სტოკჰოლმის სინდრომი

პირველად შვედეთის ისტორიაში, საპარლამენტო არჩევნებში ზედიზედ მეორეჯერ მემარჯვენე ალიანსმა გაიმარჯვა. 19 სექტემბრის არჩევნებში ერთმანეთს ორი კოალიცია, ალიანსი და ე.წ. წითელ-მწვანეების კოალიცია დაუპირისპირდა. ალიანსის ლიდერი მოქმედი პრემიერ-მინისტრი ფრედრიკ რაინფელტია. ის შვედეთის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდაა, ვინც ეს პოსტი დაიკავა. სოციალ-დემოკრატებმაც პირადი რეკორდი დაამყარეს; ქვეყნის ყველაზე დიდმა პარტიამ, წითელ-მწვანეთა კოალიციის ბურჯმა, 1920 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი შედეგი აჩვენა.
ალიანსი მემარჯვენე ცენტრისტულ პარტიებს აერთიანებს: ზომიერ პარტიას, ლიბერალი ხალხის პარტიას, ცენტრის პარტიას და ქრისტიან-დემოკრატებს. ამ გაერთიანებამ, ხმათა 49.3%, 349-დან 173 მანდატი მოიპოვა. წითელ-მწვანეთა კოალიციაში სოციალ-დემოკრატები, მწვანეთა პარტია და მემარცხენე პარტია (ყოფილი კომუნისტები) არიან. აღნიშნულმა კოალიციამ 43%, 156 ადგილი მიიღო. ანტიიმიგრაციული პარტია, შვედეთის დემოკრატები, რომელთაც ხმათა 5.7% მოაგროვეს, არც ერთ კოალიციას არ ეკუთვნის.
უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ამომრჩეველმა ჰოლანდიაში, ბელგიაში, დიდ ბრიტანეთში, ჩეხეთსა და უნგრეთში ხელისუფლების სათავეში მემარჯვენე პარტიები მოიყვანა. მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შემდეგ სოციალიზმის რენესანსის მოლოდინი არ გამართლდა. ცხადი გახდა, რომ საზოგადოებისთვის სამსახურის და იმიგრაციის პრობლემა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სოციალური თანასწორობა.
სოციალ-დემოკრატები შვედეთს უკანასკნელი 76 წლიდან 65 წელი მართავდნენ. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, ცივი ომის დროს, მსოფლიოში ორი ეკონომიკური მოდელი იყო გავრცელებული: კაპიტალიზმი და ტოტალიტარული კომუნიზმი. ბიპოლარულ მსოფლიოში შვედეთმა „მესამე გზის” მოდელი შექმნა. ამ გზას თანასწორობა და ეკონომიკური განვითარება უნდა შეეთავსებინა. თუმცა შვედეთის ეკონომიკამ დიდხანს ვერ გაუძლო კეთილდღეობის სახელმწიფოს ტვირთის ზიდვას. 1990-იან წლებში და დღესაც შვედეთი რეფორმაციას ვერ ახერხებს და გლობალური კონკურენცია მის ეკონომიკას საფრთხეს უქმნის.
შვედური სამოთხის შესახებ შექმნილი მითები ხშირ შემთხვევაში მცდარია. ამის მაგალითად ცხოვრების დონეც გამოდგება. გავრცელებული აზრის მიხედვით, კეთილდღეობის ამ სახელმწიფომ შეძლო თითოეული მოქალაქისათვის კომფორტის შექმნა. რეალურად კი, შვედეთისა და დანარჩენი განვითარებული მსოფლიოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს შორის განსხვავება დიდია. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში, შვედეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე 20%-ით ჩამორჩება აშშ-ისას.
შვედეთის სამუშაო ბაზარზე მცირე დაკვირვებაც კი საკმარისია ეკონომიკური პრობლემების აღმოსაჩენად. შვედეთი მსოფლიოში პირველ ადგილზეა პროფესიულ კავშირებში გაერთიანებული მუშახელის რაოდენობით, რაც სამუშაო ბაზარს მოუქნელს ხდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ამ ქვეყნის სამუშაო ასაკის მოსახლეობის თითქმის ერთი მეხუთედი უმუშევარია. სტატისტიკის მიხედვით, 1992 წლიდან 2007 წლამდე დასაქმებულთა რიცხვი ყოველწლიურად 0.4%-ით მცირდებოდა. დანარჩენ ევროპაში კი ეს მაჩვენებელი საშუალოდ 0.5%-ით იმატებს. ამასთანავე, შვედები ყველაზე ხშირად აცდენენ სამსახურს „ავადმყოფობის’’ გამო. დღესდღეობით სახელმწიფო სამჯერ უფრო მეტ თანხას ხარჯავს ავადმყოფობის გამო სამუშაოს გაცდენის და პენსიაზე ადრე გასვლის დასახმარებლად, ვიდრე თავდაცვაზე.
შვედეთის ეკონომიკას დიდ პრობლემას უქმნის იმიგრაცია და დემოგრაფიული მდგომარეობა. იმიგრაციის ერთ-ერთი უმთავრესი ხელშემწყობი სოციალიზმია. მიგრანტები მოსახლეობის 20%-ს აღწევენ. მათი უმრავლესობა უმუშევარია, რადგან სოციალური დახმარება მათთვის საკმარისია. შესაბამისად, ისინი უფრო ფართო სოციალური პროგრამების მომხრენი არიან და, ტრადიციულად, სოციალ-დემოკრატებს აძლევენ ხმას. იმიგრანტთა დიდი რაოდენობა და სამუშაო ადგილების ნაკლებობა ანტიიმიგრაციული პარტიის გამარჯვების მიზეზი გახდა. შვედეთის დემოკრატები პირველად მოხვდნენ პარლამენტში.
შვედეთს მსგავსი პრობლემები 1990-იან წლებშიც აწუხებდა. ეკონომიკური ბუმის დასასრულს სახელმწიფოს აღარ შეეძლო უდიდესი სოციალური პროგრამების შენარჩუნება. მაშინ პრემიერ-მინისტრი, ამჟამად საგარეო საქმეთა მინისტრი, ლიბერალ-კონსერვატორი კარლ ბილდტი გახდა. მან პირველად შემოიღო სასკოლო ვაუჩერები, მოახდინა ტელეკომუნიკაციების და ენერგოსექტორის პრივატიზაცია. ბილდტმა ჯანდაცვის სისტემა გადაიყვანა კერძო სექტორზე, შეამცირა ბიუჯეტის ხარჯვა. მისმა რეფორმებმა შვედეთი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან გამოიყვანა. ბილდტმა საპენსიო რეფორმაც გაატარა და pay as you go სისტემა, დაგროვებითი სისტემის ტიპის მოდელით შეცვალა.
შვედური სისტემის კრახს მემარცხენე სოციალ-დემოკრატებიც აღიარებენ. მათი მხარდაჭერა შვედეთში 45%-დან 30%-მდე შემცირდა. ისინი უკვე ვეღარ ქმნიან ინტელექტუალურ გარემოს და მემარჯვენე პარტიებს რეფორმაციის აუცილებლობაში ნაწილობრივ ეთანხმებიან. 90-იან წლებში სოციალ-დემოკრატმა პრემიერ-მინისტრმა გორან პერსონმა გააგრძელა ბილდტის რეფორმები. ბოლო წლებში ისინი ცენტრისკენ უფრო მეტად იხრებიან.
მიუხედავად იმისა, რომ კონსენსუსი ეკონომიკური რეფორმაციის აუცილებლობის შესახებ თითქმის მიღწეულია, ზოგიერთი რამ მაინც უცვლელი რჩება. მაგალითად მაღალი გადასახადები, რომლებიც შვედეთში თითქმის 60%-ია.
სხვა დანარჩენ ფაქტორებთან ერთად ეკონომიკაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სახელმწიფოს ხარჯვის მშპ-სთან მიმართებას. ამ მაჩვენებელმა მთლიან ევროპაში პიკს (52.2%) 1993 წელს მიაღწია. 2007 წლისათვის მხოლოდ 4 მთავრობა ხარჯავდა თავისი მშპ-ს ნახევარზე მეტს: უნგრეთი, დანია, შვედეთი და საფრანგეთი. უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში ქვეყნების უმრავლესობამ შეამცირა ხარჯვა და ევროპის საშუალო 52.2%-დან 46.2%-მდე დაეცა. შვედეთი სოციალისტური ქვეყნების სათავეში დიდი ხნის განმავლობაში იყო, თუმცა 2007 წლისათვის მთავრობამ ხარჯვა თითქმის 20%-ით შეამცირა.
გამარჯვებული მემარჯვენე ალიანსი ამომრჩეველს ახალ საგარეო კურსსაც შესთავაზებს. შვედეთის მემარჯვენე მთავრობები ტრადიციულად უფრო ახლოს არიან დასავლეთთან და ევროკავშირთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ. საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა ევროკავშირთან და ნატოსთან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ შვედეთი ნატოს წევრი ქვეყანა არ არის, ის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. სტოკჰოლმი ცდილობს ნეიტრალური იყოს, თუმცა საუბრები ნატოში გაწევრიანებაზე საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია.
ამასთანავე, შვედეთი მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩრდილოეთის თანამშრომლობის მოძრაობაში. მასთან ერთად ამ ორგანიზაციაში ფინეთი, ნორვეგია, ირლანდია და ბალტიის ქვეყნები შედიან. მოძრაობა საერთო თავდაცვის სისტემის შექმნისაკენაა მიმართული. რუსეთის სამხედრო ძლიერების ზრდის გათვალისწინებით, შვედეთი და მთლიანად ჩრდილოეთის თანამშრომლობის ორგანიზაცია მნიშვნელოვანია. კარლ ბილდტი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ნატოში ინტეგრაციის მომხრეა. ის ხშირად საუბრობს რუსეთის აგრესიულობაზე. მან რუსეთ-საქართველოს ომი სუდეტის კრიზისს შეადარა.
შვედეთს ისევ აქვს დიდი ეკონომიკური პრობლემები. მიუხედავად ამისა, რეფორმების მეშვეობით ის წელს ყველაზე სწრაფად მზარდი ევროპული ქვეყანა შეიძლება გახდეს. ლიბერალ-კონსერვატორების მმართველობიდან მოყოლებული გაიზარდა შვედეთის გლობალური კონკურენტუნარიანობის მაჩვენებელი. სოციალ-დემოკრატების დროს იგი ამ რეიტინგში მეხუთე ადგილზე იყო. წელს შვეიცარიის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს. შვედეთის ეკონომიკური თავისუფლება, Heritage Foundation-ის მიხედვით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრად გაუმჯობესდა. 1995 წელს შვედეთის ეკონომიკური თავისუფლების ინდექსი 60 იყო, დღეს ის 72-ს უტოლდება.
შვედეთში მემარჯვენე მთავრობის მოსვლა ნათლად აჩვენებს, რომ ეკონომიკურმა კრიზისმა ევროპის მოქალაქეების იდეოლოგიაც შეცვალა. ტრადიციულად სოციალიზმისკენ მიდრეკილი ქვეყნებიც კი ეკონომიკის გადასარჩენად მემარჯვენე რეფორმების აუცილებლობას ხვდებიან.

კომენტარები