მხატვრული ფილმი ბათუმიდან VS აჭარული ხაჭაპური

ჟიურის თავმჯდომარე, პოლონელი რეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი
ბათუმში მოქმედი კინოთეატრი არ არის და ეს სირცხვილია! ქალაქი, რომელსაც მარტო ზაფხულში, 700 ათასზე მეტი ტურისტი ეწვია, სულ ცოტა, ერთ კინოთეატრს იმსახურებს. ფილმების სანახავად არავინ დადიოდა და კინო თბილისი მაგიტომაც დაიხურაო – ამ ფრაზას ძალიან ხშირად მოისმენდით. თუმცა ხალხი არაფერ შუაშია, კინოთეატრის ადმინისტრაციის არასწორი მენეჯმენტია პრობლემა. თუ თბილისში აინტერესებს ხალხს „ავატარი”, „დასაწყისი”, „რკინის კაცი”, ბათუმელებსაც სურთ დიდი ეკრანით სიამოვნების მიღება, მაგრამ აქ მიდგომაა „ქართული”. სასტუმროს ან რესტორნის გახსნა კინოთეატრზე მომგებიანია. აჭარული ხაჭაპური მხატვრულ ფილმზე გემრიელია. სწორედ ამიტომ, ფესტივალი თეატრში იმართებოდა.
გემრიელი ფილმები ამ ფესტივალზე საკმაო რაოდენობით იყო. უმეტესად არასაკონკურსო პროგრამაში, მაგრამ სიამოვნების მიღებას ეს ხელს არ უშლიდა. მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში რამდენიმე გამორჩეული სურათი აჩვენეს. პირველ რიგში „არაფერი პირადული” უნდა გამოვყო. ურსულა ანტონიაკის გამორჩეული ნამუშევარი, ძალიან კარგი რეჟისურით, მშვენიერი სამსახიობო დუეტითა და მომხიბვლელი სიუჟეტით. ეს სევდიანი და ლამაზი ამბავი მარტოობაზე საუკეთესო ფილმის ჯილდოს დაეუფლა, თუმცა მიმაჩნია, რომ გრან-პრის ღირსი იყო, გრან-პრის, რომელიც ქართველი რეჟისორის დიმიტრი მამულიას რუსულ ფილმს „სხვა ზეცას” ერგო.
ჟიურის თავმჯდომარე, პოლონელი რეჟისორი ზბიგნევ რიბჩინსკი უკმაყოფილო იყო ჟიურის სხვა წევრების გადაწყვეტილებით, მამულიას ფილმი მის ფავორიტებში ნამდვილად არ შედიოდა. ეს არაფრით გამორჩეული ნამუშევარია, სავსე ფსევდოინტელექტუალური კადრებითა და სიმბოლოებით. ძალიან გაწელილი ეპიზოდები მთავარი პერსონაჟის, ალის უბედურ ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ეს ალი იმდენად ცუდი პროტაგონისტია, რომ მისი ტრაგედია გულს ყველაზე სენტიმენტალურებს თუ აუჩქროლებს. სამაგიეროდ ოსკარის ნომინანტი „ძვირფასი” იყო ემოციების ფეიერვერკი. ლი დენიელსის მძიმე, ძალიან მძიმე ფილმი მოზარდზე, რომელსაც მამისგან შვილი ჰყავს, მეორეზე ფეხმძიმედაა, წონის პრობლემები აწუხებს, სკოლიდან გარიცხეს და ბედთან ერთად დედაც არ აკლებს დარტყმებს. დედას მო’ნიკი თამაშობს. მსახიობმა ამ როლისთვის ოსკარის, ოქროს გლობუსის, ბაფტასა და სანდენსის ჯილდოები მიიღო. ახლა ბათუმის საავტორო კინოს ფესტივალის ლაურეატიცაა. საუკეთესო ქალ მსახიობად ჟიურიმ, სწორედ ის დაასახელა. საუკეთესო რეჟისორი აგუსტი ვილა გახდა ფილმისთვის „კოღოების ბადე”, კიდევ ერთი მშვენიერი ფილმი წლევანდელ ბათუმის კინოფესტივალზე. ოდნავ პროვოკაციული, კარგად დალაგებული ნამუშევარი ესპანურ ოჯახზე, რომელიც ბედნიერების ძიებაშია. მთავარი როლის შემსრულებელი ედუარდ ფერნანდესი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის ჯილდოს მფლობელი გახდა.
ზბიგნევ რიბჩინსკის ფავორიტი იყო გია დიასამიძის ფილმი „ინსაითი”, რომელმაც ჟიურის სპეციალური ჯილდო მიიღო. სპეციალური პრიზები უხვად დარიგდა, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ჟიური შეეცადა გული არავისთვის დაეწყვიტა. „ინსაითთან” ერთად სპეციალური პრიზი მიიღო დოკუმენტურმა ფილმმა „კურდღელი ბერლინიდან”, ასევე ფადინ საჰებ ზამანის მხატვრულმა ფილმმა „არის რაღაც, რაც თქვენ არ იცით”, ნამუშევარმა, რომელიც მარტინ სკორსეზეს „ტაქსის მძღოლის” გავლენით შექმნილი კარგი ირანული ფილმია. რიბჩინსკი ასევე უკმაყოფილო გახლდათ მთლიანად ფესტივალით. მისი აზრით, კონკურსანტ ფილმებში არტი ძალიან ცოტა იყო, სამაგიეროდ ჭარბობდა მელანქოლია და პესიმიზმი, რაც პოლონელი რეჟისორისთვის არამიმზიდველი აღმოჩნდა.
თეატრში, სადაც ჩვენებები იმართებოდა, თეთრის მაგივრად რუხი ფერის ეკრანი იყო. “მართალია კინოთეატრ თბილისს, რომელიც უკვე დაიხურა, ჰქონდა თეთრი ეკრანი, მაგრამ მფლობელმა არ მოგვცა, უკვე გაყიდული გვაქვსო. ჩვენ ძალით ხომ ვერ წავართმევდით. როცა აბას კიაროსტამის ფილმის ჩვენების დროს რეჟისორი ძალიან უკმაყოფილო დარჩა, განაცხადა, რომ ასეთ ეკრანზე თავის ფილმებს არ აჩვენებდა. ამას მოჰყვა საჭირო, თუმცა დაგვიანებული რეაქცია და ერთი დღის შემდეგ უკვე „გააჩინეს” ეკრანი, რომელიც ისევ და ისევ კინოთეატრ თბილისის აღმოჩნდა”, – განაცხადა ფესტივალის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ზვიად ელიზიანმა.
ეკრანის გამოცვლის შემდეგ მაყურებელმა კიაროსტამის „ახლო კადრით” დატკბობა შეძლო. „ახლო კადრი” და სიდიქ ბარმაკის „ოსამა” კინოფესტივალის ორი მშვენება იყო. ორი უპრეტენზიო, ძალიან ძლიერი რეჟისურით გადაღებული ფილმი. ერთმანეთისგან განსხვავებული და ერთნაირად მიმზიდველი. ორად-ორი ფილმი, რომელიც თითქმის ყველას მოეწონა და რომლის დასრულების შემდეგ თეატრის ეზოში მხოლოდ საქებარ სიტყვებს გაიგონებდით. სამაგიეროდ, სხვა სეანსების შემდეგ თითქმის გარჩევებამდე მიდიოდა საქმე.
იმედია, ბათუმის საავტორო კინოს მეექვსე ფესტივალი კინოთეატრში ჩატარდება. გამოჩნდება ხალხი (სპონსორები), რომელიც ხაჭაპურს კინოს ამჯობინებს და ფილმის გემოს არ დაავიწყებს მაყურებელს. მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი გემრიელი ფილმებით მოამზადონ, კარგი მენეჯმენტით შეკაზმონ და ისე მიართვან მაყურებელს. მას ხომ წელს, ბათუმში, კინოს არც ისე გემრიელი ლუკმა ერგო.  

კომენტარები