თხევადი გაზი შავ ზღვაში

 ბაქო, თბილისი და ბუქარესტი თხევადი ბუნებრივი გაზის საერთო პროექტზე (AGRI) შეთანხმდნენ. აზერბაიჯანული გაზი საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს მილსადენით მიაღწევს და იქ გათხევადდება, შემდეგ კი ტანკერებით რუმინეთში გადაზიდავენ. თხევადი მასის რეგაზიფიცირების შემდეგ, აირი რუმინეთის მილსადენების მეშვეობით ევროკავშირის ტერიტორიაზე გატარდება. ეს იქნება თხევადი გაზის შავ ზღვაში გავლის პირველი პრეცედენტი.
პროექტის განსახორციელებლად საჭიროა ორი ტერმინალის აშენება. აზერბაიჯანული გაზის გათხევადებისა და ექსპორტისთვის – საქართველოში, ხოლო ამ აირის იმპორტისა და რეგაზიფიცირებისთვის – რუმინეთში. შავი ზღვის სანაპიროზე ასეთი ტერმინალების ასაგებად საქართველოში – ყულევი და რუმინეთში – კონსტანტაა შერჩეული. ამასთან, თითქმის უკვე დასრულებულია რუმინეთ-უნგრეთის ურთიერთდამაკავშირებელი მილსადენი – Arad-Szeged, რომლის მეშვეობითაც აზერბაიჯანული გაზი ცენტრალურ ევროპამდე მიაღწევს.
წინასწარი გათვლებით, პროექტი 2-5 მილიარდი დოლარი დაჯდება. AGRI, სულ მცირე, 7 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაატარებს.
რუმინეთის პრეზიდენტი ტრაიან ბესესკუ შავ ზღვაში თხევადი გაზის ტრანსპორტირებას დიდი ხანია მხარს უჭერს. მას განსაკუთრებით იზიდავს საკუთარ მშობლიურ ქალაქ კონსტანტაში ტერმინალის აშენების პერსპექტივა. რუმინეთი ცდილობს, AGRI ევროკავშირის პრიორიტეტულ პროექტთა ნუსხაში მოხვდეს.
აზერბაიჯანისთვის ეს პროექტი გაზის ევროპაში ტრანსპორტირების დამატებითი შესაძლებლობაა. თხევადი გაზის პარალელურად, ბაქო კომპრესირებული ბუნებრივი გაზის პროექტზეც მუშაობს. შარშან აზერბაიჯანმა ხელშეკრულებები გააფორმა საქართველოსა და ბულგარეთთან. პროექტის კონფიგურაცია AGRI-სას ჰგავს იმ განსხვავებით, რომ კომპრესირებული გაზი ევროპამდე ბულგარეთის გავლით მიაღწევს.
საქართველო ერთნაირად უჭერს მხარს როგორც თხევადი, ისე კომპრესირებული აზერბაიჯანული გაზის ექსპორტს. თბილისი ამ პროექტებში ჩართულობით არა მხოლოდ ქვეყნის ეკონომიკურ მიმზიდველობასა და სანდოობას ზრდის. ამით საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ ევროკავშირისა და ევროატლანტიკური ინტერესიც ძლიერდება.

კომენტარები