ქართულ-გერმანული ფოტოგამოფენა

ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი
29 სექტემბერს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა ფოტოგამოფენა “საქართველო – მითი და რეალობა”, სადაც ორი ფოტოგრაფის, ვოლფგანგ კორალისა (გერმანია) და გურამ წიბახაშვილის (საქართველო) ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.
გამოფენის მთავარი იდეა იყო ის, რომ ფოტოგრაფებს სტუმრებისთვის ეჩვენებინათ ორი სხვადასხვა თვალით დანახული საქართველო – საქართველო შიგნიდან და გარედან. მოქალაქეობასთან ერთად, ორი ფოტოხელოვანი ტექნიკითაც განსხვავებულია. გამოფენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდა კორალის მსუბუქი, თბილი კადრები და წიბახაშვილის ხისტი, ხშირად „უხეში” პორტრეტები, რომლებმაც ბევრ დამთვალიერებელზე მძიმე შთაბეჭდილებაც კი დატოვა. ქართველმა ფოტოგრაფმა გამოფენისთვის ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადაღებული „დღიური ფოტოები” შეარჩია, მაშინ როდესაც ვოლფგანგ კორალი, კონკრეტულად ამ პროექტისთვის ფოტოებს 2008-2009 წლების პერიოდში იღებდა.
გამოფენა მორიგი ფურცელია ქართულ-გერმანულ ურთიერთობებში. გურამ წიბახაშვილის თქმით, იგეგმება გამოფენის გერმანიაში გაგრძელება. ყველაფერი, ცხადია, სპონსორებზეა დამოკიდებული.
 

კომენტარები