უგო ჩავესმა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა

26 სექტემბერს ვენესუელაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, უგო ჩავესის მომხრეებმა 5.4 მლნ ხმა მიიღეს, ხოლო ოპოზიციამ – 5.7 მლნ ხმა. მიუხედავად ამისა, სოციალისტურმა პარტიამ 165-მანდატიან პარლამენტში 98 ადგილი მიიღო, ხოლო ოპოზიციამ – 65. ჩავესმა და მისმა პარტიამ, საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად, საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგეს. 
21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დიქტატორი და სოციალისტი, უგო ჩავესი, ქვეყანას 1999 წლიდან ერთპიროვნულად მართავს. ამ ხნის მანძილზე მან უამრავი პოლიტიკური და ეკონომიკური შეცდომა დაუშვა. მისმა რეჟიმმა ქვეყანა თითქმის ანარქიამდე მიიყვანა. ყველა, ვინც მას ამ შეცდომების დაშვებაში ხელს უშლიდა, დღეს ვენესუელის სხვადასხვა ციხეში ზის.
ასეთ ფონზე ოპოზიციის შედეგი დიდი წარმატებაა. მათ უკვე შეუძლიათ მცირედით მაინც შეზღუდონ ჩავესის დიქტატურა, 2012 წელს კი მის ხელახალ გაპრეზიდენტებასაც შეუშალონ ხელი. ოპოზიციის წარმომადგენლებს ხალხთან ურთიერთობის და მათთვის ახალი პოლიტიკური კურსის შეთავაზების რეალური შესაძლებლობაც უფრო მეტი აქვთ. საზოგადოებაში ჩავესის მმართველობით გამოწვეული უკმაყოფილება მატულობს. უკვე გაუსაძლისი ხდება ისეთ გარემოში ცხოვრება, სადაც ყველაფერს უპასუხისმგებლო ხელისუფლება აკონტროლებს.
ფაქტია – ვენესუელას ჩავესი კიდევ ხუთი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს. მაგრამ ცხადია ისიც, რომ ქვეყანა დიდ სოციალურ და პოლიტიკურ კრიზისამდეა მისული. წინა წლების გამოცდილებით მარტივი სავარაუდოა, რომ სოციალისტური პარტია არათუ გადაჭრის ამ პრობლემებს, არამედ კიდევ უფრო გაამწვავებს. თუ ეს ვარაუდი გამართლდა, დიდი ალბათობით, მმართველი პოლიტიკური რეჟიმისათვის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები კიდევ უფრო მძიმე იქნება.
 

 

კომენტარები