აშშ-საქართველოს ურთიერთობები

საქართველოს გზა ამერიკული ტვირთებისათვის

ნატოს ძალებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ფიქრი პაკისტანზე გამავალი გზების ალტერნატივაზე. ეს მათ ავღანეთამდე ტვირთის ჩასატანად სჭირდებათ. ისლამაბადმა 30 სექტემბერს თორხამის სასაზღვრო გადასასვლელი ჩაკეტა და დღემდე არ ხსნის. პენტაგონის ყოფილი ოფიციალური პირი – რიჩარდ დუგლასი – ალტერნატივად სამხრეთ კავკასიურ მარშრუტს მიიჩნევს. „ფაქტია, რომ არსებობს სამხრეთ კავკასიის გამოუყენებელი შესაძლებლობები. მარშრუტები, რომლებიც საქართველოსა და აზერბაიჯანზე გადის, უფრო უსაფრთხოა”, – განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ ნარკოტიკების გავრცელებისა და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში AOL-თან ინტერვიუში.
ტრანზიტის შეჩერების მიზეზი პაკისტანის ტერიტორიაზე ნატოს ავიადარტყმებია. ამ ოპერაციებს სამი პაკისტანელი სამხედროს სიკვდილი მოჰყვა. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ისინი საერთაშორისო ძალების იერიშებით აღშფოთებულები არიან. ისლამაბადი საზღვრის გახსნას მანამ არ აპირებს, სანამ ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთში სიტუაცია არ დარეგულირდება. ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მწუხარება გამოთქვა პაკისტანელი ჯარისკაცების დაღუპვის გამო. ის იმედოვნებს, რომ პრობლემა მალე მოგვარდება. აშშ-ის წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლებიც იმედიანია. თუმცა, საზღვრის სავარაუდო გახსნა მათ მშვიდად ყოფნის საშუალებას მაინც ვერ მისცემს.
პაკისტანზე გამავალი გზები ყველაზე იაფი და მოკლეა. მასზე ავღანეთამდე მიმავალი არალეტალური ტვირთის 70%-ზე მეტი გადის (ლეტალური ტვირთი თვითმფრინავებით ჩადის ავღანეთამდე). მეორე მხრივ, ამ გზით მოძრაობა ძალიან სახიფათოა. პაკისტანელი თალიბების თავდასხმები არცთუ ისე იშვიათი მოვლენა გახლავთ. ეს ფაქტორი აქამდეც უბიძგებდა შეერთებულ შტატებს ალტერნატივების ძიებისკენ. ასე რომ, მიუხედავად იმისა, თუ რა ვადაში გაიხსნება გზა, იგი ნაკლებ საიმედოა. პაკისტანელი თალიბები მიმდინარე კვირასაც რამდენჯერმე დაესხნენ თავს საზღვარზე შეჩერებულ სატვირთო მანქანების კოლონას და ცეცხლი წაუკიდეს. ინციდენტს მსხვერპლი მოჰყვა.
ნატოს ორი მთავარი ალტერნატივა აქვს – მიწოდების ჩრდილოეთი და სამხრეთი გზები. პირველი მათგანი რუსეთს გადის. რუსულ-ამერიკული თანამშრომლობის მიხედვით, შესაძლებელია მისი უკეთ ათვისება, თუმცა ეს მოსკოვს პოლიტიკურ ბერკეტებს მისცემს. ნებისმიერი რამ, რაც კრემლს არ მოეწონება, ტვირთისთვის გზის გადაკეტვის საბაბი იქნება. მეორე, სამხრეთის მარშრუტი კი, რუსეთს გვერდს უვლის. იგი ასეთია: საქართველოს შავი ზღვის პორტები-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა-ყაზახეთი-უზბეკეთი-ავღანეთი.
თბილისი და ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ჯერ კიდევ 2005 წლის მარტში შეთანხმდნენ ტვირთის საქართველოს გავლით გადაზიდვაზე. არალეტალური ტვირთის ნაწილი გადის კიდეც საქართველოს ტერიტორიას. წელს თბილისმა, ერთი მხრივ, ამ ტვირთის გაფართოება და ქვეყნის საკვანძო გზად ქცევა შესთავაზა ნატოს ძალებს. მეორე მხრივ კი, თვითმფრინავებისთვის აეროპორტით სარგებლობის საშუალება – საწვავის შესავსებად. მაშინ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკმა, განაცხადა, რომ ეს რთული საორგანიზაციო საკითხია, რომლის შესწავლაც უკვე დაწყებულია.
„ვინმემ შეიძლება იკითხოს, რატომ არ ვიყენებთ ამ მარშრუტს. შესაძლოა, ეს ინერციის ბრალია”, – აცხადებს დუგლასი. ამის მიზეზად ის პოლიტიკას, კერძოდ კი რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებს ასახელებს.
„უამრავი ადამიანი მზად არის და სამუშაოს ელოდება. ჩვენ მხოლოდ გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ და შავი ზღვის მიმართულებით მეტი გავაკეთოთ. ეს არაა ეგზოტიკური თეორია”, – ამბობს დუგლასი.

კომენტარები