არაა ეს ჩემი რეალი!

რაც ფეხბურთს ვგულშემატკივრობ, ჩემი სიმპათია მადრიდის სამეფო კლუბს ეკუთვნის. ადრე, 70-80-იან წლებში, ასაკიდან გამომდინარე, გაცილებით უფრო მტკივნეულად განვიცდიდი ყოველი მატჩის შედეგს – გაგიჟებული დავრბოდი უნივერსიტეტის ბაღში, მიუნხენგლადბახის ბორუსიას 1:5 წაგება 4:0-ით რომ ამოვუღეთ, ანდერლეხტს კი 0:3-ის მერე ბერნაბეუზე 6:1 ვასიამოვნეთ! და პირიქით, დანა პირს არ მიხსნიდა ბაიერნთან ჩემპიონთა თასზე 1:4 წაგების მერე...

ეჰ, კარგი დრო იყო! დათო ქლიბაძის კალეიდოსკოპი... ღამის ვოიაჟები ლენინაკანში, თეთრი წყაროს “გრადაბოიზე” და ბოლოს დალოცვილი პანტიანის აღმოჩენა, სადაც არავის უკვირდა ივნისის ცივ ღამეში სახლიდან მოტანილ ტაბურეტზე ჩამომჯდარი „უშანკიანი” სოლიკოს დანახვა – ბოლო ბოლო, დანია-ბელგია თამაშობდა და უჩვეულო სიცივის გამო ხომ არ დავაკლდებოდით საერთო ზეიმს!

იმ წლებში ყოველ ოთხშაბათს მთელი დღე ვეძებდით მანქანას და თურქული “რეკლამლარის” მოსასმენად გავდიოდით ქალაქიდან. ახლაც თვალწინ მიდგას გიგას ან ვახოს მანქანის აკუმულატორზე მიერთებული შილიალისი, წიკის აუხდენელი პროგნოზები და ფრჩხილების კვნეტა, კახასთან ინგლის-იტალიის ურთიერთობაზე მუდმივად მოკამათე კობიძე ყავის თერმოსით, გერმანიაზე ჩაფიქრებული თუშმალა...

ძალიან მენატრება ის განწყობა, ან იქნებ ასაკი, რომელშიც ფეხბურთსაც სხვა ხიბლი აქვს, სულელურ თემებზე საათობით დავასაც და ბიჭებთან ერთად ღამის თევასაც...

სამწუხაროდ, ყველაფერი იცვლება...

წელს, ახალი სატელევიზიო პროექტის ფარგლებში უკვე ორჯერ მომიწია რეალის მატჩების კომენტირება, ამდენივეც სხვისი წაყვანილი ვნახე და გულახდილად გეტყვით – “არაა ეს დედაჩემი!” ოღონდ, არაჩვეულებრივი გამოფენის პერსონაჟისგან განსხვავებით, ცხონებული ლორთქია ვერც ცხვირის მსგავსებაში დამარწმუნებდა, ვერც ტუჩის და ვერც თვალის.

სადღაც გაქრა სილაღე, გაშლილი კომბინაციები და ფინტები. მესმის, რომ მოურინიო მართლაც განსაკუთრებულია და უთუოდ მოიგებს რაიმე ტიტულს, თან არაერთს. მაგრამ ეს არასოდეს არ იქნება ჭკუისკოლოფი დი სტეფანოს, რეაქტიული ჰენტოსა და უბერებელი პუშკაშის თეთრი ბალეტი. აქ არც ლილიპუტი სანტილიანა ახტება ბუბკას სიმაღლეზე საფირმო თავურის დასარტყმელად და არც რობერტო მარტინესი დაფარავს ცენტრიდან საჯარიმომდე მანძილს ხუთ ნაბიჯში. წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც კანტერადან შესაძლებელი იყო ელ ბუიტრეს ხუთეულის (ემილიო ბუტრაგენიო, მიჩელ გონსალესი, რაფაელ მარტინ ვასკესი, მიგელ პარდესა, მანუელ სანჩისი) პირდაპირ ძირითადში გადმოყვანა ან თუნდაც მესამე გუნდში ნაპოვნი რაულის მორიგ კალენდარულზე დაყენება!

რეალი უმადური გუნდი გახდა. ამის პირველი ნიშნები ჯერ კიდევ 80-იანი წლების ბოლოს ნაჰეპატიტარი ხორხე ვალდანოსა და დისკვალიფიცირებული ხუანიტოს ჩამოწერით დაიწყო. რამდენიმე წლის მერე ხუანიტო ავარიაში “სამასვალიდან” გადმოვარდნილმა მორმა გაჭყლიტა – მშობლიური რეალის თამაშზე აგვიანდებოდა...

ვალდანო კი დაბრუნდა, თანაც რამდენჯერმე და დღესაც დირექტორია. კარგი წიგნიც დაწერა ფეხბურთზე, ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ამ თამაშზე წამიკითხავს, მაგრამ წლებმა და კაბინეტმა დაღი დაატყო და თავად სამჯერ გაგდებულმა, შუალედებში ყოფილი თანაგუნდელებიც დაფერთხა (მიჩელი, ბუტრაგენიო), ჩემპიონთა ლიგის მომგები იერო და დელ ბოსკეც მოინელა და აგერ, ახლა საკუთარი ხელით მოყვანილ რაულსა და გუტისაც არ გამოსარჩლებია – არიქა, სად მიდიხართ, დარჩითო!

ისე, იქნებ მართალიცაა?! 95-ში მიჩელი და ბუტრაგენიო უკვე ბალასტად აწვნენ მუდმივად საჩემპიონოდ გამზადებულ გუნდს და არც იერო შეხვედრია მილენიუმს ფორმის პიკზე. ისიც ფაქტია, რომ ვერც ერთმა მერე ვერსად ითამაშა თუნდაც საშუალო დონეზე...

ახლა მოურინიოს მიერ ელეგანტურად მოშორებული რაულიც ანალოგიურ დღეშია. ბაიერნისთვის აგვისტოს დასაწყისში გატანილი ამხანაგური დუბლის მერე, ხეირიანი არაფერი უქნია – ყველაფერი წააგო, რისი წაგებაც შეეძლო და არ შეეძლო...

ალბათ არის ამ სიხისტეში რაღაც ლოგიკა, მაგრამ მე მაინც ის ძველი დრო მერჩივნა, სადაც ყველას ყველა უყვარდა, ან არ სძულდა მაინც, მზეც უფრო გვათბობდა, კვირაობით დინამოზე დავდიოდით და საკუთარი ფეხბურთითაც ვხარობდით...

მოკლედ, არაა ეს ჩემი რეალი!

კომენტარები