პერ გორან ეკლუნდი: საქართველოში ცხოვრება ტანგოს ცეკვას მაგონებს

ოქტომბრის ბოლოს ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, პერ გორან ეკლუნდი თანამდებობას სტოვებს და მშობლიურ შვედეთს უბრუნდება. საქართველოში ოთხწლიანი საქმიანობისას მიღებული შთაბეჭდილებები ელჩმა ტაბულას გაუზიარა.  

ოთხი წელია საქართველოში მოღვაწეობთ, რას საქმიანობდით აქ ჩამოსვლამდე? რა მოლოდინი გქონდათ, როცა ჩამოსვლა მოინდომეთ და რამდენად გამართლდა თქვენი მოლოდინი?

ევროკავშირში მუშაობის დაწყებამდე, საკუთარ სამშობლოში, შვედეთში, საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწეოდი. როდესაც ჩემი ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდა, შვედეთის მოქალაქეებისთვის ვაკანსიები გამოცხადდა. გადავწყვიტე მეც მეცადა ბედი, კონკურსში გავედი და გავიმარჯვე. კონკურსი რთული აღმოჩნდა. სხვადასხვა ეტაპის გავლა მომიხდა სამ ენაზე – ინგლისურად, ფრანგულად და გერმანულად. ცოტა ხანში, ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე მიმართული დახმარების კოორდინირება დამევალა. ამ თანამდებობაზე ყოფნისას რამდენჯერმე ვიმოგზაურე საქართველოში.
შემდეგ კარიბის კუნძულებზე მიმავლინეს. მაგრამ მხოლოდ ჩინებული ამინდი, ქვიშიანი სანაპირო და პალმის ხეები არ მეყო. პოლიტიკურად უფრო გამომწვევი სამსახური მიზიდავდა. ვარდების რევოლუციის შედეგად, თქვენს ქვეყანაში ამბიციური რეფორმები დაიწყო და მსურდა ამ პროცესის მონაწილე ვყოფილიყავი. შესაბამისად, როდესაც ამ პოსტზე კონკურსი გამოცხადდა, მონაწილეობა მივიღე და გავიმარჯვე. მართალი გითხრათ, გამოწვევა მეტი დამხვდა, ვიდრე მინდოდა ან ველოდი. ჩემი აქ ყოფნა დაემთხვა 2007 წლის საპროტესტო აქციებს, 2008 წლის ომს, 2009 წლის აქციებს. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, მიმაჩნია, რომ ეს ოთხი წელი ძალიან საინტერესოდ გავატარე.

მოკლედ იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობაში დაგხვდათ ქართული სახელმწიფო და რა მდგომარეობაში ტოვებთ?

საქართველოში 2000 წელს ჩამოვედი პირველად. მაშინ, როდესაც ის უამრავი პრობლემის წინაშე მყოფი შეუმდგარი სახელმწიფო იყო. იმ პერიოდში ევროკავშირის წარმომადგენლობის ერთი თანამშრომელი მოკლეს, ერთ-ერთი ექსპერტი 6 თვით გაიტაცეს. 2002 წელს, წარმომადგენლობის თანამშრომელს, სახლში მისვლისას, ზღურბლზე ყელგამოჭრილი ძაღლი დახვდა – მან ბარგი ჩაალაგა და ევროპაში დაბრუნდა.
მას შემდეგ საქართველო წინ წავიდა. ვფიქრობ, რომ არა მოუთმენლობა, გაცილებით სწრაფად წახვიდოდით წინ, რადგან უფრო ნაკლებ შეცდომებს დაუშვებდით. ეს თანაბრად ეხება როგორც პოლიტიკოსებს, ისე მთელ საზოგადოებას. შთაბეჭდილება მრჩება, რომ პოლიტიკოსები ზოგიერთ გადაწყვეტილებას ნაჩქარევად, შესაძლო შედეგების გაუთვალისწინებლად იღებენ. საზოგადოება ვერ ხვდება, რომ დემოკრატიას ერთ ღამეში ვერ ააშენებ, ეს ხანგრძლივი, რთული პროცესია. დემოკრატიული ინსტიტუტების შენებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და საზოგადოების მენტალიტეტის შეცვლას დრო სჭირდება. შეხედეთ, მანქანებს როგორ მართავთ, შუქნიშანთან ვერ ჩერდებით, რიგში ვერ დგებით.
აღსანიშნავია აგრეთვე ხელისუფლებისადმი უნდობლობა, რაც მგონია, რომ ქართველების ცნობიერების ნაწილია. ეს წინაპრებისგან მოგყვებათ. ამის მიზეზი ისაა, რომ თქვენ თითქმის მუდმივად, ოკუპაციის პირობებში გიწევდათ ცხოვრება და მიუხედავად იმისა, სააკაშვილი მართავს ქვეყანას, თუ სხვა, ხელისუფლებისადმი უნდობლობას ვერ ერევით.
ასევე ბადალი არ გყავთ კონსპირაციის თეორიების მოგონებაში. მახსოვს, ომის შემდეგ ერთ-ერთი პოლიტიკოსი მიმტკიცებდა, რომ ომი სააკაშვილისა და პუტინის ერთობლივი გეგმის ნაწილი იყო.
მაგრამ მიმაჩნია, რომ ქართველ ხალხს დიდი რესურსი და ძლიერი ხერხემალი აქვს. ამის გარეშე ვერ მოახერხებდით შეგენარჩუნებინათ ენა, ანბანი, ეროვნული იდენტობა. ამავდროულად, ჭკვიანი ხალხი ხართ.
მე მიყვარს კამათი, შესაბამისად, ძალიან მომწონს საქართველოს “საბავშვო ბაღის” მთავრობასთან მუშაობა. ეს მეტსახელი სააკაშვილის გუნდს ჟურნალმა Forbes-მა უწოდა. 27-30 წლის მინისტრები განათლებული, მიზანდასახული ხალხია, ამავდროულად ქედმაღალი, მაგრამ ეს თვისება მათთან ურთიერთობას ნაპერწკალს ჰმატებს. ხანდახან მისმენენ, ხანდახან არა, მაგრამ არა უშავს.
საქართველომ გრძელი გზა გამოიარა, დღესაც შეიძლება ხარვეზებზე საუბარი. მედიას დღესაც აკლია სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც უკავშირდება, როგორც მედიაკომპანიების მესაკუთრეთა საკითხს, ისე ჟურნალისტების კვალიფიკაციას, მაგრამ უკეთესობა აშკარად ჩანს. მეტი პლურალიზმია საჭირო. ადამიანის უფლებებს რაც შეეხება – კი, იყო დრო, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლებს აუცილებლად ან უკანონო იარაღი, ან ნარკოტიკი ედოთ ჯიბეში, მაგრამ მსგავსი შემთხვევებიც საგრძნობლად შემცირდა, რაც ძალიან კარგია. აშკარა პროგრესია სასამართლოს დამოუკიდებლობის მიმართულებით, სასამართლო რეფორმასაც სწორი გეზი აქვს აღებული. რასაკვირველია, გასაკეთებელი ბევრი რამ რჩება, მაგრამ ვიმეორებ, ყველაფერს ერთ ღამეში ვერ გააკეთებთ. მთავარია, რომ პროცესი სწორი მიმართულებით მიდის. ერთ-ერთ გამოსვლაში აღვნიშნე კიდეც, რომ საქართველოში ცხოვრება ტანგოს ცეკვას მაგონებს, ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან, ორი ნაბიჯი წინ, ერთი ნაბიჯი უკან…
საქართველოს კრიტიკა ძალიან ადვილია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს საიდან მოდის ეს ქვეყანა. ვისურვებდი, ოპოზიციის წარმომადგენლები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ თავიანთ საქმეს, მონაწილეობას იღებდნენ პოლიტიკურ პროცესში და მხოლოდ განზე დგომით და ყველაფრის გაკიცხვით არ ცდილობდნენ პოლიტიკური მიზნების მიღწევას. მათ მხოლოდ იმაზე კი არ უნდა ისაუბრონ, თუ რა არ მოსწონთ, არამედ იმაზეც, თუ რა მოსწონთ და რისი გაკეთება სურთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება მიიღოს პოლიტიკურმა დისკუსიამ ღირსეული ფორმა.
ამავდროულად, ქედმაღალმა მინისტრებმაც უნდა ისწავლონ მოსმენა. ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ცდები. აუცილებელია დიალოგი და პოლიტიკურ პროცესში მაქსიმალური ჩართულობა. ვფიქრობ, სისტემის გამყარებასთან და საზოგადოების მომწიფებასთან ერთად ესეც მოხდება.

მიუხედავად მუდმივად დაძაბული პოლიტიკური კლიმატისა, საქართველოში მუშაობა უცხოელთა დიდ ინტერესს იწვევს. რატომ?

იმიტომ რომ აქ მუშაობა საინტერესოა, იმიტომ რომ აქ მუდმივად რაღაც ხდება. პროგრესი იგრძნობა და საერთაშორისო საზოგადოებას სურს მონაწილეობა მიიღოს წინსვლის პროცესში. მე მჯერა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებ. ჩვენ ათასობით დევნილს დავეხმარეთ საცხოვრებლის მოწყობაში, ახალქალაქის რაიონში დავაფინანსეთ ეკონომიკური განვითარების პროექტები, რამაც ადგილობრივ ფერმერებს ცხოვრება გაუუმჯობესა. ვფიქრობ, ჩვენმა დახმარებამ, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაშიც შეიტანა წვლილი.
მართლაც, ჩემმა თანამდებობამ ბევრად დიდი ინტერესი გამოიწვია, ვიდრე მთელი წლის განმავლობაში გამოცხადებულმა ვაკანსიებმა სხვადასხვა ქვეყანაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის თანამდებობებზე. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ უფრო მეტ ადამიანს ეხალისება განაცხადის შევსება, ან ფათერაკს ეძებს, არამედ ის, რომ საქართველოში მუშაობა სტიმულს და ენერგიას გმატებს. 24-საათიანი, დამღლელი სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, აქ ყოფნა თითქოს გაახალგაზრდავებს.

აგვისტოს ომმა როგორ იმოქმედა?

უცნაური გრძნობა მქონდა. უნდა გამოგიტყდეთ, რომ ვერასოდეს ვიფიქრებდი რომ ომი დაიწყებოდა. პროვოკაციების გახშირებას ველოდი, მაგრამ უშუალო ომს – არა. შვედეთში ვიყავი, როდესაც ომი დაიწყო, ერევანში გავფრინდი და იქიდან მანქანით წამოვედი. თბილისის აეროპორტი დაკეტილი იყო. მახსოვს რუსების მიერ დაკავებული გორი, რომელიც მოჩვენებების ქალაქს ჰგავდა, 18 წლის, ცუდად გაწვრთნილი რუსი ჯარისკაცები, რომელთაც თითქოს ერთი სული ჰქონდათ, ჩახმახს როდის გამოკრავდნენ. მათი სულელური კითხვებიც მახსოვს. საფრთხეში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ უცნაური გრძნობა მაწუხებდა, ვგრძნობდი, რომ რადაც არ უნდა დაგვჯდომოდა, უნდა დავხმარებოდით საქართველოს ფეხზე წამოდგომაში. საომარი მოქმედებების დამთავრების შემდეგ, ევროკავშირის თბილისის წარმომადგენლობა ექსპერტებით გაივსო. აქ დაიბადა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის იდეა. ასე სწრაფად, ევროკავშირს არასოდეს უმოქმედია. ჩვენ ყველას გვინდოდა, გვეჩვენებინა, რომ საქართველოს გვერდით ვდგავართ. ამის დასტური იყო ოქტომბრის კონფერენცია ბრიუსელში, სადაც იმაზე მეტი თანხა მოგროვდა, ვიდრე თავდაპირველად ითქვა.
მე არც იმის მჯეროდა, რომ რუსეთი აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ უნდა გაერისკათ სეპარატისტული მთავრობების მხარდაჭერა, მაშინ როდესაც თავად ჩრდილოეთ კავკასიის სახით იგივე პრობლემა აქვთ. რა სახის გზავნილია ეს ჩრდილოკავკასიის რესპუბლიკებისთვის? მაგრამ რას ვიზამთ, ამ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ახლა მთავარია ვიზრუნოთ იმაზე, რომ სტრატეგიამ იმუშაოს და ჟენევის პროცესი გაძლიერდეს. ეს ძალიან რთული და ხანგრძლივი სამუშაოა. მაგრამ მოთმინებაა საჭირო. გერმანიის გაერთიანებას 50 წელი დასჭირდა. მე არაერთხელ ვყოფილვარ აფხაზეთში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ეფექტიანად მუშაობს საქართველოს ხელისუფლების დემონიზაციის პროპაგანდა. ვუსმენ აფხაზებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებაზე, მიმდინარე პროცესებზე და ხალხზე საუბრობენ, და მგონია სხვა ქვეყანაზე მელაპარაკებიან. მათ მიერ დანახულ საქართველოს არაფერი აქვს საერთო ჩემ მიერ ნანახთან. ვფიქრობ, ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად უნდა აღდგეს.

მხოლოდ 1992-2007 წლებში ევროკავშირმა 530 მილიონ ევროზე მეტი დახარჯა საქართველოს დასახმარებლად, რომ აღარაფერი ვთქვათ აგვისტოს ომის შემდეგ შეპირებულ თანხაზე. კრიტიკოსები ამბობენ, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი არა საქართველოს, არამედ ევროპელ ბიუროკრატებს და მათთვის სამუშაოს შენარჩუნებას ხმარდება…

ეს ძალიან ზედაპირული დასკვნაა. თუ ჩვენ შევთანხმდებით, მაგალითად სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რომ სტრატეგიის შემუშავებაში უნდა დავეხმაროთ, რასაკვირველია, გამოყოფილი თანხის ნაწილი ევროპელ ექსპერტებს მოხმარდება, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ სტრატეგიის შემუშავებაში. ის ადამიანები მუშაობენ, ჩვენ ვუნაზღაურებთ, თან კარგად. ეს მართალია. მაგრამ ყველა ეს პროექტი, ხელისუფლებასთან შეთანხმებით ხორციელდება. ჩვენ თავს არავის არაფერს ვახვევთ. თუმცა, ბოლო დროს, ტექნიკური დახმარება შეიზღუდა და მეტი წილი თანხა, პირდაპირ საქართველოს ბიუჯეტში მიდის. ამჟამად, პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების პროექტებს ვახორციელებთ ფინანსთა, იუსტიციის და განათლების სამინისტროებთან ერთად. ცოტა ხანში, მათ რიგებს ჯანდაცვის სამინისტროც დაემატება. ამ პროექტებიდან, უმნიშვნელო თანხა ხმარდება ექსპერტებს. ფულს ჩვენ პირდაპირ სახელმწიფო ბიუჯეტში ვრიცხავთ, მას შემდეგ, რაც ჩვენი პარტნიორები კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებენ. პირობებზე ხელისუფლებასთან მათივე გაცხადებულ სტრატეგიაზე და გეგმებზე დაყრდნობით ვთანხმდებით. ეს მეთოდი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა, რადგანაც ის პირდაპირ უკავშირდება რეფორმის პროცესის წინსვლას და ფული პირდაპირ ბიუჯეტში მიდის.

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის და მომავლის შესახებ მოკლედ, თუ შეიძლება…

საქართველო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთის პარტნიორობის აქტიური წევრია. ეს თანამშრომლობა საქართველოს უდავოდ ეხმარება ევროსტრუქტურებთან ინტეგრაციაში, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იძლევა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გარანტიას.
ვიზების გამარტივების პროცესი დაძრულია, შემდეგი ნაბიჯი უვიზო რეჟიმი იქნება. ამ ზაფხულს ასოცირების ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. სავარაუდოდ რამდენიმე თვეში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე დაიწყება მოლაპარაკების საკმაოდ რთული პროცესი. ერთი, რაშიც საქართველოში ცხოვრებისას დავრწმუნდი, არის ის, რომ რასაც მოინდომებთ, იმას მიაღწევთ. ვინ იფიქრებდა 20 წლის წინ, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდებოდნენ? არავინ. პირადად მე, მჯერა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება მანამ, სანამ დამასაფლავებენ. თუმცა იმას თუ გავითვალისწინებთ, რომ მამაჩემმა 92 წლამდე იცოცხლა, ხოლო დედაჩემი 97 წლისაა, შეიძლება, ეს ახლო მომავალს სულაც არ ნიშნავდეს.

რამდენიმე დღის წინ, ტაბულასთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა, სოციალური ევროპის პროექტს დიდი დარტყმა მიაყენა, რომ ევროპა თანდათან თავად ამბობს უარს ბიუროკრატიასა და რეგულაციებზე, რომ ევროპა თავად გადმოდგამს მეტ ნაბიჯს თავისუფალი ეკონომიკისკენ და ჩვენ სადღაც შუაში შევხვდებით. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყოდით?

როგორი თავისუფალიც უნდა იყოს ეკონომიკა, ადმინისტრაცია, წესები და რეგულაციები მაინც საჭიროა. ამას გარდა, თავისუფალი ეკონომიკა და ევროკავშირი შეუთავსებელი სულაც არ არის. მაგალითისთვის ესტონეთი ავიღოთ – ამ ქვეყანამ გაწევრიანება ლიბერალური ეკონომიკური კურსის მიუხედავად შეძლო. არ ვიცი, რა გავლენა იქონია უშუალოდ ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპული ქვეყნების ეკონომიკურ ხედვებზე, მაგრამ ფაქტია, რომ საბერძნეთს უწევს ხელგაშლილი სოციალური დახმარების სისტემის გადახედვა. იგივე შეიძლება ითქვას საფრანგეთზე, შვედეთშიც კი შეიმჩნევა მსგავსი მოძრაობა. ცხადია, რომ მდიდარ ქვეყანას უფრო მეტად შეუძლია თავს ხელგაშლილობის უფლება მისცეს, ვიდრე ღარიბს. ქვეყნის ბიუჯეტი ოჯახის ბიუჯეტივითაა, დანახარჯი შემოსავალს არ უნდა აღემატებოდეს.

სამომავლო გეგმები?

შვედეთში ვბრუნდები, სადაც 18 წელია არ მიცხოვრია და ცოტა არ იყოს ვნერვიულობ. როგორ შევეწყობი არ ვიცი. მოგზაურობა მომიწევს. შემოთავაზებები ბევრი მაქვს, ძირითადად კონსულტანტობას მთავაზობენ, მაგრამ არ დავთანხმდი. მინდა რამდენიმე თვე დავისვენო და ისე გადავწყვიტო რას გავაკეთებ. დღეს ჯანმრთელობას არ ვუჩივი და სამუშაო ფორმაშიც ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს მუდმივად არ გაგრძელდება, ამიტომ მინდა ეს დრო ეფექტიანად გამოვიყენო. ვფიქრობ, რომ ლექციებს წავიკითხავ. იმედი მაქვს, რომ საქართველოშიც დავბრუნდები, მაგალითად 2012 და 2013 წლის არჩევნებზე დასაკვირვებლად. 5 შვილიშვილი მყავს, მათთვის სუპერძიძად გამოვდგები. ჩემი ცოლიც ნერვიულობს, იცის, რომ, თქვენი არ იყოს, მეც მოუსვენარი ვარ, მალე მბეზრდება ყველაფერი, 24 საათი სახლში უსაქმოდ ყოფნამ შეიძლება კარგად არ იმოქმედოს ჩემზე. ისიც კი მკითხა, ძაღლის შეძენას ხომ არ აპირებო. ძაღლები მიყვარს, ერთადერთი არსებაა, რომელსაც სულ უხარია შენი დანახვა, და ეგოზე დადებითად მოქმედებს, მაგრამ ძაღლის ყოლა ამავდროულად პასუხისმგებლობის აღებასაც ნიშნავს. თუ ვიმოგზაურე, არ ვიცი ძაღლს როგორ მოვუვლი.

თქვენი თანამდებობა უკვე დაკავებულია, რას ურჩევდით მომავალ ხელმძღვანელს?

ახლა ვმუშაობ დოკუმენტზე, რომელიც უფლებამოსილების გადაბარებას ეხება და სავარაუდოდ ვრცელი გამოვა. ვცდილობ, თავი მოვუყარო ყველა იმ რჩევას, რომელიც ახალ ელჩს შეიძლება გამოადგეს: ვინ არიან ის ადამიანები, ვისთან ურთიერთობაც საშურია, რა ნეგატიური და პოზიტიური ასპექტები ახლავს ჩვენს სამუშაოს, რა სტადიაზეა დახმარების პროცესი. თუმცა, ახალი ელჩის რჩევებით დატვირთვას არ ვაპირებ. ვფიქრობ, ის თავადაც შეძლებს აქაურობაზე სწორი წარმოდგენის შექმნას. ყველა ქვეყანა თავისებურია, მკვეთრად გაყოფილი შავი და თეთრი არ არსებობს, მათ შორის ნაცრისფერის უამრავი ტონია, სწორედ ნაცრისფერ ტონებში გარკვევა უნდა მოახერხოს ჩემმა მემკვიდრემ და დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეძლებს.

კომენტარები