მინი რალის მსოფლიო ჩემპიონატს უბრუნდება

ინგლისურმა კომპანიამ – მინიმ – დაადასტურა, რომ რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ ემზადება და ამ საქმეში მას პარტნიორობას, ავტოსპორტში გაწაფული კიდევ ერთი ინგლისური კომპანია პროდრაივი გაუწევს. მომავალ სეზონში, მინის გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის რამდენიმე ეტაპზე იასპარეზებს, 2012 წლის სეზონიდან კი მასში სრული პროგრამით ჩაერთვება.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბეემვეს ჯგუფში შემავალი მინი მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას აპირებდა, პირველად რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. ამ საკითხზე ჭორაობას კი წერტილი კომპანიის ოფიციალურმა განცხადებამ დაუსვა, რომელიც მიუნხენში გამოქვეყნდა. რალის მსოფლიო ჩემპიონატზე საასპარეზოდ, პროდრაივი, რომელიც ერთ დროს, რალის მსოფლიო ჩემპიონატზე სუბარუს საქარხნო გუნდის პარტნიორი იყო, ქროსოვერ ქანთრიმენს მოამზადებს.
განცხადების თანახმად, რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებული მინი ქანთრიმენი ბეემვეს წარმოების 1.6-ლიტრიანი ტურბოძრავით აღიჭურვება. ასეთი ავტომობილის პირველი ტესტირება უკვე ტარდება.
მინის საქარხნო გუნდს რალის უმაღლესი დონის შეჯიბრებებში 1967 წლის შემდეგ არ უასპარეზია. ინგლისური კომპანიის ისტორიაში იმ ტრიუმფულ სეზონში, მისმა მანქანებმა სამი დიდი რბოლა – მონტე კარლოს, 1000 ტბისა და აკროპოლისის რალი მოიგეს, თუმცა მას შემდეგ, მინი დიდი რალიდან გაქრა.
„დარწმუნებული ვარ, რალიში მინის გამოსვლების ისტორიას ახალი წარმატებებით გავამდიდრებთ. ამისთვის, ქანთრიმენი შესაბამის ბაზას გვაძლევს, მისგან კონკურენტული მანქანის შექმნა შეიძლება, რაშიც პროდრაივი დაგვეხმარება. მისი სახით, ძალიან ძლიერი და გამოცდილი პარტნიორი შევიძინეთ”, – განაცხადა პროექტის პრეზენტაციაზე ბეემვეს მმართველთა საბჭოს წევრმა იან რობერტსონმა.
თავის მხრივ, მინისთან თანამშრომლობის დაწყებით კმაყოფილია პროდრაივის შეფი დევიდ რიჩარდსიც: „ძალიან გახარებული ვარ, რომ ახალ, საინტერესო პროგრამაში მივიღებთ მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, ახალი სარბოლი მინი, რალის ბევრი ფანის ფავორიტი მანქანა გახდება. თანაც, ახალ მანქანაზე, 2011 წლის სეზონისთვის, უკვე რამდენიმე კერძო გუნდისგან მივიღეთ შეკვეთა”.
სავარაუდოდ, პირველი რბოლა, რომელზეც რალის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მომზადებული მინი ქანთრიმენი გამოჩნდება, არის რალი დ’იტალია სარდინია, რომელიც მაისში ჩატარდება. სავარაუდოდ, ახალი ავტომობილის პილოტირებას პირველად ფინელ მარკუს გრონჰოლმს და ესტონელ მარკო მარტინს მიანდობენ.

 

 

კომენტარები