რას და რატომ ამბობდნენ რუსები 1993 წელს

0 კომენტარი

მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლო რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საქართველოს მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს სამხედრო ინტერვენციის დროს შეტანილ სახელმწიფოთაშორისო სარჩელთან დაკავშირებით იურისდიქციის საკითხს განიხილავს და უახლოეს მომავალში თავის გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. თუ საკითხი საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება და გაეროს მთავარი სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს, დაიწყება მისი შინაარსობრივი განხილვა. ამას მნიშვნელოვანი სამართლებრივი და პოლიტიკური შედეგები შეიძლება მოჰყვეს არა მარტო რუსეთისა და საქართველოსათვის, არამედ მთელი რეგიონისთვისაც.

საქმე შეეხება საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ წაყენებულ ბრალდებას: რუსეთი წლების განმავლობაში არღვევდა 1965 წელს მიღებულ კონვენციას ყველა სახის რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის შესახებ და ხანგრძლივი დროის განმავლობაში ეტაპობრივად ახორციელებდა ეთნიკურ წმენდას საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.

მნიშვნელოვანია სარჩელის, ისევე როგორც მისი განხილვის პროცესისა და სავარაუდო ვერდიქტის, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები, მაგრამ სანამ სასამართლო გადაწყვეტილებას გამოიტანს, საინტერესოა იმ განცხადებების გახსენება, რომელთაც რუსეთის მთავრობა აკეთებდა 1993 წლის შემოდგომაზე – სოხუმის დაცემის შემდეგ, და ანალიზი იმისა, თუ რატომ იყო კრემლის ენა ასეთი და არა სხვანაირი და რატომ შეიცვალა რიტორიკა დროთა განმავლობაში.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ღიად და მთელი მსოფლიოს გასაგონად განაცხადა, რომ იგი არ ცნობდა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მანამდე მთელი 15 წლის განმავლობაში იყო საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მოსკოვი არ შეურიგდებოდა თბილისის სუვერენულ უფლებებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, მაგრამ პირდაპირ და დაუფარავად ამ უფლებებს ბოლო მომენტამდე არ დაპირისპირებია.

რუსეთი წლების განმავლობაში ცდილობდა, საქართველოს სუვერენიტეტისათვის ძირის გამოთხრის გეგმაზომიერი სტრატეგია გარკვეულ სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცია, რაც ადვილად გამოსდიოდა თბილისში სუსტი მთავრობის არსებობის პირობებში. ამასთან, ბორის ელცინის მმართველობის დროს არც რუსეთში იყო ძლიერი მთავრობა. ენერგორესურსებზე დაბალი ფასები და ცენტრალური ხელისუფლების სუსტი კონტროლი პერიფერიაში დამატებით დაბრკოლებებს უქმნიდა კრემლს „ახლო საზღვარგარეთში” უფრო ამბიციური სქემების განსახორციელებლად.
2008 წლის სამხედრო ინტერვენციამ, რუსეთის სიტყვასა და საქმეს შორის ტოლობის ნიშანი დასვა. ამასთან, დაგვანახა, რომ მოსკოვმა ადრინდელი, კარგად შენიღბული და სამართლებრივად მეტ-ნაკლებად გამართული, სტრატეგია დაუფარავად აგრესიული გეგმით შეცვალა, რომელშიც უგულებელყოფილია საერთაშორისო სამართლის ძირეული პრინციპები.

1990-იან წლებში რუსეთს თბილისზე მცირეოდენი ზეწოლაც კი ჰყოფნიდა სასურველი შედეგის მისაღებად. მოსკოვი ადვილად ახერხებდა იმასაც, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში წესების მიხედვით მოთამაშის რეპუტაცია შეენარჩუნებინა და რეგიონში სტაბილურობის გარანტად წარმოეჩინა თავი. საქართველოს მთავრობისაგან ფორმალური თანხმობის მიღება რუსული სტრატეგიის განხორციელებისას მნიშვნელოვან როლს ასრულებდა, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოზე ზემოქმედების ლეგალურ ინსტრუმენტებს რუსეთის მიერ გაეროსა და ეუთოს მინიმალური მონაწილეობით შემუშავებული სქემები წარმოადგენდა.

1993 წლის 2 ოქტომბერს, სოხუმის დაცემიდან რამდენიმე დღეში, რუსეთის მთავრობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია: „სერიოზულ განგაშსა და შეშფოთებას იწვევს ცნობები საქართველოში ვითარების გამწვავებასთან დაკავშირებით. სეპარატისტთა, ზ. გამსახურდიას მომხრეთა ქმედებებმა ქვეყანა სამოქალაქო ომის პირას დააყენა. თვით ქართული სახელმწიფოს არსებობის საკითხი დადგა ... რუსეთი განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ... აფხაზური ხელმძღვანელობის მიერ ... სოჭის შეთანხმების ჩაშლამ ახალი სისხლისღვრა გამოიწვია. რუსეთი გმობს გენოციდის ფაქტებს, ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევას, რის შესახებაც ცნობები ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონიდან მოდის. იმ პირების მიმართ, ვინც ამაზეა პასუხისმგებელი, ყველაზე მკაცრი ზომები უნდა გატარდეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რათა გამოძიებულ იქნას ეს დანაშაულებანი და დაისაჯონ დამნაშავეები”.

აღსანიშნავია, რომ ყურადღებას იქცევს განცხადების დასკვნითი ნაწილი, რომელშიც ნათქვამია: „აბსურდულია განცხადებები იმის თაობაზე, რომ რუსეთს წვლილი მიუძღვის დასავლეთ საქართველოში ვითარების გამწვავებაში. იგი [რუსეთი] დიდი ხანია, რაც გათავისუფლდა ვინმეს მიმართ ‘იმპერიული მისწრაფებების’ ნარჩენებისაგან”. და კიდევ უფრო ნიშანდობლივია განცხადების ბოლო, რომელშიც გამოთქმულია რუსეთის ხელმძღვანელობის სურვილი, „ხელი შეუწყოს მშვიდობიან მოგვარებას საქართველოში” და მზადყოფნა, გამოჰყოს „სამშვიდობო ძალები” მოლაპარაკებათა შედეგად „მიღწეული მორიგებების უზრუნველყოფის მიზნით”. პრინციპში, რუსეთის უმთავრესი მიზანიც სწორედ ეს იყო: სამშვიდობო სტატუსით კანონიერად შემოსულიყო და დამკვიდრებულიყო საქართველოში, რისთვისაც საჭირო იყო საქართველოს თანხმობა. გენოციდის სიტყვიერი დაგმობაც ამ მიზანს ემსახურებოდა.

8 ოქტომბერს იზვესტიასათვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი კოზირევმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „რუსეთი მზად უნდა იყოს აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციების განსახორციელებლად” და დასძინა, რომ „ეს რეგიონი [რუსეთის] სასიცოცხლო ინტერესების ზონაა”. მან შეშფოთება გამოთქვა ჩრდილოეთ კავკასიაში შესაძლო დესტაბილიზაციის გამო. ამასთან, კოზირევმა ისიც დაამატა, რომ თუ რუსეთი „დღეს დაუშვებს საქართველოს დაშლას, ხვალ იგივე საფრთხე რუსეთს დაემუქრება”, რადგანაც „უაღრესად საშიში პრეცედენტი შეიქმნება”. ფორმალურად იმის აღნიშვნა, რომ რუსეთი საქართველოში არა მარტო სამშვიდობო სტატუსით, არამედ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის მიზნით შემოდიოდა, მთლიანად ჯდებოდა იმ საერთაშორისო სქემაში, რომლითაც რუსეთს მანდატი მიენიჭა. საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ფორმალური მხარდაჭერის გარეშე მოსკოვი გაეროს მხრიდან სამშვიდობო სტატუსს ვერ მიიღებდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, 13 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა და ამჟამინდელმა ელჩმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა ჟურნალისტებთან საუბარში „აფხაზურ ხელისუფლებას” დააკისრა მთელი პასუხისმგებლობა რეგიონში „არააფხაზური მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გამო”, ხოლო 17 ოქტომბერს რუსეთის მთავრობამ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო: „აფხაზეთში გრძელდება ძალადობა, მაროდიორობა და ყაჩაღობა მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის რუსების, ქართველებისა და სხვა ეროვნებათა წარმომადგენლების წინააღმდეგ. ამის გამო აფხაზურ ხელმძღვანელობას უმძიმესი პასუხისმგებლობა ეკისრება”. რუსეთის მთავრობამ კიდევ ერთხელ მოითხოვა „არააფხაზური მოსახლეობის ეთნიკური წმენდის შეწყვეტა”, თუმცა გენოციდი აღარ უხსენებია.

ეს განცხადებები მნიშვნელოვანია არა მარტო ისტორიკოსებისა და პოლიტიკური მეცნიერებისათვის, არამედ საქართველოს მთავრობასაც შეუძლია მათი ეფექტიანად გამოყენება. საქართველოს შეუძლია ამტკიცოს: 1. რუსეთი მაშინდელი განცხადებებით ეთანხმება იმას, რომ მასობრივი ეთნიკური წმენდა მართლაც მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე; 2. მართალია, რუსეთი არ აღიარებდა თავის მონაწილეობას ეთნიკურ წმენდაში, მაგრამ 15-წლიანი „სამშვიდობო” ოპერაციის განმავლობაში ყოველმხრივ უშლიდა ხელს ეთნიკური წმენდის შედეგების აღმოფხვრასა და მოსახლეობის დაბრუნებას საკუთარ მიწა-წყალზე, რისი შედეგიც სახეზეა; 3. რუსეთის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს თანხმობის მიღება სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების საკითხზე, რადგანაც სხვანაირად ვერ მოახერხებდა საქართველოში დამკვიდრებას; 4. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა აფხაზეთში იგივე რეჟიმი ცნო, რომელმაც, მისივე მტკიცებით, 1993 წელს ეთნიკური წმენდა განახორციელა, რაც იმას ნიშნავს, რომ ლეგიტიმურად გამოაცხადა ეთნიკური წმენდის შედეგები.

1994 წლის 25 იანვარს, სოხუმის დაცემიდან და დსთ-ში საქართველოს შესვლიდან ცოტა ხანში, გაეროს გენერალურმა მდივანმა უშიშროების საბჭოს წარუდგინა „ანგარიში აფხაზეთში, საქართველო სიტუაციის შესახებ”. ეს დოკუმენტი მრავალმხრივ არის საყურადღებო, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის თავები, რომლებიც საქართველოში გაეროს შესაძლო სამშვიდობო მისიის ვარიანტებს განიხილავს. გენერალური მდივნის რეკომენდაციით შესაძლებელი იყო ორი სცენარი: 1. ტრადიციური გაეროს სამშვიდობო მისია, ანუ ე. წ. პირველი თაობის სამშვიდობო ოპერაცია სრულყოფილი პოლიტიკური და სამხედრო კომპონენტებით; 2. მრავალმხრივი სამხედრო ძალა, რომელიც არ იქნებოდა გაეროს სარდლობის ქვეშ და დაკომპლექტდებოდა დაინტერესებული წევრი ქვეყნების, მათ შორის რუსეთის ფედერაციის მიერ. რუსეთის ზემოქმედებით არჩეულ იქნა მე-2 მოდელი, რომელმაც ხელ-ფეხი გაუხსნა მოსკოვს თავისი გეოპოლიტიკური სქემების განსახორციელებლად, რის უმნიშვნელოვანეს ელემენტსაც ეთნიკური წმენდის დაკანონება წარმოადგენდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები