რას გულისხმობს ოფშორინგი?

2012 წლისათვის მსოფლიოში ოფშორინგის ბაზარი 168 მილიარდ დოლარს შეადგენს. რას გულისხმობს ოფშორინგი?
გარკვეული საქმის შესასრულებლად ერთი კომპანია ქირაობს სხვა კომპანიას, რათა დაზოგოს საკუთარი რესურსები, დრო, ფული და გაუნაწილოს პასუხისმგებლობა სხვას. ამ პროცესს უწოდებენ აუთსორსინგს – ანუ ზედმეტი თავისტკივილის სხვისთვის გადაბარების პრაქტიკას. ტრანსნაციონალური კომპანიები ამ გზას მთელი მსოფლიოს მასშტაბით მიმართავენ და სხვა ქვეყნების იაფ მუშახელს იყენებენ. სწორედ ამ ბიზნეს-მოდელს უწოდებენ ოფშორინგს.
დღესდღეობით ისეთ ქვეყნებს შორის, როგორებიცაა ჩინეთი, ინდოეთი, მალაიზია, მაროკო და აფრიკის ქვეყნები, გაცხარებული კონკურენციაა. ისინი ცდილობენ ამ ბაზარზე მსოფლიოში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას. ამ ბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი უცხო ენის ფლობაა. მაგალითად, ეგვიპტე, განა და ტუნისი ცდილობენ, ოფშორინგისთვის პრიორიტეტულ ქვეყნებად იქცნენ საუდის არაბეთისა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებისთვის. მაროკოში ერთი ფრანგულენოვანი ადგილობრივი თანამშრომლის დაქირავება საფრანგეთთან შედარებით ერთი მესამედით ნაკლები ჯდება.
ოფშორინგის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიმუში სატელეფონო მომსახურების ცენტრების ინდოეთში გადატანაა. ამერიკელი მომხმარებლების პრეტენზიებს ადგილობრივები აღარ პასუხობენ. ზარი გადამისამართდება ინდოეთში და მომხმარებელს ამერიკული აქცენტით მოსაუბრე ინდოელები ემსახურებიან – თან, ფსევდოამერიკული სახელებით. დღეისთვის ინდოეთში 245 ათასი ადამიანია დასაქმებული სატელეფონო მომსახურების სფეროში. ასეთი ტიპის სამსახური განვითარებულ ქვეყნებში დაბალხელფასიან, არაპრესტიჟულ სამუშაოებად ითვლება, ამ აზიურ ქვეყანაში კი სატელეფონო მომსახურების ცენტრებში მუშაობა მაღალ ხელფასსა და პრესტიჟულ სამსახურს გულისხმობს. მაგალითისთვის, ერთი თანამშრომლის დაქირავება წელიწადში თუ ინდოეთში 15 ათასი დოლარი ღირს, ამერიკელი თანამშრომლის დაქირავება 65 ათასი დოლარი ჯდება.
ასეთივე გავრცელებული ოფშორინგული სერვისებია საგამომცემლო კომპანიებისთვის დიდი მოცულობის ინფორმაციის ციფრულ ფორმატში გადაყვანა, საბუღალტრო ანკეტის შევსება და საგადასახადო სამსახურებთან ანგარიშსწორების წარმოება, ჯანდაცვის სფეროში მომსახურება, ფოტოების დამუშავების სერვისი, საინჟინრო ნახაზები და სხვა.
სახელმწიფოში ოფშორინგისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად, მნიშვნელოვანია იაფი და გამოცდილი მუშახელის არსებობა, უცხო ენის და კულტურის საფუძვლიანი ცოდნა, პოლიტიკური სტაბილურობა და, ზოგადად, ქვეყნის იმიჯი. საგულისხმოა ქვეყნებს შორის საათობრივი სხვაობაც, რაც სამუშაოს რაციონალურ განაწილებას უწყობს ხელს. მაგალითად, ოფშორინგული პრაქტიკის მიხედვით, ამერიკაში სამუშაო საათების დასრულების შემდეგ, შეიძლება საპროექტო კომპანიამ მონახაზი გაგზავნოს, ვთქვათ, ინდოეთში. იქ ამ მონახაზს დაამუშავებენ, უკან გააგზავნიან და დილისთვის დასრულებული ნახაზები დახვდებათ.
ოფშორინგისთვის ხელსაყრელი ქვეყნის სტატუსის მოპოვება იოლი არ არის. ინდოეთს 20 წელიწადი დასჭირდა, რომ ამ თვალსაზრისით შესაბამისი გამოცდილება მიეღო, ინფრასტრუქტურა გაემართა და 14-მილიარდიანი შემოსავლის მქონე ბიზნესი აეწყო.
მსგავსი ბიზნესის მოსაზიდად სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები განსხვავებულ ხერხებს მიმართავენ. ძირითადად, მათი შეთავაზებები სამ სახეობად იყოფა: საგადასახადო შეღავათები, ინფრასტრუქტურის განვითარება და ადგილობრივი მუშახელის ტრენინგები. ინდოეთის მთავრობა მულტინაციონალურ კომპანიებს დასახული მიზნის მისაღწევად სამივე სახის დახმარებას სთავაზობს – 2015 წლისთვის ამ სფეროში 500 ათასი ადამიანის დასაქმება ივარაუდება. საგადასახადო შეღავათი 5 800-ევროიანი ტრენინგის სუბსიდირებას, საშემოსავლო გადასახადის შემცირებას და კორპორაციული გადასახადისგან ხუთწლიან გათავისუფლებას გულისხმობს. კენია აქცენტს ინფრასტრუქტურის განვითარებაზე აკეთებს და სპეციალური ინდუსტრიული პარკის მშენებლობას გეგმავს. ჩამოსული კომპანიისთვის ყველა ინფრასტრუქტურა წინასწარ გამზადებული და მოწესრიგებული იქნება.
აქვს თუ არა საქართველოს ოფშორინგისთვის ხელსაყრელ ქვეყნად ქცევის პოტენციალი? ამ შესაძლებლობის გამოყენება დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ქვეყანა, რამდენად აუწყობს ფეხს თანამედროვე ბიზნესს, ისარგებლებს თუ არა თანამშრომლობის და კონკურენციის ახალი შესაძლებლობებით.  

კომენტარები