ლებრონის 74

დუეინ უეიდი, კრის ბოში და ლებრონ ჯეიმსი
NBA-ს ისტორიაში რეგულარულის რეკორდი 1995/96 წლებში ჩიკაგო ბულზმა დაამყარა. მაიკლ ჯორდანის, სკოტი პიპენის და დენის როდმანის გუნდმა 72 მოგებით დაასრულა ოქტომბერ-აპრილის მარათონი და გასავარდნ სერიებშიც დომინანტობდა. ილინოისელებმა სუპერსერიაში 4:2 სიეტლი დაამარცხეს.
ეს რეკორდი დღემდე ხელუხლებელია. სპეციალისტების, ფანების და უშუალოდ მოთამაშეების აზრით, წლევანდელ მაიამის ბულზის შედეგის გაუმჯობესების რეალური შანსი ექნება, რადგან ფლორიდელებს სასტარტო ხუთეულში დუეინ უეიდი, ლებრონ ჯეიმსი და კრის ბოში ეყოლებათ.
ლეიკერსის ბოსის, იმ ჩიკაგოს მთავარი მწვრთნელის, ლეგენდარული ფილ ჯექსონის აზრით, ხუთეულში სამი ამ დონის მეგავარსკვლავი (კარიერის ზენიტში) ბოლოს 80-იანი წლების ლეიკერსს ჰყავდა. პატ რაილის გუნდში მეჯიქ ჯონსონი, ქარიმ აბდულ-ჯაბარი და ჯეიმს უორთი იყვნენ. მათ ბაირონ სკოტი და ეი სი გრინიც ეხმარებოდნენ. რაილის კალიფორნიული გრანდი ხუთჯერ გახდა ჩემპიონი და ალბათ, მეტჯერაც მოიგებდა ფლეი ოფს, იმავე დეკადაში მეორე კონფერენციაში ლარი ბერდის სელტიქსი რომ არ ყოფილიყო. დღეს რაილი მაიამის პრეზიდენტია და ჯეიმსის ტრანსფერიც მისი დამსახურებაა.
ჰიტის ხუთეულში უეიდის, ჯეიმსის და ბოშის გარდა თავის დროზე საუკეთესო ახალბედად დასახელებული მაიკ მილერი (მესამე ნომრად) და მისტერ დაბლ-დაბლი, ადონის ჰასლემი (მძიმე ფორვარდად) იდგებიან. რაილიმ რამდენჯერმე აღნიშნა, რომ გუნდის რუსტერის სიღრმე თავიდანვე ცენტრის გარეშე თამაშის საშუალებას იძლევა და ნომინალური მეოთხე ნომერი, ანუ ბოში, ცენტრად დაიწყებს რეგულარულს.
ჰიტს რეზერვშიც სერიოზული ხალხი ჰყავს. ჟიდრუნას ილგაუსკასი კლივლენდიდან ჰიტში ვეტერანის მინიმუმის საფასურად გადავიდა. ერთადერთი მიზეზი – ჩემპიონობის მოპოვების სურვილია. ლიტველს ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, თუმცა მაიამის ილგაუსკასისთვის წინა კონტრაქტის დარჩენილი თანხის 40 პროცენტის (4 მილიონი დოლარი) გადახდაც მოუწევს.
რაილი ენდო ვეტერან ჯუვან ჰოვარდს, რომელსაც ბოლო პროდუქტიული სეზონი დიდი ხნის წინ აქვს ჩატარებული. ჰოვარდი 37 წლისაა და რეგულარულში 1116 მატჩში 15 957 ქულა და 7 251 მოხსნა აქვს დაგროვილი. ჰოვარდი ჰასლემს და ბოშს დაასვენებს.
კარლოს აროიო, ჯოელ ენტონი, ედი ჰაუსი, ჯამაალ მაგლოირი და ჯეიმს ჯოუნსი – თავის წუთებს ესენიც მიიღებენ. ჯექსონის აზრით, ჰიტი წელს 74 მატჩს მოიგებს, თუმცა აპრილიდან მოყოლებული, ფლორიდელების მოგება-წაგების პროცენტული მაჩვენებელი გაუარესდება. გუნდს სამივე ლიდერთან იდენტური კონტრაქტი აქვს გაფორმებული – მომდევნო სამ სეზონში უეიდი, ჯეიმსი და ბოში წლიურად (სათითაოდ) 15 779 912 დოლარს მიიღებენ.
 

კომენტარები