Artisterium-ი ანუ მომავლის წინასწარმეტყველება

ოქტომბერში თბილისი ART-ისტერიამ მოიცვა. ჭირდა გადაადგილებულიყავი ერთი “ივენთიდან” მეორეზე და ყველაფრის ნახვა მოგესწრო. მაცდურად გამოიყურებოდა თეატრალური ფესტივალის პროგრამაც, Artisterium-იც და პარალელურად ქალაქგარეთ – კასპის რაიონში, ახალქალაქში, ცნობილი არტ-ვილა გარიყულას ფესტივალი – Fest I Nova Garikula. თანაც ეს ყველაფერი საერთაშორისო ფესტივალების სტატუსს ატარებს. ქალაქი უამრავი უცხოელი ხელოვანით აივსო.
ამჯერად აქცენტს Artisterium-ზე ანუ თბილისის თანამედროვე ხელოვნების მე-3 საერთაშორისო გამოფენასა და სიმპოზიუმზე გავაკეთებთ. მისი ისტორია 2008 წლის აგვისტოს მოვლენებიდან სულ მოკლე ხანში, შემოდგომაზე იღებს სათავეს. ამ იდეის ავტორი კულტურისა და ხელოვნების გლობალური კოორდინაციის ცენტრი იყო (CGCCA. დამფუძნებელი ილიკო ზაუტაშვილი).
ფესტივალი კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს პატრონაჟით ჩატარდა. პარტნიორობას საქართველოში აშშ-ის, პოლონეთისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოები, აგრეთვე ბრიტანეთის საბჭო, გოეთეს ინსტიტუტი და ალ. დიუმას ფრანგული კულტურის ცენტრი უწევდა.
წლევანდელი Artisterium-ი კი მომავალს წინასწარმეტყველებდა. “წარმოიდგინე მომავალი” – ასე განისაზღვრა მისი თემა.
“აქედან გამომდინარე, ჩვენ ვსვამთ კითხვებს, რომელთაც ვერსად გავექცევით: როგორი შეიძლება გახდეს ან როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს მომავალი? როგორი იქნება იმ იდეათა და ღირებულებათა ბედი, რომელთა კულტივირებასაც დღეს ვეწევით? რაზე ვიტყვით უარს და რას წავიღებთ თან მომავალში? დღეს, როცა პოპ-კულტურა სამყაროს დასასრულს წინასწარმეტყველებს, მეცნიერება ბუნებრივი კატაკლიზმების საშიშროებაზე საუბრობს, ხოლო ეკონომიკა კრიზისშია, მსგავსი კითხვები განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს”, – განმარტავს მაგდა გურული, Artisterium-ის ორგანიზატორი და კურატორი.
Artisterium-ი თბილისის ისტორიის მუზეუმში ეფექტურად და ხმაურით გაიხსნა (სხვათა შორის, წლევანდელი ფესტივალი სწორედ ამ მუზეუმის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა). ქარვასლის საგამოფენო სივრცე 80-მდე მხატვრის ნამუშევარმა დაიკავა, რასაც აცოცხლებდა ამერიკელი ლედოს (Ledoh), იტალიელი ლუიჯი კოპოლას (Luigi Coppola) და ჩინელი Yingmei Duan-სა და ქართული ჯგუფის – ბულიონის პერფორმანსები.
Artisterium-ის გახსნის მოვლენა კი ქართველი არტისტის – ოლეგ ტიმჩენკოს მოულოდნელი პერფორმანსი იყო, რომლის შესახებაც დღემდე არ წყდება მითქმა-მოთქმა: მხატვარი ლიმუზინითა და 4 პროფესიონალი პირადი დაცვით გამოეცხადა პუბლიკას, რასაც მაშინვე მოჰყვა ჩოჩქოლი – ვინ არის, ივანიშვილია? იქნებ პუტინია?
მაგდა გურული: “ეს პერფორმანსი, ჩემთვის, როგორც კურატორისთვის, სიურპრიზი იყო, რადგან მე მის შესახებ წინასწარ არაფერი ვიცოდი. ძალიან ეფექტური იყო მხატვრის ეს ირონია და ადვილად აღსაქმელი ყველასათვის, რადგან ოლიგარქების თემა მხოლოდ ქართული მოვლენა არ არის”.
გურამ წიბახაშვილი (ფოტოგრაფი, Artisterium-ის მონაწილე): “ამის შესახებ მხოლოდ ორმა ადამიანმა ვიცოდით. მე და ოლეგის მეუღლემ – ია ტიმჩენკომ. ოლეგი გადასარევად თამაშობდა და ძალიან თეატრალური იყო. ყველაფერი ნამდვილი იყო – “ბოდიგარდებთან” ოფიციალურად გაფორმებული კონტრაქტიც კი. მოკლედ, ოლეგი ნამდვილი “ოლეგ არქი” იყო. ეს აბრამოვიჩის დონის პერფორმანსი იყო”.
Artisterium-მა უამრავი საინტერესო თემატური გამოფენა თუ ვორკშოპი შემოგვთავაზა. ევროპის სახლში როკის ისტორიის ფრანგი კლასიკოსი ფოტოგრაფების (Alain Dister, Pierre Hybre, Rishard Bellia) ნამუშევრები გამოიფინა. სამხატვრო აკადემიაში გამოფენა – ისტორია ფერწერასა და ობიექტივში – წარმოადგინეს (კურატორი ხათუნა ხაბულიანი). ლიტერატურის მუზეუმში ფოტოგრაფიის სახლისა და ART EX EAST-ის კონცეპტუალური ფოტოგამოფენა – მე-8 დღე შედგა.
Artisterium-ის საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაწილი თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო სიმპოზიუმი – Transrelation იყო. სიმპოზიუმის კურატორმა ნინო ჭოღოშვილმა, ფონდ ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით, თბილისში, ორდღიან სიმპოზიუმზე მსოფლიო სახელოვნებო სივრციდან მნიშვნელოვანი ფიგურები ჩამოიყვანა: თუნის ხელოვნების მუზეუმის დირექტორი ჰელენ ჰირში (შვეიცარია), ბრიუსელის ბიენალეს დირექტორი ბარბარა ვანდერლინდენი, ისრაელის დიგიტალური ხელოვნების ცენტრის დირექტორი იელ დენონი, ლაიფციგის საერთაშორისო არტპროგრამის დამაარსებელი ანა ლუიზე კრათცში და სხვები, ქართული არტსივრცისთვის სპეციალურ რეცეპტებს გვთავაზობდნენ. ინგრედიენტებში შედიოდა იდენტურობა და, ამავდროულად, თანამედროვე მსოფლიოსთან ინტეგრირება. ეს ის რჩევებია, რომელთა გაზიარებაც ნამდვილად არ გვაწყენდა.

კომენტარები