივად გამოეყონ ამ სახელმწიფოებს (პუნქტი 56); ყოველ კონკრეტულ ვითარებაში მცირერიცხოვანი ერების მიერ ერთა თვითგამორკვევის უფლების გამოყენება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მისი გამოყენების აუცილებლობას (იქვე); კოსოვოს პრობლემის განხილვისა და მისი გადაწყვეტის მთელ პროცესში, გაეროს უშიშროების საბჭოს არ მიუღია არც ერთი რეზოლუცია, სადაც იყო მინიშნებაც კი კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტის მიღების აკრძალვის თაობაზე – არ იყო მოხმობილი მხარის სერბეთის შემადგენლობაში ყოფნის იმპერატიული ნორმა, განსხვავებით ჩრდილოეთ კვიროსის თურქული რესპუბლიკის სტატუსთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციისგან (პუნქტები 114 და 118); ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს არ უცვნია (!!!) კოსოვოს დამოუკიდებლობა, რადგან ამგვარი აქტის მიღება სცდება ჰააგის სასამართლოს კომპეტენციას.

განჩინება
ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ 2010 წლის 22 ივლისს გამოიტანა გადაწყვეტილება:
„სასამართლომ დაასკვნა… 2008 წლის 17 თებერვლის დამოუკიდებლობის დეკლარაცია… არ არღვევს საერთაშორისო სამართლის მოქმედ ნორმებს” (IV. საბოლოო დასკვნა, მუხლი 122). ამ მუხლში მოყვანილი გადაწყვეტილებები (კონსტიტუციური წესრიგის დარღვევის საკითხი, გაეროს უშიშროების საბჭოს 1244-1999 რეზოლუციასთან კოსოვოს თვითმმართველი ორგანოების მიერ გამოცხადებული დამოუკიდებლობის აქტის შესაბამისობა) ასევე ხსენებული აქტის სასარგებლოდ იქნა გამოტანილი. სასამართლოს მიერ გამოტანილ დასკვნას ერთვოდა ცალკეულ მოსამართლეთა განსაკუთრებულ მოსაზრებათა ნუსხა და პირველი მათ შორის იყო ICJ-ს ვიცე-თავმჯდომარის, სლოვაკი მოსამართლის, პეტერ ტომკას შენიშვნა სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ საკონსულტაციო ძალმოსილების შესახებ (დასკვნითი ნაწილი).

შეფასებები
პოლიტიკოსების, სხვადასხვა ეთნო-პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლების, ექსპერტების გამოხმაურებათაგან გამოვყოფ ერთს. არსებობს ასეთი ორგანიზაცია – ევროპის თავისუფალი ალიანსი (European Free Alliance). მასში გაერთიანებული არიან პარტიები, რომელთაც სურთ საკუთარი რეგიონების თავისუფლება იმ სახელმწიფოთაგან, რომელთა შემადგენლობაშიც ისინი იმყოფებიან. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კოსოვოს შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ალიანსის პრეზიდენტმა ერიკ დეფორტმა განაცხადა: „კოსოვოს დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებიან ის ქვეყნები, რომლებიც უფრთხიან მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ უმცირესობათა მისწრაფებებსა და თავისუფლებისკენ ლტოლვას. დარწმუნებულნი ვართ, რომ ზოგიერთი ამ სახელმწიფოთაგან ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას, რითაც მათი დამოკიდებულება გახდება ღია, მოქნილი და კონსტრუქციული, როდესაც საუბარი ეხება მათ საზღვრებში მცხოვრებ უმცირესობათა მისწრაფებებსა და უფლებებს”.
ცხადი უნდა იყოს – აფხაზეთის და ირონ-ქართლის (თვითწოდებით სამხრეთ ოსეთის) პრობლემა არცთუ ისე იოლად მოსაგვარებელი იქნება, თუკი ძალზე რთული არა. ბევრწილად ეს ეხება აფხაზეთს, რომელიც არის წარმომადგენლობის არმქონე ერებისა და ხალხების ორგანიზაციის (UNPO – Unrepresented Nations and Peoples Organization) წევრი 1991 წლის 6 აგვისტოდან.

კანადის კვებეკი და მისი ფენომენი
კანადის პროვინცია კვებეკში თვითგამორკვევის პროცესს 1968 წლიდან სათავეში კვებეკის პარტია ჩაუდგა. იგი ორჯერ იყო პროვინციის ხელისუფლებაში – 1976-1985 და 1995-2003 წლებში. ამ პერიოდებს ემთხვევა ორი რეფერენდუმი, რომელიც კანადის ამ ფრანგულ პროვინციაში ჩატარდა: 1980 წელს (20 აგვისტო) გამოკითხულთა 40%-მა მხარი კვებეკის დამოუკიდებლობას დაუჭირა, მეორე – 1995 წლის (30 ოქტომბერი) რეფერენდუმის დროს მხარდამჭერთა რიცხვი 49,2% იყო.
1980 და 1995 წლების რეფერენდუმების შემდეგ, 1998 წელს (20 ივლისი, 2 S.C.R 217) კანადის უზენაეს სასამართლოში შედგა კანადის შემადგენლობიდან პროვინცია კვებეკის შესაძლო გასვლის საკითხის (ამ პრობლემას ჰააგის სასამართლოც შეეხო – პუნქტი 53) ხელახალი განხილვა (სასამართლო დაუბრუნდა კანადის პარლამენტის 1996 წლის 30 სექტემბრის დეკრეტს კვებეკის პროვინციასთან დაკავშირებით – 1996-1497).
ხანგრძლივი მოსმენების შემდეგ (1998 წლის 16, 17, 18, 19 თებერვალი), რომელიც წინ უძღოდა სასამართლოს ბოლო სხდომას, კანადის უზენაესმა სასამართლომ განიხილა (განჩინება. თავი III. განსახილველი საკითხები): ა) აქვს თუ არა უფლება პროვინცია კვებეკის ეროვნულ ასამბლეას, კანონმდებლობას ან მთავრობას, კანადის კონსტიტუციის გვერდის ავლით, ცალმხრივად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა?; ბ) აქვს თუ არა უფლება პროვინცია კვებეკის ეროვნულ ასამბლეას, კანონმდებლობას ან მთავრობას, საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში, ცალმხრივად გამოაცხადოს დამოუკიდებლობა?; გ) პროვინცია კვებეკის ეროვნული ასამბლეის, კანონმდებლობის ან მთავრობის მიერ კანადის შემადგენლობიდან კვებეკის პროვინციის გასვლის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, რომელს მიენიჭება უპირატესობა, საერთაშორისო და კანადის სახელმწიფოს სამართალს თუ კვებეკის კანონმდებლობას?.
მკითხველს გავაცნობ რამდენიმე მოსაზრებას, გამოთქმულს კანადის უზენაესი სასამართლოს დასკვნაში (2 S.C.R. 217).

ა. კანადის სახელმწიფო და სეცესია
(პუნქტები 83-108)
კანადის უზენაეს სასამართლოს მიაჩნია: კონსტიტუცია გამოხატავს კანადელი ხალხის სუვერენიტეტს; სეცესია წარმოადგენს სახელმწიფოს ან ხალხის ნაწილის მისწრაფებას, შექმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო „დედა-სახელმწიფოსგან” გაყოფით; კანადის კონსტიტუცია არ უშვებს სეცესიას, მაგრამ არც კრძალავს მას; კანადის კონსტიტუცია ასევე არ ითვალისწინებს რეფერენდუმს, როგორც კვებეკის პროვინციის გამოყოფის სამართლებრივ საფუძველს; პროვინციის დამოუკიდებლობის მიღწევის გზა, რომელიც პატივს სცემს სახალხო სუვერენიტეტის პრინციპს, უნდა ითვალისწინებდეს კანადის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას და მოლაპარაკებების გამართვას როგორც ფედერალურ, ისე სხვა პროვინციების ხელისუფლებებთან; პრობლემის გადაჭრა მხოლოდ ამ მექანიზმით არის შესაძლებელი და არა დამოუკიდებლობის „ცალმხრივად გამოცხადებით” ან მეთოდებით, რომელიც არ ითვალისწინებს პოლიტიკურ მოლაპარაკებებს, როგორც კვებეკის დამოუკიდებლობის გამოცხადების ერთადერთ შესაძლებელ პირობას.

ბ. სეცესიის მართლზომიერების საკითხები
(პუნქტები 109-146)
კანადის უზენაესი სასამართლო განმარტავს: საერთაშორისო სამართალი არ უშვებს, მაგრამ ამავე დროს არ კრძალავს პოლიტიკური სუბიექტის ან მისი ხალხის ცალმხრივ გამოყოფას „დედა-სამშობლოსგან”; თვითგამორკვევა ყველა ერის უფლებას წარმოადგენს, რადგან მხოლოდ იგი, თავისუფლად და გარედან ჩაურევლად, განსაზღვრავს საკუთარ პოლიტიკურ სტატუსს, ეკონომიკური და სოციალური განვითარების გზებს; ეს უფლება არ განიმარტება, როგორც დაშვება ან წახალისება ნებისმიერი ქმედებებისა, რომელიც არღვევს ან ძირს უთხრის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს; არსებობს „შიდა და გარე” თვითგამორკვევა ანუ თვითგამორკვევა სახელმწიფოს ფარგლებში და მისგან სეცესიით (პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური, კულტურული მიზნების მიღწევა სახელმწიფოს ფარგლებში ან მის გარეთ); „გარე” თვითგამორკვევა ხორციელდება მხოლოდ მაშინ, თუკი ხალხს არ აქვს „შიდა” თვითგამორკვევის თავისუფლება – იმყოფება უცხოურ უღელქვეშ, განიცდის ჩაგვრას, მოკლებულია განვითარების ყოველგვარ საშუალებას, ექსპლუატირებულია, ცხოვრობს უცხოური სამხედრო ოკუპაციის ქვეშ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები