კონტრაცეფცია

აბი თუ აბორტი

ექიმო, ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ნამდვილად ჭარბთმიანობასა და გასუქებას იწვევს?! ბავშვის გაჩენას როცა გადავწყვეტ, ხომ შეიძლება, ვეღარ დავფეხმძიმდე?!” – დაბნეული პაციენტებისგან ამგვარი შიშნარევი კითხვების მოსმენა ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების მავნებლობაზე ქართველ გინეკოლოგებს ხშირად უწევთ. თუმცა, ამ ქალებს გაუმართლათ. ისინი ხომ ექიმებს ესაუბრებიან. გინეკოლოგები მათ არა მხოლოდ უსაფრთხო საშუალებების შერჩევაში ეხმარებიან, იმაშიც არკვევენ, რომ კონტრაცეფციის ამა თუ იმ მეთოდის გამოყენების შეწყვეტისთანავე უპრობლემოდ შეძლებენ დაორსულებას.

უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ჰორმონალური აბები არათუ ვნებს ქალს – პირიქით, არაერთი დაავადებისაგან იცავს. მათ მომხმარებელს ნაკლებად ემართება კიბო ან გულის დაავადებები, ნაკლებად აწუხებს მენსტრუალური ტკივილი, მცირდება მენსტრუაციის ხანგრძლივობაც. თუმცა ძალიან იშვიათად, ქალის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ჰორმონალური აბის მიღებამ შესაძლოა ისეთი გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, როგორიცაა ვენური თრომბოზი ან ინფარქტი. სწორედ ამიტომ, კონტრაცეფციის მეთოდის სწორად შერჩევისთვის ექიმთან ვიზიტია საჭირო. კონტრაცეფცია ყველა ქალისთვის ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მეთოდის თავისებურების გათვალისწინებით. თუ პაციენტს ამა თუ იმ საშუალების მიმართ უკუჩვენება არ აქვს, თავად შეუძლია აირჩიოს, მისთვის ყველაზე მოსახერხებელი და სასურველი.

როგორც ირკვევა, იმ ქალების რიცხვი, რომლებიც სტერეოტიპების ტყვეობაში რჩებიან, ცოტა სულაც არ არის. კვლევები უჩვენებს, რომ ქართველი ქალები კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებს ტრადიციულ “თავდაცვას” ამჯობინებენ. ტრადიციულ მეთოდებში არასრული სქესობრივი აქტი, ანუ საშვილოსნოს გარეთ ეიაკულაცია და ოვულაციის დღეების მიხედვით თავის დაცვის პრაქტიკა მოიაზრება. ტრადიციული მეთოდები მოუხერხებელია, არასაიმედო და დაფეხმძიმების ალბათობით მკვეთრად უსწრებს თანამედროვეს. შედეგად, ქართველი ქალები აბორტის სიხშირის მაჩვენებლით მსოფლიოში ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებენ. ეს მაშინ, როდესაც მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ შეთანხმებულან, თუ როდიდან შეიძლება განვიხილოთ ჩანასახი სიცოცხლედ.

საგულისხმოა საქართველოს საპატრიარქოს პოზიციაც, ის კონტრაცეფციას აბორტთან აიგივებს და ორივეს თანაბარ ბოროტებას უწოდებს. მსგავსი დამოკიდებულება აქვს კათოლიკურ ეკლესიასაც.

კონტრაცეფცია ქალებს მარტივ არჩევანს სთავაზობს – ისინი თვითონ წყვეტენ სურთ თუ არა დაფეხმძიმება. თანამედროვე ცხოვრების წესისა და ტემპიდან გამომდინარე, წყვილებისთვის ოჯახის დაგეგმვა აუცილებლობად იქცა.

კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებს შორის ყველაზე გავრცელებული საშუალებებია: ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონალური აბები, საშვილოსნოს შიდა საშუალება – სპირალი და პრეზერვატივი ანუ კონდომი (ეს მეთოდი, სხვა საშუალებებისაგან განსხვავებით, წყვილს სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისაგანაც იცავს).

ჩასახვის საწინააღმდეგო მეთოდებიდან ყველაზე საიმედოდ საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფციას (ე.წ. სპირალი) და აბებს მიიჩნევენ. თუ პაციენტი ზუსტად იცავს აბის მიღების ინსტრუქციას, დაორსულების თეორიული შანსი 0,3%-ია. საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია ქალისგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს. მას არც მაღვიძარა საათის დაყენება სჭირდება აბის მიღების შესახსენებლად და არც აფთიაქში სირბილი. პირველი მათგანი ორ ქალურ ჰორმონს – ოსტროგენსა და პროგესტოგენს შეიცავს. ეს ჰორმონები ოვულაციას, ანუ მომწიფებული კვერცხუჯრედის გამოყოფას აღკვეთს. რაც შეეხება სპირალს, იგი საშვილოსნოს ყელში თავსდება და ხელს უშლის სპერმატოზოიდების კვერცხუჯრედის მიმართულებით გადაადგილებას, რითაც ჩასახვის პროცესს გამორიცხავს.

ევროპაში – ინგლისში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში – ყველაზე ხშირად ჰორმონალურ აბებს იყენებენ. 30 წლამდე ქალები აშშ-იც სწორედ ამ საშუალებას ირჩევენ. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის 2009 წლის მონაცემებით, ქართველი ქალების უმრავლესობაც, ვინც ექიმს მიმართა, ჰორმონალურ აბებს ანიჭებს უპირატესობას.

ადამიანები ძველ დროშიც მიმართავდნენ კონტრაცეფციის სხვადასხვა მეთოდს. ჯერ კიდევ ძველ ინდოეთში ქმართან დაწოლის წინ ქალები საშოში ისვამდნენ ქვის მარილის, მცენარეული ზეთისა და გასუფთავებული ნაღების კარაქის ნაზავს. ძველი ეგვიპტელი ღარიბი ქალები ნიანგის განავალს, ხოლო დიდგვაროვნები სპეციალურ ტამპონებს იყენებდნენ, რომელიც აკაციის წვენით და თაფლით იყო გაჟღენთილი. ძველი ბერძნები სპეციალურ კრემებს ამზადებდნენ – ზეითუნის ზეთის, ტყვიის ფხვნილისა და საკმევლის გამოყენებით. ეს საშუალებები ძირითადად ქალებისთვის იყო გათვლილი. თუმცა, ზოგჯერ პასუხისმგებლობას მამაკაცებიც იღებდნენ. ერთ-ერთი გზა აქტის შეწყვეტა იყო. ასევე, კონდომი, რომლის წარმოშობის დროზე დავობენ. მას, სულ მცირე, 400 წელია იყენებენ. პრეზერვატივის წინაპარს ადრე ცხოველების ორგანოებისგან ამზადებდნენ.

რაც შეეხება ჰორმონალურ აბებს ანუ ორალურ კონტრაცეპტივებს, მას წელს იუბილე აქვს. ზუსტად 50 წლის წინ, 1960 წლის მაისში, ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ დაუშვა ორალური კონტრაცეპტივის გამოყენება. მაშინ და მას შემდეგაც, დიდი ხნის მანძილზე, ეს აბები აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. გამოგონების ისტორიაც თავის მხრივ პარადოქსულია – ორალური კონტრაცეპტივი მორწმუნე კათოლიკე ექიმმა, ჯონ როკმა აღმოაჩინა, რომელიც, სინამდვილეში, უშვილობის წამალს ეძებდა. მას ჰორმონი პროგესტერონი შეჰყავდა ქალის ორგანიზმში, რაც ოვულაციას აფერხებდა, შემდეგ წყვეტდა ჰორმონის მიწოდებას და საპირისპირო ეფექტს ელოდა.

ამერიკის შეერთებული შტატებისთვის 60-იანი წლები გარდამტეხი აღმოჩნდა. იმდროინდელ მოვლენებს სოციალური და სექსუალური რევოლუციის სახელითაც მოიხსენიებენ. გადაფასდა ქალის საზოგადოებრივი როლის ტრადიციული ხედვა. შეიცვალა სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ ქალის მთავარ ფუნქცია დიასახლისობაა. ამ დროს გამოჩნდა აბი – თავდაცვის მარტივი და საიმედო საშუალება. ქალებს უკვე შეეძლოთ, დაეგეგმათ მომავალი, გადაეწყვიტათ, როდის და რამდენი შვილი ჰყოლოდათ, მიეღოთ განათლება და წარმატებულ კარიერაზე ეზრუნათ.
როდესაც კონტრაცეფციასა და ოჯახის დაგეგმვაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ ვახსენოთ ცნობილი რასისტი ქალბატონი, ნიუ იორკის სოციალისტური პარტიის წევრი მარგარეტ სენგერი. სწორედ მან გამოიგონა ტერმინი „შობადობის კონტროლი”, ომელიც უპირველესად შავკანიანი მოსახლეობის მატების შეჩერებას ისახავდა მიზნად.

აბების დაკანონება მარტივი პროცესი არ ყოფილა. თავდაპირველად ის მხოლოდ გათხოვილ ქალებზე გაიცემოდა. იმისთვის, რომ ექიმის დასტური მოეპოვებინათ, მარტოხელა ქალები არაერთ ტყუილს იგონებდნენ. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტყუილი საქმროს ყოლა გახლდათ. აკრძალული იყო კონტრაცეფციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაც, უფრო მეტიც, კონტრაცეფციის რეკლამირება პორნოგრაფიის რეკლამირებას გაუთანაბრეს, შესაბამისად რეკლამა შეფარულად კეთდებოდა: “თუ დაორსულება გსურთ, ეს არ გამოიყენოთ”, რაც მსმენელისთვის იმას ნიშნავდა, რომ ვისაც დაფეხმძიმება არ სურდა, აბი შეეძლო გამოეყენებინა.

ამის მიზეზი საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმები და ეკლესიისგან წამოსული წინააღმდეგობა იყო. ბევრი შიშობდა, რომ ქალები გაირყვნებოდნენ, გახშირდებოდა ღალატი და ოჯახების ნგრევა. მეორენი მათ უმტკიცებდნენ, რომ პირიქით, კონტრაცეფცია გახდებოდა გარანტი მყარი ოჯახებისა, რადგან ის არასასურველი ორსულობით გამოწვეულ უსიამოვნებებს აარიდებდა წყვილებს. ამასთან, ქალები თვითრეალიზებასაც შეძლებდნენ, რაც მათზე და, შესაბამისად, მათ ოჯახებზე მხოლოდ და მხოლოდ დადებით ზეგავლენას მოახდენდა. ამგვარად, ნელ-ნელა და ბევრი ბრძოლის შემდეგ, ამ საშუალებამ მარტოხელა ქალების ცხოვრებაშიც შეაღწია.

მკვლევართა ნაწილი მიიჩნევს, რომ აბებმა სამუდამოდ შეცვალეს მანამდე არსებული სოციალური ურთიერთობები. თუმცა, ნაწილი ამ მედიკამენტის როლს გაზვიადებულადაც მიიჩნევს. ერთი რამ ცხადია – აბები, როგორც იტყვიან, შესაფერის დროს შესაფერის ადგილას აღმოჩნდა.

დღესდღეობით ჰორმონალურ აბებს 100 მილიონზე მეტი ქალი მოიხმარს. ორალური კონტრაცეპტივები, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ქალთა გათავისუფლების სიმბოლოდ იქცა. 1999 წელს ჟურნალმა Economist-მა მას მე-20 საუკუნის უდიდესი სამეცნიერო მიღწევაც კი უწოდა.

კომენტარები