რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტი ბრიტანეთში

რომის პაპი ბრიტანელ პოლიტიკოსებს ხვდება. ლონდონი
დიდ ბრიტანეთში რომის პაპის, ბენედიქტე მეთექვსმეტეს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტი 19 სექტემბერს, კარდინალ ნიუმანის ნეტარად შერაცხვით დასრულდა. ამ ქვეყნის ისტორიის მანძილზე რომის ეპისკოპოსის პირველ ოფიციალურ ვიზიტს გაერთიანებულ სამეფოში, თან ახლდა მოსახლეობის ნაწილის პროტესტი. ბრიტანელი საზოგადო მოღვაწეების ნაწილი მოითხოვდა, სახელმწიფო რანგში არ მიეღოთ ვატიკანის მეთაური. ამ მოსაზრებას მსგავსი ვიზიტისთვის საჭირო ხარჯების დაზოგვით ასაბუთებდნენ.
ბრიტანეთი ერთ-ერთია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც კათოლიკე სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამო დაზარალდა. სპეციალურ პრესკონფერენციაზე იოსებ რაცინგერმა განაცხადა, რომ სიხარულით აწარმოებს დიალოგს ანტიკათოლიციზმთან და ეკლესიიდან „მოღალატეების განსადევნად” ყველაფერს იღონებს.
„ვიყავი დარცხვენილი და შოკირებული, როცა პედოფილიის ფაქტების შესახებ შევიტყვე. ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო სასულიერო პირს ამ დონემდე გახრწნა”. მანვე დასძინა, რომ დაზარალებული ბავშვებისთვის ტკივილის შემსუბუქება, დამნაშავეების დასჯა და მომავალში მსგავსი ფაქტების თავიდან აცილება მისი პაპობის უმთავრესი ამოცანებია.
პაპმა არაერთხელ გამოიყენა სიტყვები – „საშიში ტენდენცია”, „რელიგიის მარგინალიზების მცდელობა”, „ათეისტური ექსტრემიზმი”. ეს აგრესიული სეკულარიზმის წინააღმდეგ მთელი მსოფლიოსთვის გაგზავნილი მესიჯებია და მისი გამონათქვამების ყველაზე იმპერატიულ რიგს განეკუთვნება.
ერთ დროს კათოლიკურ ბრიტანეთში, დღეს კათოლიკე მრევლის რაოდენობა 10%-ს არ აღემატება. 1534 წელს ინგლისის მეფე ჰენრი მერვემ კავშირი გაწყვიტა ვატიკანთან და ანგლიკანური ეკლესია შექმნა, რომელსაც დღემდე ბრიტანელი მონარქები მეთაურობენ. მეფის აღმზრდელი და მაშინდელი კანცლერი თომას მორი პაპის ერთგულებას შეეწირა. ბენედიქტეს არ დავიწყებია გაეხსენებინა თანამედროვე პოლიტიკოსებისთვის ამ პიროვნების ისტორიული მნიშვნელობა.
დედოფალთან ოფიციალური შეხვედრისას, შოტლანდიის სამეფო რეზიდენციაში, ბენედიქტე მეთექვსმეტემ განაცხადა: „მეოცე საუკუნეში ათეისტური ექსტრემიზმის გაკვეთილები არ გვაძლევს უფლებას დავივიწყოთ, რომ ღმერთისა და მორალის გამორიცხვას საზოგადოებრივი ცხოვრებიდან საბოლოო ჯამში პიროვნებისა და მისი დანიშნულების შეზღუდულ ხედვამდე მივყავართ”. დედოფლის სიტყვაში უფრო მეტი პოლიტიკა ჩანდა, ვიდრე ფილოსოფია: „დიდად ვაფასებთ ჩრდილოეთ ირლანდიაში სიტუაციის დარეგულირებაში წმინდა საყდრის როლს”, განაცხადა ელისაბედ მეორემ. მონარქი ასევე მიესალმა კათოლიკური ეკლესიის ჰუმანიტარულ მისიებს მსოფლიოს უღარიბეს ქვეყნებში.
რეზიდენციაში გამართულ მიღებაზე პაპმა ათეისტური ექსტრემიზმი ფაშიზმს შეადარა და ბრიტანული პრესის რისხვაც დაიმსახურა.
ბენედიქტე მეთექვსმეტე ანგლიკანური ეკლესიის მთავარ სასულიერო პირს – კენტერბერის მთავარეპისკოპოს როუენ უილიამსს შეხვდა. არცთუ დიდი ხნის წინ კათოლიკურ ეკლესიას ანგლიკანი ტრადიციონალისტები შეუერთდნენ, რომლებიც კენტერბერის მთავარეპისკოპოსს ქალებისა და ჰომოსექსუალების მღვდლად კურთხევის გამო გამოეყვნენ. ბენედიქტემ სპეციალური დოკუმენტით მათ ლიტურგიული ტრადიციების შენარჩუნების უფლება მისცა. არქიეპისკოპოსმა აღნიშნა, რომ იერარქმა თანამედროვე სამყაროში ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს „იმ მრავალმხრივ ტენდენციებს ჩვენს კულტურაში, რომლებიც ცდილობენ წარმოადგინონ ქრისტიანული რწმენა ადამიანთა და ინტელექტის მტრად”. მიმართვაში პაპმა ხაზი გაუსვა საკუთარი საყდრის მნიშვნელობას, კარდინალი ჯონ-ჰენრი ნიუმანი, რომელიც ნეტართა შორის შეირაცხა, სწორედ მოქცეული ანგლიკანი იყო.
არქიეპისკოპოსთან საუბრის შემდეგ ბენედიქტეს ვესტმინსტერ ჰოლში მსოფლიო პოლიტიკის, კულტურის, მეცნიერებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ელოდნენ. შეხვედრას ესწრებოდნენ ყოფილი პრემიერი და ამჯერად კათოლიკედ მოქცეული ტონი ბლერი, „რკინის ლედი” მარგარეტ თეტჩერი და ინგლისის პარლამენტის ორივე პალატა. „მე მოვალე ვარ გამოვხატო ჩემი შიში რელიგიის მარგინალიზების მზარდი ტენდენციის მიმართ. ეს საშიში ტენდენციები მოწმობენ მორწმუნეთა სინდისისა და რწმენის თავისუფლებების ვერდაცვასა და, ამასთან, რელიგიის როლის საზოგადოებაში გაუანალიზებლობას. ამიტომ ყველა თქვენგანს მოგიწოდებთ, იმის მიხედვით, თუ რომელ თანამდებობაზეც ხართ, გააღრმაოთ დიალოგი რწმენასა და გონებას შორის”.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა კომუნიკეს, სადაც ბრიტანეთისა და ვატიკანის თანამშრომლობის პრიორიტეტები განისაზღვრა. აღინიშნა, რომ გაეროს მოახლოებულ სხდომაზე აუცილებელია „განვითარების პროგრამები მესამე ათასწლეულში” -ს მხარდაჭერა, რომელმაც უღარიბესი ქვეყნების დახმარება უნდა უზრუნველყოს.
ვიზიტის დასასრულს, პრემიერმა დევიდ კემერონმა პაპს მადლობა გადაუხადა „ისტორიული ვიზიტისთვის” და მის სტუმრობას „დიდი პატივი” უწოდა. „თქვენ აიძულეთ მთელი ქვეყანა, დაჯდეს და იფიქროს”, განაცხადა პრემიერმა. პაპი რომში გაფრინდა: „მივდივარ და კარდინალ ნიუმანს გიტოვებთ”.

კომენტარები