2011 წელს საბიუჯეტო დეფიციტი მშპ-ს 4.5%-მდე შემცირდება

2011 წლის საქართველოს ბიუჯეტის პროექტი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდას 4.5%-ით ვარაუდობს. მთლიანი ხარჯები 6.9 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 31 მილიონით ნაკლებია.
ეს შემცირება ქამრების მოჭერის პოლიტიკის ნაწილია: 2011 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები დაგეგმილია მშპ-ს 29%-ის ფარგლებში. მთავრობის განცხადებით, 2013 წლისთვის ამ ხარჯებმა მშპ-ს 25%-ს არ უნდა გადააჭარბოს.
ქამრების მოჭერის პოლიტიკა სახელმწიფო აპარატის ხარჯების შემცირებას გულისხმობს. ასეთი ხარჯების ოპტიმიზაციის შედეგად გამოთავისუფლებული თანხები, ფინანსური კრიზისის პირობებში, როგორც წესი, დეფიციტის შემცირებისა და ვალის დაფარვისკენ მიიმართება. მაგალითად, ბრიტანეთი საკუთარი 770 მილიარდი ფუნტის ოდენობის ვალის გაკონტროლებას პენსიების, საჯარო მოხელეების ხელფასებისა და სოციალური დახმარებების შემცირებით აპირებს. გერმანია სახელმწიფო ხარჯს 80 მილიარდი ევროთი კვეცს. ეს ძირითადად ბიუჯეტის სოციალური ნაწილისა და უმუშევართათვის შემწეობის კლების ხარჯზე ხდება. ქვეყანა 15 ათასი საჯარო მოხელის შემცირებასაც აპირებს. უნგრეთი, ბიუჯეტის ხარჯების 15%-ით შეკვეცასთან ერთად, საშემოსავლო გადასახადს ანახევრებს. მცირე და საშუალო ბიზნესისათვის კი გადასახადებს ამცირებს.
2011 წლის საქართველოს საბიუჯეტო ხარჯების შეკვეცის მთავარი მიზანიც საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაა. 2013 წლისთვის დეფიციტმა, ეკონომიკური თავისუფლების აქტის შესაბამისად, 3%-ს არ უნდა გადააჭარბოს
Reuters-თან ინტერვიუში (6 ოქტომბერი 2010) ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დეფიციტის დაფინანსების ერთ-ერთ გზად სახაზინო ვალდებულებების გამოშვებას ასახელებს. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, წინა წლის მსგავსად, სახაზინო ვალდებულებების გამოშვებით მისაღები სახსრების საპროგნოზო მოცულობა 100 მილიონ ლარს შეადგენს.
სახაზინო ვალდებულებების შესყიდვის სქემის მიხედვით, ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე რეფინანსირების სესხებს გასცემს. ამის შემდეგ კომერციული ბანკები სახაზინო ვალდებულებებს შეისყიდიან. ამით მთავრობა ფულის მასას და ინფლაციას ზრდის.
2010 წლის პირველ კვარტალში წინა წლის დეკემბერთან შედარებით სამომხმარებლო ინდექსი 2.4%-ით გაიზარდა. ამას იანვარ-აგვისტოში ინფლაციის დონის 4.1%-იანი ზრდა მოჰყვა. 2010 წლის მარტში წინა წლის დეკემბერთან შედარებით ლარის საშუალო გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ 3%-ით, ხოლო აგვისტოში – წინა წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის 10%-ით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მხრიდან, ლარიზაციის აქტიური წახალისების მიუხედავად, დეპოზიტების დოლარიზაციის კოეფიციენტი 2010 წლის ივლისში წინა წლის დეკემბერთან შედარებით 1.6 პუნქტით გაიზარდა და 75%-ს გაუტოლდა.
სახაზინო ვალის შესყიდვის სქემა ხელს უწყობს საშინაო და საგარეო ვალის ზრდასაც. 2010 წლის ბიუჯეტის ამოქმედებიდან 8 თვეში ვალდებულებების ზრდამ 832 მილიონი ლარი შეადგინა. საშინაო ვალი 153 მილიონით, ხოლო საგარეო – 679 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან 523 მილიონი ლარი საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტია.
2011 წელს ბიუჯეტიდან ვალდებულებების დასაფარავად 333 მილიონი ლარია გამოყოფილი. ეს წინა წელთან შედარებით 39 მილიონით მეტია. 2010 წლის 8 თვის მანძილზე საგარეო ვალების მომსახურებაზე (პროცენტების გადახდა) 82 მილიონი ლარი, ხოლო ვალების დაფარვაზე – 95 მილიონი დაიხარჯა.
2011 წელს საგარეო ვალის დაფარვას 194 მილიონი ლარი, ხოლო საშინაოს – 120 მილიონი მოხმარდება. ეს წინა წელთან შედარებით 51 მილიონით მეტია. 2010 წლის 8 თვეში საშინაო ვალების მომსახურებაზე 39 მილიონი ლარი, ხოლო ვალების დაფარვაზე – 22 მილიონი დაიხარჯა.
ქამრების მოჭერის პოლიტიკას სახელმწიფო ბიუჯეტის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტი პირდაპირ უკავშირდება. ეს ეხება თანამდებობრივი სარგოების, პრემიების, დანამატების და დახმარებების გაცემის წესს: „…მხარჯავი დაწესებულებები უფლებამოსილნი არიან გაზარდონ მათთვის ამ კანონის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შრომის ანაზღაურების მუხლით დამტკიცებული ასიგნებები არა უმეტეს ამავე მუხლით დამტკიცებული ასიგნების 1/12-ისა”.
ამ ტიპის ზოგადი რეგულაციები მხარჯავ დაწესებულებებს, ქამრების მოჭერის პოლიტიკის პირობებში, დამატებითი ადმინისტრაციული ხარჯების გაწევის შესაძლებლობას უქმნის.
2011 წლის ბიუჯეტის პროექტში საქონლისა და მომსახურების შეძენის და ასევე, სხვა ხარჯები უმეტეს მხარჯავ დაწესებულებებში გაიზარდა. ეს ქამრების მოჭერის პოლიტიკას პირდაპირ ეწინააღმდეგება. შრომის ანაზღაურების ხარჯები პარლამენტმა და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეამცირეს, სამინისტროების უმეტესობამ – გაზარდა.
პარალელურად, ხელისუფლება ისევ განაგრძობს ისეთი პროგრამების დაფინანსებას, რომლებიც 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში მხოლოდ ზოგადი ჩანაწერის სახით არსებობს. მაგალითად, სამოქალაქო ინტეგრაციის პროგრამა. მასზე გამოყოფილია 3.7 მილიონი ლარი. ბიუჯეტის პროექტში ცალკეა სამოქალაქო აქტიურობის ხელშეწყობის პროგრამაც, რომელიც 100 ათასი ლარით ფინანსდება.
პარლამენტი 22 ოქტომბერს ბიუჯეტის პროექტს კვლავ მთავრობას დაუბრუნებს. კორექტირებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს 5 ნოემბრამდე უნდა ჩაბარდეს. დოკუმენტის საბოლოო ვარიანტი ცნობილი დეკემბრის ბოლოს გახდება.

კომენტარები