ოქროს კვეთაზე

0 კომენტარი

სამუშაო რეჟიმი ყოველთვის ერთნაირი იყო. დილის 6 საათზე სახელოსნოში ადიოდა და მთელ დღეს იქ ატარებდა. პერიოდულად, ზემოდან გადმოსძახებდა ხოლმე მეუღლეს – Лиза, кофе! Лиза, чай! შავ ვარაყიანი სათვალით იჯდა თავისივე ხელით გაკეთებულ სამუშაო მაგიდასთან და როგორც წესი, სიგარეტს სიგარეტზე ეწეოდა. საკუთარ ნამუშევრებს არასდროს ფენდა ოთახში, არ უყვარდა. ხოლო მაშინ, როდესაც ერთხელ გადამღები ჯგუფი მივიდა და მასზე დოკუმენტური ფილმის გადაღება სთხოვეს, დათანხმდა, ოღონდ ერთი პირობით – არავითარ შემთხვევაში არ გადაგაღებინებთ როგორ ვხატავ! მე უცხო ხალხის წინ არ ვხატავ!

დღეს ეს სახელოსნო, დროში მუმიფიცირებულს ჰგავს. სივრცეში, სადაც სამარისებული სიჩუმის ხმაც კი ისმის, ყველაფერი ხელუხლებელია: თაროებზე შემოდებული დამტვერილი საბჭოთა ენციკლოპედიები და ნაფტალინში შენახული მხატვრის ფუნჯები, დედ-მამის ფანქარში შესრულებული პორტრეტები და 1949 წელს, რუსთაველის თეატრისთვის გაკეთებული „მეფე ლირის” ესკიზებიც. ასე რომ, თუ ამ ყველაფერს, კედლებში გაჟღენთილ საღებავის სუნს დაუმატებ და დროს ცოტა ხნით მაინც დაივიწყებ, შეიძლება გეგონოს, რომ მისი პატრონი სადაცაა მოვა. ცოტა შეაგვიანდა, მაგრამ, მოვა.
„გამოჩენილი გრაფიკოსი, თეატრალური მხატვარი და ფერმწერი სერგო ქობულაძე დაიბადა ახალციხეში, 1909 წლის 7 თებერვალს. იმ დროს იქ სამხედრო ნაწილი იდგა, სადაც მისი მამა სოლომონ ქობულაძე მსახურობდა. ხატვისადმი მიდრეკილება მომავალმა მხატვარმა ბავშვობის წლებში გამოამჟღავნა...” – მხატვარზე დაწერილი ლამის ყველა სტატია ასე იწყება, რადგან სერგო ქობულაძის ბავშვობასა და ახალციხეში გატარებულ პერიოდზე თითქმის არაფერია ცნობილი ერთი პატარა დეტალის გარდა. ახალციხეში, სერგო რუსულ ენაზე საუბრობდა. მოგვიანებით, როცა უკვე მოზრდილი, ოჯახთან ერთად თბილისში ჩამოვიდა, იმდენად გაუჭირდა ქართულად ლაპარაკი, რომ ერთ დღეს განუცხადებია – ქართველი, დამტვრეული ქართულით აღარასდროს ვილაპარაკებო. მას მერე, სერგო ქობულაძეს აღარასდროს ულაპარაკია ქართულად. როგორც მისი შვილი მერაბი მოგვიანებით გაიხსენებს, როდესაც მათთან ნათესავები ჩამოდიოდნენ ხოლმე გურიიდან, სერგო მეზობელს ეძახდა – Приди, ну... Пообщайся с ними. Ты же знаешь, я не могу.
14 წლის იყო, როდესაც აკადემიაში ჩააბარა. მართალია, სასწავლებელში მიიღეს, თუმცა, როგორც კი მისი ასაკი გაიგეს, გამოაგდეს – ჯერ საშუალო დაამთავრე და მერე მოდიო. 2 წელიწადში გ. გაბაშვილთან, ე. ლანსერესთან და ი. შარლემანთან სწავლობდა. აკადემიის დამთავრების შემდეგ, მალევე გაემგზავრა მოსკოვსა და ლენინგრადში. განსაკუთრებული მისია ჰქონდა: უნდოდა მუზეუმებში დაცული ძველი ისტორიული სურათები გაეცნო, შეესწავლა. აქ უკვე გამოჩნდა მისი ინტერესის საგანი – წარსული ეპოქების ხელოვნება, რენესანსის სული, გმირის ჰეროიკული ხასიათისადმი სწრაფვა. ის, რაც მოგვიანებით, მის გრაფიკულ თუ ფერწერულ ნამუშევრებში იჩენს თავს.
1937 წელს, საქართველო რუსთაველის პოემის იუბილეს აღნიშვნას აპირებდა და ამიტომ, ორიოდე წლით ადრე, „ვეფხისტყაოსნის” ილუსტრირებაზე კონკურსი გამოცხადდა. ეს ის პერიოდია, როდესაც 26 წლის სერგო, რუსთაველის 36-ში, ერთ ჩვეულებრივ იტალიურ ეზოში მეუღლესთან და მამასთან ერთად ცხოვრობდა. სამუშაოდ მხოლოდ 8 კვ. მეტრის ოთახი ჰქონდა, სადაც ზოგჯერ მოტრიალებაც კი ჭირდა. აკადემიის სხვა კურსდამთავრებულების მსგავსად, ამ კონკურსში სერგოც იღებდა მონაწილეობას. გუაშში შესრულებული მისი „ვეფხისტყაოსანი”, დღემდე, პოემის ერთ-ერთ საუკეთესო ილუსტრაციებად ითვლება და მოსკოვში, ტრეტიაკოვის ცნობილ გალერეაში ინახება. ამ გამარჯვებამ მხატვარს დიდი აღიარება მოუტანა. „ვეფხისტყაოსანს” კი მოჰყვა შექსპირის პიესების ილუსტრაციები, ფერწერული ტილოები, სხვადასხვა თეატრებისთვის რამდენიმეწლიანი აქტიური მუშაობა სცენაზე, სამხატვრო აკადემიაში რექტორობა და პედაგოგიური მოღვაწეობა, ჯილდოები.
მიუხედავად იმისა, რომ მის სახელს ყველა მოწიწებით მოიხსენიებდა და სტალინის პრემიის ლაურეატობაც ორჯერ მიაკუთვნეს, სახელისუფლებო წრეებისთვის საყვარელი არტისტი არასდროს ყოფილა. ალბათ ხასიათის გამო – მას ხომ მკაცრ და მძიმე ადამიანად თვლიდნენ, რომელიც ყოველთვის ყველაფერს პირდაპირ აბრეხვებდა და საკუთარი აზრის ხმამაღლა გამოთქმას არასდროს ერიდებოდა. ალბათ ამის გამო იყო, რომ სიცოცხლეში არასდროს ღირსებია პერსონალური გამოფენა. ავტორის ხასიათი ძალიან კარგად ჩანდა მის ნამუშევრებშიც; მკაცრი ხაზები, ტილოზე სკულპტურულად გამოძერწილი ფიგურები და მონუმენტალიზმი; მკაფიოდ დამუშავებული ფორმები. სწორედ ამ თვისებების „ბრალია”, რომ 50-იან წლებში, იტალიაში, ვენეციის ბიენალეზე ქობულაძის „დანტემ” დიდი მოწონება დაიმსახურა.
მოგვიანებით, ოჯახი უზნაძის, მაშინდელ კამოს ქუჩაზე გადავიდა საცხოვრებლად. სახელოსნო, სახლის ზემოთ, ბოლო სართულზე ჰქონდა. ეს უკვე ნამდვილი სამუშაო გარემო იყო: შუშის სახურავით და საჭირო სათავსოებით. საღებავის სუნით გაჟღენთილი მისი სამეფო, სადაც პატრონის დაუკითხავად, რაიმესთვის ხელის მოკიდება უბრალოდ, წარმოუდგენელი იყო. მთელ დღეებს აქ ატარებდა. სწორედ ამ დროს იყო ხოლმე – Лиза, кофе! Лиза, чай! თუმცა, როგორც კი საქმე მორჩებოდა და სამუშაო შესრულებული იყო... აი, მაშინ იწყებოდა განტვირთვის დღეები. სიგარეტს ხომ ისედაც არ იშორებდა, კონიაკი კი... დღეში ორი ბოთლიც კი. მარტო, როგორც თავად ეძახდა – თავის „კაიუტაში” ანუ საძინებელში წამოწვებოდა და... სრულ მარტოობაში ისვენებდა. ლიზა? ლიზა კი ამ დროს აკეთებდა ყველაფერს, რაც ოჯახისთვის იყო საჭირო. უვლიდა ბავშვებს, „განტვირთვის დღეებში” მყოფ ქმარს...
1973 წელი იყო. – Аппарат, принесите аппарат! – ერთ დღეს, სახელოსნოდან სერგოს აღელვებული ხმა გაისმა. ვერანდაზე გავიდნენ. სერგო უკვე იქ იდგა. პირდაპირ, მტკვრის მეორე მხარეს, რაღაც შენობას ცეცხლი ეკიდა. „მგონი ოპერის შენობა იწვის”, –ჩუმად ჩაილაპარაკა.
როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, მაშინ როდესაც ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე საზეიმოდ დაეშვა ფარდა, დარბაზი ერთი საათი უკრავდა ტაშს. ურთულესი ტექნიკით შესრულებულ ამ მონუმენტურ ნამუშევარში, თითქმის შეუძლებელი იყო გამოგეცნო, რომ ეს ფარდა, ხელით შესრულებული ტილო იყო. მის შექმნას რამდენიმე წელი მოანდომა, 170 კვ. მეტრის ფართობის ტილო ძირს ჰქონდა დაფენილი და ისე ხატავდა. მრავალფენიანი ფერწერის ტექნიკით მუშაობდა, სასურველი ფერის მისაღებად ფერებს ეტაპობრივად, სართულებად ადებდა ერთმანეთს. და ამ დროს... არავინ იცოდა საიდან და რატომ გაჩნდა ხანძარი. ან კი ამას რაღა მნიშვნელობა ჰქონდა სერგოსთვის. ფაქტია, ფარდა რამდენიმე საათში გაქრა.
მიუხედავად იმისა, რომ არასდროს საუბრობდა საკუთარ განცდებზე, ოჯახში იცოდნენ, სერგოს დეპრესია დაეწყო. თითქოს ჩაიკეტა კიდეც. ამ დროს თითქმის აღარ ხატავდა. რამდენიმე წელი „ოქროს კვეთას” მოანდომა. ამ კვლევით სამუშაოებს ფიზიკოს-მათემატიკოსებთან ერთად 12 წელი დაუთმო. გამოიკვლია ანტიკური და ქართული არქიტექტურული ძეგლების კომპოზიციური აგების პრინციპები. სჯეროდა, რომ ეს ყველაფერი რიცხობრივ კანონებს ემორჩილებოდა და წლების განმავლობაში, ამ კანონზომიერების ამოსახსნელ განტოლებას ეძებდა, გეომეტრიულად ხსნიდა. ისწავლა არქიტექტურა, გეომეტრია, მთელ დღეებს ხაზვაში ატარებდა. დარჩა მხოლოდ მისი ნახაზები და ცალკეული ჩანაწერები. მიუხედავად იმისა, რომ 1994 წელს, ვლადიმერ კანდელაკის დახმარებით ეს წიგნი გამოიცა, სადაც ქობულაძის ნახაზები შევიდა, „ოქროს კვეთის” საიდუმლო მაინც ბოლომდე ამოუცნობი დარჩა.
* * *
ტილო უკვე გადაჭიმული იყო. ამჯერად, ფარდა უფრო დიდი უნდა ყოფილიყო. სერგოს გარდა სხვამ ვერავინ გაბედა ხელის მოკიდება. ახალი ფარდის ესკიზები – გაკეთებული. სამუშაოები სიცხის გამო სექტემბრამდე გადადეს. ჩვეულებრივი დღე იყო. როგორც ყოველთვის, ადრე ადგა. სახელოსნოში ავიდა. რაღაც დიდი ხანია არ დაუძახია – Лиза, кофе! იქნებ რაიმე სჭირდება, მერაბი ზემოთ ავიდა. მამა გარდაცვლილი დახვდა.
დღეს, მისი დამტვერილი სახელოსნო მხოლოდ იმ შემთხვევაში იღება, როდესაც წვიმების შემდეგ ოჯახი მორიგი დაზიანებების სანახავად მიდის. ცოტა ღრმად, მეორე ოთახში, წლების წინ დაწერილი მისი ნაშრომია: თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს ხატვა აკადემიაში. თაროებზე უამრავი რკინის ტუბი და ყუთი აწყვია. ჰო, და კიდევ – შავ ჩარჩოში ჩასმული სერგოს და ვასიკოს ეს ფოტო. ვასიკო? ვასიკო ერთი ჩვეულებრივი კატა იყო. შავი კატა, რომელიც პატრონს ძალიან უყვარდა და ალბათ ანებივრებდა კიდეც. მაგრამ კატა ხომ კატაა, ჰოდა ამდგარა ერთ დღეს და წასულა. აი ასე, გაუფრთხილებლად. მაგათ ხომ ეგრე იციან.
P.S. 2 ოქტომბერს, ალ. ჭავჭავაძის წინანდლის სახლ-მუზეუმის ერთ-ერთ დარბაზში, სერგო ქობულაძის გამოფენა იხსნება, სადაც მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შექმნილ ნამუშევრებთან ერთად, ოპერისა და ბალეტის თეატრის ცნობილი ფარდის ესკიზიც იქნება წარმოდგენილი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები