არის კოსოვო!.. შემდეგი?..

0 კომენტარი

ისევ კვებეკი
კანადის უზენაესმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება: „კვებეკის ეროვნულ ასამბლეას, კანონმდებლობას და პროვინციის მთავრობას შეუძლია მიიღოს სეცესიის გადაწყვეტილება მხოლოდ კანადის სახელმწიფოს და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევით (პასუხი A და B კითხვებზე, პუნქტი 108); პროვინციის ეროვნული ასამბლეის, კანონმდებლობის და პროვინციის მთავრობის მიერ სეცესიის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კანადისა და საერთაშორისო სამართალს კვებეკის სამართალთან უპირატესი უფლება მიენიჭება (პუნქტი 147).
სასამართლომ დასკვნის შემაჯამებელ ნაწილში აღნიშნა: „არ არის გამორიცხული კვებეკის მიერ სეცესიის გადაწყვეტილების შესახებ არაკონსტიტუციური გადაწყვეტილების მიღება, რაც დე ფაქტო დამოუკიდებლობამდე მიიყვანს პროვინციას. სეცესიის საბოლოო წარმატება დამოკიდებული იქნება საერთაშორისო თანამეგობრობაზე, ცნობს თუ არა იგი კვებეკის პროვინციის კანადისგან დამოუკიდებლობას” (2 S.C.R. 217, დასკვნითი ნაწილი).

პრეცედენტი?..
შესაძლოა თუ არა, რომ კოსოვოს თვითგამორკვევის ICJ-სეული ლეგიტიმაცია პრეცედენტული გახდეს? ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ თავისი დასკვნით აღიარა, რომ საერთაშორისო სამართლით დღესაც გადაუწყვეტელია ურთიერთმიმართება: ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობისა და ნებისმიერი ფორმის სეპარატიზმისა; ტერიტორიული მთლიანობისა და თვითგამორკვევისა. რაც მთავარია, ICJ-მ სამართლებრივი სფეროდან დაპირისპირებული პრინციპების დავა პოლიტიკურ სივრცეში გადაიტანა.
დავამატებ, რომ რაც მოგახსენეთ, ეს პრობლემის ერთი მხარეა. მეორე მხრივ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ჰააგის სასამართლომ კოსოვოს პრობლემის განსაკუთრებულობას გაუსვა ხაზი. სასამართლო დასკვნის III თავში (ფაქტობრივი ისტორია, ა. გაეროს უშიშროების საბჭოს 1244 (1999 წლის) რეზოლუცია და კოსოვოში გაეროს მისიის (UNMIK) შესაბამისი საქმიანობა – პუნქტები 57-63, ბ. კოსოვოს საბოლოო სტატუსის ჩამოყალიბების პროცესის შესაბამისი ქმედებები 1998 წლის 17 თებერვლამდე – პუნქტები 58-73, გ. 2008 წლის 17 თებერვლისა და შემდგომი მოვლენები – პუნქტები 74-77) აისახა ხანგრძლივი და რთული პროცესი, რამაც განაპირობა სერბეთის სეპარატისტული მხარის დროებითი თვითმმართველობის ორგანოების მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადება. ლოგიკა ისაა, რომ შეუქცევადი სეცესიის კონკრეტული, ამ შემთხვევაში კოსოვოს მხარის, მიმდინარეობა შეუძლებელია გავრცელდეს სხვა სეპარატისტულ რეგიონებზე მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში, როგორც სეპარაციის საყოველთაო და ზოგადი მოდელი. ასეთი ფორმულა კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს.
ამდენად, კოსოვოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება პრეცედენტად ვერ იქცევა. ამასთან ხაზგასასმელია, რომ სეპარატისტული მოძრაობა ყოველთვის არ სრულდება სეცესიით და სეცესია – დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბებით. „XVII, XVIII, XX საუკუნეების ისტორია ადასტურებს, რომ დამოუკიდებლობის აქტის მიღებას ხშირად მოჰყვებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ჩამოყალიბება, ხშირად კი – არა” (პუნქტი 79).

მოლოდინი, ანუ რას გვიქადის ICJ-ს დასკვნა…
ნებისმიერი წესრიგული მდგომარეობის ქაოსში გადაყვანა და ახალ წესრიგულ მდგომარეობაში სასურველი ადგილის მოპოვება წესად გადაექცა არა მხოლოდ დიდ და მძლავრ, არამედ მცირე და სუსტ სახელმწიფოებსაც კი. ყოველი საბაბი, მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ რა სახელს მიანიჭებენ მას – „მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ბრძოლას”, „საკუთარი მოქალაქეების დაცვას”, „საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამემამულეთა ხელშეუხებლობას” და სხვა – დროდადრო არყევს დღეს არსებულ მსოფლიო პოლიტიკურ სისტემას…
გამოსავალი შეიძლება ჩანს კიდეც, მხოლოდ ძალზე ბუნდოვნად. მიღებულ სამართლებრივ გადაწყვეტილებათა გამართლება კონკრეტული ვითარების უნიკალურობით ახლო მომავალში შესაძლოა არასაკმარისი არგუმენტი აღმოჩნდეს იმ სახელმწიფოთათვის, ვისაც ჯერჯერობით თავშეკავებული ან სკეპტიკური პოზიცია გააჩნია სეპარატისტული და, განსაკუთრებით, სეცესიური პროცესების მიმართ. არა მგონია, რომელიმე პოლიტიკოსს, რეალისტურად მოაზროვნეს ვგულისხმობ და არა წრეგადასულ ოპტიმისტს, ცალსახა და გადაწყვეტილი პასუხი ჰქონდეს აღნიშნული პრობლემის ასახსნელად. ასე რომ, უპრიანია კითხვა – იქნება შემდეგი?..
ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოსთვის რა უარყოფითი და დადებითი მხარე აქვს?
უარყოფითი – თითქოს საერთაშორისო სამართალი სეცესიას ახალისებს. თუმცა ზემომოყვანილი მაგალითები ცხადყოფს, რომ სეცესიურ მოვლენებს ნებისმიერი რანგის სასამართლო გადაწყვეტილება ვერც აქრობს და ვერც ახალისებს, თუ ისინი (ზოგადად) შეუქცევადი პროცესების (ამასთან, მსოფლიო მასშტაბით) თვისებებს ავლენენ.
დადებითი – მიზეზი, რის გამოც ჰააგის საერთაშორისო სასამართლომ დამოუკიდებლობის აქტის მიმღები კოსოვოს ასამბლეა კოსოვოელი ხალხის აზრის გამომხატველად მიიჩნია. იგი საპირისპიროა იმისა, რომ დამოუკიდებლობის გამოცხადება (და მათი აღიარება) სოხუმსა და ცხინვალში მოხდა ომამდელი მოსახლეობის უმცირესობის სახელით, მაშინ როდესაც საქართველოს არც ერთი მხარის უმრავლესობას უფლება არ მიეცა მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ პროცესებში (მათ შორის, არჩევნებში).
არსებობს კიდევ ერთი დამატებითი დადებითი ფაქტორი – რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილების ცალმხრივი და უმანდატო ყოფნა სეცესიური სუბიექტების ტერიტორიაზე. ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კოსოვოს საკითხზე ვერდიქტის გაცხადებამდე მცირეოდენი ხნის წინ პოლიტიკური განცხადებები რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის შესახებ, ატარებდა „მსუბუქი პრევენციის” ხასიათს საქართველოს სეცესიური სუბიექტების (აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის) საკითხის ICJ-ში შეტანის საწინააღმდეგოდ (ICJ-ს დასკვნის პუნქტი 81, იხ. ზემოთ).

ბოლოთქმა
ერების თვითგამორკვევის კონკრეტული პროცესი სრულად არის დამოკიდებული პოლიტიკურ და საერთაშორისო კონიუნქტურაზე.
კოსოვოს მოვლენები დაუკავშირდა ევროატლანტიზმისა და ევრაზიელობის სივრცულ დაპირისპირებას. პოლიტიკური ევრაზიელობა შიდაკონტინენტურ მოვლენას არ წარმოადგენს, იგი მოიაზრება როგორც „მსოფლიო ტრენდი” (ევრაზიელი ამხანაგი დუგინის ფრაზა). NATO-ს მიერ სერბეთში ჩატარებული სამხედრო კამპანია ჰუმანიტარული კატასტროფის თავიდან აცილების მიზნით, სერბეთის ევრაზიული მისწრაფებებითაც იყო განპირობებული (მკითხველს შევახსენებ, რომ სერბეთის სკუპჩინა და რუსეთის სახელმწიფო დუმა განიხილავდა სერბეთის რესპუბლიკის ან დსთ-ს ან რუსეთ-ბელარუსის კავშირში მიღების საკითხს).
2008 წლის აგვისტოს საქართველო-რუსეთის ომი მხოლოდ ამ კონტექსტში არის შესაფასებელი. „მსოფლიო ტრენდის” – ევრაზიის (რუსეთის ფლაგმანობით) ბრძოლა საკუთარი გავლენის სფეროს გაფართოებისთვის და მისი საბოლოო გაფორმებისთვის, ევრაზიული იზოლაციონიზმის კიდევ ერთი დამკვიდრების ცდას წარმოადგენს (პირველი ევრაზიული სახელმწიფო სსრ კავშირის სახით არსებობდა). ამ თვალსაზრისით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეცესიის აღიარებას პერსპექტივა არ აქვს.
ამ ბოლო ხანს, ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოევლინენ პერსონები, რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის არსებობას და თვით ოკუპაციის ფაქტსაც კი. ჩვენებურ პოლიტიკოსთა ეს ნაწილი ევროატლანტიზმსა და ევრაზიელობას შორის არსებული დაპირისპირების ფონზე (რაც უკვე აშკარაა და რასაც რუსული პოლიტელიტა და ისტებლიშმენტი არც მალავს), საკუთარ ერთიან-საბჭოურ-სივრცულ ნოსტალგიას საქართველოს ხსნისა და მომავალი განვითარების ლამის ერთადერთ ფაქტორად სახავს.
ქართველი ევრაზიელი ამხანაგების მიერ რუსული ოკუპაციის უარყოფა სხვა არაფერია, თუ არა სეპარატისტების წაქეზება საქართველოს წინააღმდეგ, არაფერს ვამბობ რუსულ გეოპოლიტიკურ თამაშებში მონაწილეობის თაობაზე.
მათ ერთიღა დარჩენიათ – გაიზიარონ აფხაზური (რუსული) პოლიტელიტის უდიდესი ნაწილის აზრი, თითქოს თითოეული მოქალაქე (უმეტესად ქართველი), რომელმაც დატოვა აფხაზეთის კონფლიქტური რეგიონი, წარმოადგენს არა იძულებით გადაადგილებულ პირს, არამედ რეპატრიანტს („იურისტ” ტარას შამბას „ორიგინალური” იდეა).
დავუბრუნდეთ თემას. ქართულ დიპლომატიულ წრეებში არსებობს მოსაზრება – საჭიროა თუ არა საქართველომ მოითხოვოს ჰააგის სასამართლოსთვის, გაეროს გენერალური ასამბლეის ან უშიშროების საბჭოს, ან საკუთარი ან რომელიმე სახელმწიფოს შუამავლობით, ახალი მიმართვის გაგზავნა?.. და თუ მიმართვა უნდა გაიგზავნოს, კითხვა რა უნდა იყოს – გამოცხადების კანონიერება; რეგიონების „გასახელმწიფოება”; მათი „აღიარება”; სამხედრო ყოფნის კანონიერება; თუ მათი კომბინაცია?
გარკვეული რისკია. ამ ეტაპზე უმჯობესია დავჯერდეთ: ICJ-ში რუსეთის წინააღმდეგ საქართველოს სარჩელის განხილვის (13-17.09.2010) შედეგებს და გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგ რეზოლუციას – აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო (იხ. 2010 წლის რეზოლუცია, A/64/L.62) – იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების თაობაზე.  

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი და წევრი დააკავეს

კომენტარები