ლეოს პირველი ოქროს ბუცი

ესპანეთის ბოლო ჩემპიონატში ბარსელონას არგენტინელმა ლიდერმა ლეო მესიმ 34 გოლი გაიტანა და ევროპის ოქროს ბუცის მფლობელი გახდა. ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა (ი-ეს-ემ) მესის რამდენიმე დღის წინ გადასცა ჯილდო.
ექტორ იასალდეს შემდეგ ის მეორე არგენტინელია, ოქროს ბუცი რომ მოიგო. იასალდემ 1974 წელს, ლისაბონის სპორტინგში თამაშისას გაიტანა ყველაზე მეტი გოლი...
2009-10 წლების სეზონში არგენტინელი შეუდარებელი იყო და ეს ყველგან დაამტკიცა: ესპანეთის ჩემპიონატშიც და ჩემპიონთა ლიგაშიც. ის ორივეგან საუკეთესო ბომბარდირი გახდა, საერთო ჯამში კი, ბარსელონას 53 მატჩში 47 გოლით დაეხმარა!
გუნდურ ტიტულებს (ესპანეთის ჩემპიონატი, სუპერთასი, ევროპის სუპერთასი, მსოფლიოს ჩემპიონობა კლუბთა შორის) არაერთი ინდივიდუალური ჯილდო დაემატა: ფიფამ და ფრანს ფუტბოლმა პირველად აღიარეს მსოფლიოს და ევროპის საუკეთესო მოთამაშედ, მესამედ დასახელდა ლა ლიგას საუკეთესო ლეგიონერად, მეორედ – პრიმერადივიზიონის უძლიერეს ფეხბურთელად... ერთი სიტყვით, მოიგო ყველაფერი, რაც შეიძლებოდა.
გარდა ტიტულებისა, მესიმ სამი ფაქტის გამო სამუდამოდ შეაბიჯა საკლუბო ისტორიაში:
17 იანვარს, სევილიასთან 4:0 მოგებულ მატჩში, მე-100 გოლი გაიტანა კლუბში! ის ყველაზე ახალგაზრდაა ბარსელონას ფეხბურთელთაგან, ვინც ასეულამდე მისულა.
თებერვალში გვარდიოლას ფეხბურთელებმა პრიმერადივიზიონში ზედიზედ დაამარცხეს ვალენსია და სარაგოსა. მესიმ ორივე გუნდთან ჰეთ-თრიქი შეასრულა და ამ მხრივ კატალონიელთა პირველი მოთამაშე გახდა.
დაბოლოს, 24 მარტს, ოსასუნას წინააღმდეგ მეორასედ მოირგო ბარსელონას მაისური – გახდა ყველაზე ახალგაზრდა, ამდენ ოფიციალურ შეხვედრაში რომ მიიღო მონაწილეობა.
დღეს ის საუკეთესოა და ალბათ, ყველა დროის უდიდესი ფეხბურთელიცაა, – ლონდონის არსენალის მთავარმა მწვრთნელმა არსენ ვენგერმა ეს სიტყვები კამპ ნოუზე, ბარსელონასთან 1:4 წაგებული თამაშის შემდეგ თქვა. იმ დღეს, 6 აპრილს, ლეომ ლონდონელებს ოთხჯერ გაუტანა.
სხვა ასეთი მოთამაშე არასდროს მინახავს, ის უბრალოდ, დიდებულია! – ეს უკვე ბარსელონას თავკაცი ხოსეპ გვარდიოლაა. ესპანეთის სუპერთასის საპასუხო მატჩში, 21 აგვისტოს, მისმა გუნდმა სევილიას 4:0 სძლია, არგენტინელმა კი ჰეთ-თრიქი შეასრულა. მწვრთნელმაც ეს სიტყვები მაშინ თქვა.
ორი აზრი არაა, გვარდიოლა ბედნიერია, რომ მის გუნდში ლეო მესი თამაშობს.
კლუბთან გაფორმებული ბოლო ხელშეკრულების მიხედვით, არგენტინელი ბარსელონაში 2016 წლის 1 ივლისამდე დარჩება.
თუ ლეო მესის შესაძლებლობებს გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ, რომ კონტრაქტი მალე კვლავ გახანგრძლივდება. და ალბათ, არც ის უნდა გამოვრიცხოთ, რომ არგენტინელი საკლუბო რეკორდებს არაერთხელ გააუმჯობესებს და წლეულს მოგებულ ოქროს ბუცს გაისად თუ არა, მომდევნო სეზონებში კიდევ არაერთს დაუმატებს.

ოქროს ბუცის ისტორია
ამ ჯილდოს ისტორია პოპულარულ ფრანგულ საფეხბურთო გამოცემა ფრანს ფუტბოლს უკავშირდება, რომელმაც 1967-68 წლების სეზონის შემდეგ, ევროპის ქვეყნებში ყველაზე მეტი გოლის გამტანი ფეხბურთელის დაჯილდოება გადაწყვიტა.
სამწუხაროდ, ფრანგთა ინიციატივით და ადიდასის ფინანსური მხარდაჭერით დაარსებული ოქროს ბუცის პრესტიჟი მალევე დაეცა. სხვადასხვა ქვეყნებში ფეხბურთელები (და ცხადია, მათი კლუბებიც) ყველაფერს აკეთებდნენ, რათა მთავარი პრიზი მოეგოთ – არცთუ იშვიათად, მეტოქე გუნდებსაც ქრთამავდნენ. ამის საუკეთესო მაგალითია რუმინელი როდიონ კამატარუ – 1987 წლის გაზაფხულზე მან ბოლო 5 ტურში 23 გოლი (!) გაიტანა და ოქროს ბუციც მოიპოვა...
1991 წელს ფრანს ფუტბოლმა ევროპის საუკეთესო ბომბარდირად ბელგრადის ცრვენა ზვეზდას თავდამსხმელი დარკო პანჩევი დაასახელა, მალე კი ოფიციალურად გააუქმა ოქროს ბუცი.
1992-96 წლებში ჯილდო არ თამაშდებოდა, არადა, 1995-96 წლების სეზონში ზესტაფონის მარგვეთის თავდამსხმელმა ზვიად ენდელაძემ ევროპელ გოლეადორთაგან ყველაზე მეტი, 40 გოლი გაიტანა! ის ოფიციალურადაა მოხსენიებული საუკეთესო ბომბარდირთა შორის.
1991-92 და 1992-93 წლების სეზონებში ევროპაში ყველაზე მეტი გოლი ასევე ქართველებს გაჰქონდათ – ოთარ კორღალიძე (ლანჩხუთის გურია, 40) და მერაბ მეგრელაძე (წყალტუბოს სამგურალი, 41) – თუმცა, იმის გამო, რომ ფიფასა და უეფაში ახალგაწევრიანებულ საქართველოს სარეიტინგო კოეფიციენტი არ გააჩნდა, ენდელაძისგან განსხვავებით, კორღალიძე და მეგრელაძე არაოფიციალურ ბომბარდირთა შორისაც არ მოიხსენიებიან.
1996-97 წლების სეზონში ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა ოქროს ბუცის გენერალურ სპონსორ ადიდასთან ერთად ჯილდო აღადგინა, თუმცა გათამაშების წესები შეცვალა: უეფას ქვეყნების კოეფიციენტების მიხედვით, საუკეთესო 8 (მოგვიანებით 5) ლიგაში გატანილი თითოეული გოლი 2 ქულად, მე-9-21-ე ადგილებზე (მოგვიანებით 6-22) მყოფ ლიგებში გოლი 1,5 ქულად, დანარჩენ ქვეყნებში კი გოლი ერთ ქულად შეფასდა.


ყველა გამარჯვებული

ფრანს ფუტბოლის ოქროს ბუცი
1968 ეუსებიო (ბენფიკა, პორტუგალია) – 42
1969 პეტარ ჟეკოვი (ცსკა, ბულგარეთი) – 36
1970 გერდ მიულერი (ბაიერნი, გერმანია) – 38
1971 იოსიპ სკობლარი (მარსელი, საფრანგეთი) – 44
1972 გერდ მიულერი (ბაიერნი, გერმანია) – 40
1973 ეუსებიო (ბენფიკა, პორტუგალია) – 40
1974 ექტორ იასალდე (სპორტინგი, პორტუგალია) – 46
1975 დუდუ ჯორჯესკუ (დინამო, რუმინეთი) – 33
1976 სოტირის კაიაფასი (ომონია, კვიპროსი) – 39
1977 დუდუ ჯორჯესკუ (დინამო, რუმინეთი) – 47
1978 ჰანს კრანკლი (რაპიდი, ავსტრია) – 41
1979 კეეს კისტი (აზ 67, ჰოლანდია) – 34
1980 ერვინ ვანდენბერგი (ლიერსი, ბელგია) – 39
1981 გეორგი სლავკოვი (თრაკია, ბულგარეთი) – 31
1982 ვიმ კიფტი (აიაქსი, ჰოლანდია) – 32
1983 ფერნანდუ გომეში (პორტუ, პორტუგალია) – 36
1984 იან რაში (ლივერპული, ინგლისი) – 32
1985 ფერნანდუ გომეში (პორტუ, პორტუგალია) – 39
1986 მარკო ვან ბასტენი (აიაქსი, ჰოლანდია) – 37
1987 როდიონ კამატარუ (დინამო, რუმინეთი) – 44
1988 თანჯუ ჩოლაქი (გალათასარაი, თურქეთი) – 39
1989 დორინ მატეუტი (დინამო, რუმინეთი) – 43
1990 უგო სანჩესი (რეალი, ესპანეთი) და
ხრისტო სტოიჩკოვი (ცსკა, ბულგარეთი) – 38
1991 დარკო პანჩევი (ცრვენა ზვეზდა, იუგოსლავია) – 34

არაოფიციალური გათამაშება
1992 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 34
1993 ალისტერ მაკკოისტი (გლაზგო რეინჯერსი, შოტლანდია) – 34
1994 დევიდ ტეილორი (პორსმედოგი, უელსი) – 43
1995 არსენ ავეთისიანი (ჰომენტმენი, სომხეთი) – 39
1996 ზვიად ენდელაძე (მარგვეთი, საქართველო) – 40

ი-ეს-ემ-ის ოქროს ბუცი
1997 რონალდო (ბარსელონა, ესპანეთი)
– 34 გოლი, 68 ქულა
1998 ნიკოს მახლასი (ვიტესი, ჰოლანდია) – 34/68
1999 მარიო ჟარდელი (პორტუ, პორტუგალია) – 36/72
2000 კევინ ფილიპსი (სანდერლენდი, ინგლისი) – 30/60
2001 ჰენრიკ ლარსონი (სელტიკი, შოტლანდია) – 35/52,5
2002 მარიო ჟარდელი
(სპორტინგი, პორტუგალია) – 42/63
2003 როი მაკაი (დეპორტივო, ესპანეთი) – 29/58
2004 ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი) – 30/60
2005 ტიერი ანრი (არსენალი, ინგლისი)
და დიეგო ფორლანი (ვილიარეალი, ესპანეთი) – 25/50
2006 ლუკა ტონი (ფიორენტინა, იტალია) – 31/62
2007 ფრანჩესკო ტოტი (რომა, იტალია) – 26/52
2008 კრიშტიანუ რონალდუ
(მანჩესტერი, ინგლისი) – 31/62
2009 დიეგო ფორლანი (ატლეტიკო, ესპანეთი) – 32/64
2010 ლეო მესი (ბარსელონა, ესპანეთი) – 34/68

კომენტარები