ტესტი საქართველოზე

0 კომენტარი

2010 წლის 8 სექტემბერს საგარეო ურთიერთობათა საბჭოში წარმოთქმულ სიტყვაში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოზე მხოლოდ ერთი, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანი წინადადება თქვა. ეს წინადადება შეიძლება ირიბ პასუხად ჩაითვალოს რუსეთისთვის, რომელიც აგრძელებს „საქართველოს ოკუპაციას” – ან, უფრო სწორად, საერთაშორისოდ აღიარებული საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციას.
ის ფაქტი, რომ რუსეთი და რუსეთზე სრულად დამოკიდებული კიდევ ერთნახევარი ექსტრემისტული რეჟიმი არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს მისი ტერიტორიის ამ ნაწილზე, არაფერს ცვლის. არც ის ფაქტი ცვლის რამეს, რომ „აფხაზებმა” 50 მილიონ აშშ დოლარად იყიდეს წყნარი ოკეანის კუნძულ ნაურუს ერთი ხმა. ამ დღეებში მსოფლიოს მკაფიო შეტყობინება გაეგზავნა – აშშ-ის პოლიტიკოსები არ არიან ის წიწილები, რომლებიც რუსულ მელას ნებისმიერ თანხას გადაუხდიან ბირთვული იარაღის შემცირებაზე გარიგების დადების სანაცვლოდ.
სიგნალი გაეგზავნა როგორც რუსეთს, ასევე რუსეთის პირფერებს ევროპაში, გერმანიიდან აღმოსავლეთით, რომლებიც თავგამოდებით ურეცხავენ გულუბრყვილოებს ტვინებს, რათა დააჯერონ, რომ საქართველო „პირველი” დაესხა თავს და მოკლა ორი მშვიდობისმყოფელი. (ის ფაქტი, რომ რუსეთმა თავის „ოდნავ გადამეტებულ” პასუხში გრადებით მთლიანად დაანგრია ცხინვალი, რა თქმა უნდა, არ ითვლება). გულუბრყვილოები და ტვინგამორეცხილები (რომლებსაც ამ ისტორიებისა სჯერათ), რა თქმა უნდა, შეერთებულ შტატებშიც არიან. ამასობაში კი საქართველოს ორი ნაწილი ოკუპირებულია და ბედნიერი ადგილობრივი „მთავრობები” უმალ ასრულებენ კრემლის ბრძანებებს.
ასეთ შემთხვევაში ლიტველებმა, რომლებსაც ასევე ურეცხავენ ტვინს, იქნებ გაიხსენონ საკუთარი ისტორია, როდესაც მათი ტერიტორიის ერთი მესამედი, აფხაზეთივით შერეული მოსახლეობით, „აჯანყებულმა” პოლონელმა „ხალხმა” დაიპყრო. სინამდვილეში, პოლონეთის ჯარი მეზობელი ქვეყნის მთავარსარდალმა, იუზეფ პილსუდსკიმ, გამოაგზავნა. რუსეთის ჯარისთვის საქართველოში შეჭრა არც ედუარდ კოკოითის უბრძანებია და არც სერგეი ბაღაფშს. ეს ბრძანება მოსკოვის მთავარსარდალმა გასცა. კოკოითისა და ბაღაფშის როლი მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაზე თანხმობით შემოიფარგლება, როდესაც ამას მოსკოვი ჩათვლის საჭიროდ.
ოკუპაციამ და დაბომბვამ საქართველოს წინსვლა ვერ შეაჩერა. ამ მამაცმა კავკასიურმა ერმა, რომელმაც ქვეყანაში კორუფცია შეამცირა, უპრეცედენტო გზით შეძლო კორუფციული რუსეთისა და მისი კორუფციული ბიზნესკულტურისგან მოწყვეტა. უფრო ადრე გაზპრომმა სცადა საქართველოს წინსვლის შეჩერება გაზსადენის აფეთქებით. საქართველოს პასუხი კი ასეთი იყო: „გაზპრომის გარეშეც შევძლებთ ცხოვრებას”. რასაკვირველია, ამ მასშტაბის დამცირება და გამოწვევა ძნელია – თითქმის შეუძლებელია – აიტანო, განსაკუთრებით, როდესაც დიდი მეზობელი ქვეყანა ხარ (ისეთი, როგორიც რუსეთია). ამისათვის „შეშლილი” სააკაშვილი უნდა ჩამოიკიდოს ისე, როგორც ვლადიმირ პუტინმა იცის. ჩვენ, უბრალოდ, არც დღე ვიცით და არც საათი, როდესაც საქართველოს თავს ისევ დაესხმებიან. საფრანგეთი დიდად წაადგებოდა ამ საქმეს, თუ ავიამზიდ მისტრალს რუს „ქორებს” მიჰყიდის.
ამასობაში კი რუსეთმა ბევრი სამხედრო ხელშეკრულება გაუფორმა საკუთარ თავს – ძირითადად ცხინვალისა და სოხუმის მარიონეტული რეჟიმების გავლით – და კიდევ უფრო მეტი ჯარი შეაიარაღა თანამედროვე S-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ცხადია, ეს ჯარები სოჭის ოლიმპიადას – მშვიდობისა და კეთილი ნების ზეიმს – დაიცავენ 2014 წელს.
გაეროს უშიშროების საბჭოს მრავალი რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების უფლებაზე, დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში, მინიმუმ 250 ათას ქართველს ეხება, რომლებიც აფხაზეთიდან 1993 წლის ომის შედეგად გამოიქცნენ. ამ ციფრმა, შესაძლოა, ნახევარ მილიონს მიაღწიოს, თუ იმ სომხებს, ებრაელებს, ესტონელებსა და სხვებს დავამატებთ, რომლებსაც კოდორის ხეობის დატოვება მოუხდათ ბოლო ოკუპაციის დროს (ამ რიცხვს პრეზიდენტი სააკაშვილი ასახელებს Newsweek-ისთვის მიცემულ ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში). ამ ხალხის იმედი სახლში დაბრუნებისა, როგორც ჩანს, გაეროს მორალური იმპოტენციის აკლდამაში დაიმარხა. ნებისმიერი მოლაპარაკება შერიგების თაობაზე, რომლის წარმართვის მანდატი რუსეთის მთავრობას აქვს, პარალიზებულია ამ ქვეყნის მიერ. შესაძლოა, რუსეთმა ნატო-რუსეთის საბჭოს საქმიანობის პარალიზებაც მოახერხოს – ამის რისკი დიდია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბოლო შეხვედრაზე ნატომ ოკუპირებულ აფხაზეთში S-300 რაკეტსაწინააღმდეგო სისტემების განთავსების საკითხი დააყენა. ბრაზის და მუქარის შემცველი განცხადებები არ ჩერდება იმათი მისამართით, ვისაც „ურთიერთობების გაფუჭება” სურს. ომი, ოკუპაცია, მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი გამოდევნა, სამხედრო ექსპანსიისათვის ოკუპირებული ტერიტორიების გამოყენება, უბრალოდ, არ ითვლება, ვინაიდან ეს რუსეთის სუვერენული დემოკრატიის შიდა საქმეა. თუმცა, ის, რომ ამ სუვერენულ დემოკრატიას თავის უკანონო ქმედებებზე მიუთითო, მიუღებელია.
დრო გვიჩვენებს, როგორ შეძლებს ნატო დამცირების ამ ახალი შემოტევის დაძლევას. პირფერობას არც ნატოს რიგებში უჩივიან.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები