ევროკავშირი საქართველოში ახალ ელჩს გზავნის

ევროკავშირს საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს – ფილიპ დიმიტროვი – ბულგარეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. გაერთიანების საგარეო საქმეთა უმაღლესმა წარმომადგენელმა, ქეთრინ ეშტონმა, 28 ახალი ელჩი წარადგინა. ისინი ევროკავშირის ინტერესებს სხვადასხვა ქვეყანაში დაიცავენ. მათგან თორმეტი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ნაციონალური მთავრობებიდან, თექვსმეტი კი ევროკომისიის აპარატიდანაა. 
„მე დავნიშნე საუკეთესო ხალხი შესაფერის თანამდებობებზე”, – განაცხადა ეშტონმა 15 სექტემბერს ბრიუსელში.
სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილები – ჩინეთსა და იაპონიაში – გერმანელსა და ავსტრიელს ერგო. რაც შეეხება აღმოსავლეთ ევროპელებს – პოლონელი სამხრეთ კორეასა და იორდანიაში დაიცავს ევროკავშირის ინტერესებს. ლიტველი ჯერ კიდევ მანამდე დასახელდა ავღანეთში წარმომადგენლად, ბულგარელი კი საქართველოში გამოგზავნეს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში ელჩის თანამდებობაზე ყველაზე დიდი კონკურსი იყო – 48 კანდიდატი ერთ ადგილზე. კრიტიკაზე, რომ ევროკავშირის ახალი წევრები სრულფასოვნად არ არიან წარმოდგენილნი ევროკავშირის დიპლომატიურ სამსახურში, ეშტონმა უპასუხა, რომ ეს დანიშვნების მხოლოდ პირველი ეტაპია.
ფილიპ დიმიტროვი ბულგარეთის პრემიერი 1991 წელს გახდა და ამ პოსტზე დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში იმუშავა. მთავრობაში ყოფნის მოკლე პერიოდში მან აამუშავა ახალი დემოკრატიული ინსტიტუტები და წამოიწყო ამბიციური პოლიტიკურ-ეკონომიკური რეფორმები.
მოგვიანებით ის იყო ბულგარეთის წარმომადგენელი გაეროში. 1998 წლიდან 2002 წლამდე კი ბულგარეთის ელჩი აშშ-ში. დიმიტროვს კომუნიზმთან ბრძოლისათვის ტრუმენისა და რეიგანის სახელობის ჯილდო აქვს მიღებული.
 

 

კომენტარები