წერილი წმინდა გიორგი ათონელს

ამას წინათ ჩვენმა კათალიკოზმა ქართველ წინაპრებთან სასაუბროდ გვაკურთხა და მეც დავაპირე დაგელაპარაკო, შევასრულო მისი ეს კურთხევა. არ ვიცი, რა დავარქვა იმას, რისი თქმაც მინდა შენთვის, საჩივარი თუ უიმედობის ხავსს ჩაჭიდება. სიმართლე გითხრა, ახლა, ამ ბარათის მოწერა უფრო ჩვენი მწყემსმთავრის საკვირაო ქადაგებამ გადამაწყვეტინა, სადაც მან დაახლოებით ასეთი რამ ბრძანა: უცხოეთში ახალგაზრდების სასწავლებლად წასვლით ისინი ღვთისმშობლის კალთას, ქართველი წმინდანების მფარველობასა და მადლს მოაკლდებიან, ქართულ ფესვებს და ღირებულებებს მოწყდებიან, გადაგვარების გზას დაადგებიან და ისეთ რენეგატებად შეიძლება ჩამოყალიბდნენ, მშობლების „ჩაშვებაზეც” რომ აწერენ ხელსო. ვთქვათ, თუ უფროსები ბავშვებს სცემენ, ამის გამო პოლიციას შეიძლება მიმართონო. მაგალითად, კანადაში ეს ასე ხდებაო. ბოლოს კოსმოპოლიტიზმსაც გადაკრა – ფული არისო კოსმოპოლიტის ნამდვილი სამშობლოო. ეს რომ დიოგენე კინიკოსს გაეგო, ალბათ სიცილით-ხარხარით ამოხტებოდა კასრიდან.

მამა გიორგი, ვინმეს ცემა და მით უფრო, ბავშვისა, რომ დიდი ცოდვაა, ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებ, ერთ კარგ მწერალს, ოთარ ჭილაძეს, თავის პირველსავე რომანში, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ასეთი რამ უწერია: ზღვისპირა ვანში, როცა სულ პირველად შემოარტყეს ბავშვს ხელი, მთელს ქალაქში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა და ზღვამ, ანუ ცივილიზაციამ უკან დაიხიაო. მეც ასე მგონია, ბავშვების შეურაცხყოფა ყველა უბედურების თავი და თავია და მიმაჩნია, რომ მშობელს არ აქვს შვილზე ძალადობის უფლება. ეს დანაშაულია, რომლის გამო დედასაც და მამასაც, ბებიასაც და ბაბუასაც კანონით საკადრისი უნდა მიეზღოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არ არის ჩემი მთავარი სათქმელი შენთვის.

უცხოეთში სასწავლებლად წასვლის საშიშროებაზე მინდა გითხრა ორიოდე სიტყვა.

შენ ხომ კარგად იცი, რომ ეს ტყუილია. 13 წლიდან უცხოობაში, კონსტანტინოპოლში იზრდებოდი, იქ საუკეთესო აკადემიებში იღებდი განათლებას, ბერძნულსა და ლათინურს სწავლობდი. მხოლოდ 25 წლისა დაუბრუნდი საქართველოს და ისიც მცირე ხნით, ამის შემდეგ ისევ ქვეყნიდან ქვეყანაში მოგზაურობდი, ყველგან დიდებასა და პატივს გაურბოდი, ბოლოს კი, როცა ათონის მონასტერში დამკვიდრდი, შენი დიდი წინამორბედების, ექვთიმესა და იოანე მთაწმინდელების ცხოვრება აღწერე. ისინიც ხომ სამშობლოდან იყვნენ გადახვეწილები. კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო: პეტრე იბერი, იოანე პეტრიწი, თორნიკე ერისთავი თუ სხვა, სრულიად უსახელო ადამიანები. ზედმეტია იმის თქმა, რომ უცხო ქვეყნებში მიღებული ცოდნითა თუ მოპოვებული ქონებით, ქართველები, უმეტეს შემთხვევაში, საკუთარ თავსაც და საქართველოსაც ერთნაირად ამდიდრებდით.
მაგრამ თუნდაც ქვეყნიდან გაჭირვებისა და უპერსპექტივობის გამო გახიზნული ხალხი, ან საბრალო მეძავები, ბოლო-ბოლო აქედან გაპარული ყაჩაღები და ქურდები, ავიღოთ. ასეთებიც ხომ მრავლად არიან. რა? რომელიმე მათგანი დაივიწყა ღმერთმა? ან თქვენ, წმინდანებმა შეწყვიტეთ მათთვის მეოხება? ცხადია, არა!

მამა გიორგი, უკვე 50 წლის გავლენიანი ბერი და მეცნიერი იყავი, როცა ისევ ჩამოხვედი სამშობლოში, მაგრამ შენი უპირველესი საზრუნავი ახალი ტაძრების შენება, ხატების თვალ-მარგალიტით მოოჭვა, ან სუფრისა და ჩაცმის, ცეკვისა და სიმღერის ნაციონალური ტრადიციები იყო? არა, რა თქმა უნდა, არა!

შენ პატარა, მივარდნილი, პოლიტიკურად ჯერ კიდევ არარსებული სახელმწიფო, ცივილიზებული მსოფლიოს – ოიკუმენეს დამოუკიდებელ ნაწილად გსურდა გეხილა. ჩამოსვლისთანავე, ყოვლისმომცველ საეკლესიო და საგანმანათლებლო რეფორმას შეუდექი. თავაუღებლად თარგმნიდი ყველაფერს: თეოლოგიურ, ლიტურგიკულ, ლიტერატურულ ტექსტებს, აშენებდი სასწავლებლებს, ხელს უმართავდი ღარიბ-ღატაკებს... ამავდროულად ამხელდი ყველა მანკიერებას, რასაც იმჟამად ჩვენს ეკლესიაში ჰქონდა ფესვი გადგმული – კარჩაკეტილობით, კლანურობით, ადამიანის ღირსებისა და ცოდნის დაუფასებლობით დაწყებული, ცრუმორწმუნეობითა და სმის სიყვარულით დამთავრებული.

ვინც შენს ბრწყინვალე ცხოვრებას იცნობს, გაახსენდება რა მწარედ უთხარი ერთ-ერთ ეპისკოპოსს, „ეშმაკი მარჯულ გებრძვისო”, ანუ რაც შენ სათნო საქმე გგონია, სინამდვილეში უკეთურებააო. ეს იმიტომ, რომ მღვდელმთავარი თავის ქონებას ხატების შემკობასა და მონასტრებს ახმარდა. შენ მას ქრისტეს სიტყვები შეახსენე, ღმერთი იმას კი არ მოგვკითხავს, ავაგეთ თუ არა ტაძრები, შევამკეთ თუ არა ჯვარ-ხატები, არამედ იმას, დავაპურეთ თუ არა მშიერი, ხელი გავუწოდეთ თუ არა ღატაკს, ვუთანაგრძნეთ თუ არა დაჩაგრულსო.

იმ კაცმა ყურად იღო მხილება, მაგრამ ჩვენ დღეს ათასი წლის შემდეგაც ისევ მძიმე დღეში ვართ ჩავარდნილი. ისევ თავის ნებაზე გვათამაშებს ეშმაკი. ისევ ბრმად გვჯერა, რომ ღმერთი ქვის ტაძრებშია გამოკეტილი და რაც შეიძლება დიდი და ძვირფასი სრა-სასახლეები უნდა ავუშენოთ მას, რათა მისი კეთილგანწყობა მოვიპოვოთ. რატომ ვფიქრობთ ასე? იმიტომ, რომ შენი თარგმნილი ოთხთავი უძვირფასეს ოქროს ყდებშია გამომწყვდეული, სამუზეუმო ექსპონატადაა ქცეული, და როგორც კერპს ისე ვეთაყვანებით. გვგონია, რომ რაღაც მაგიური ძალა აქვს მის ამბორს. იმას კი, რაც შიგნით ჩაუწერიათ მოციქულებს, ისე ვექცევით, თითქოს აღარავინ კითხულობს.

ამ რამდენიმე წლის წინ ელიას მთაზე უზარმაზარი ტაძარი აღვმართეთ ყოვლადწმინდა სამების სახელობისა, მოვრთეთ და ოქრო-ვერცხლით შევამკეთ. გარშემო კი იქ, იმ უბანში მეტწილად ბარაკებია, სადაც ძირითადად ღარიბი ხალხი ცხოვრობს. იმჟამად საქართველოს თითქმის მთელ მოსახლეობას უმოწყალოდ ძარცვავდნენ კორუმპირებული ჩინოვნიკები და კანონიერი ქურდები, რომლებიც შემდეგ ამ ნაქურდალს ეკლესიას უნაწილებდნენ და სოკოებივით ამრავლებდნენ ქვის სალოცავებს. ეგონათ ამით ღმერთისგან მადლსა და მფარველობას ვიყიდითო. ამასობაში ჩვენი უწმინდესი სინოდი ისეთ სულიერ სიმაღლეებს მისწვდა, რომ დაუბადებელი, აბორტის შედეგად მოკლული და, ცხადია, მოუნათლავი ბავშვების საიქიო ხვედრზეც კი დაიწყო ფიქრი. ეპისკოპოსებმა, თავიანთი განჩინებით, ერთი ხელის მოსმით ჯოჯოხეთის გზას გაუყენეს ეს ყველაზე უფრო უცოდველი სულები. აი, ასეთი სისულელეებით იქცევდნენ თავს, მამაო, მაშინ, როცა გარეთ უამრავი დაბადებული ბავშვი ლუკმა პურისთვის ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა, მაშინ, როდესაც ჩვენს ქალებს უცხო ქვეყნებში უწევდათ უმძიმესი ფიზიკური შრომა, სამშობლოში, სახლში, შვილებისთვის, შეშინებული, დაჩაგრული, გაუბედურებული ქმრებისთვის, მოხუცი მშობლებისთვის პურის ფული რომ გამოეგზავნათ. ესენი კიდევ ქვეყნის ყოველდღიური ძარცვით გამდიდრებულ ნაძირლებს უპოვართა და დევნილთა ღმერთის – იესოს სახელით ტაძრებს, საეპისკოპოსო რეზიდენციებსა და აგარაკებს აშენებინებდნენ. არ ვიცი, ალბათ არ ჩავვარდებოდით ასეთ მძიმე ცოდვაში, სათანადო ცოდნა რომ გვქონოდა ერსაც და ბერსაც.

აი, ახლაც, აქ ელიას მთის მეზობლად, მახათას მთაზე, ისევ რაღაც გრანდიოზული მშენებლობა დაიწყება. ერთი საწყალი ქალია, გულნარა კუკულაძე, კოშმარები ესიზმრება ხოლმე. დროდადრო მრისხანე ღვთისმშობელი ეცხადება, რომელიც ბომბებზე, ამერიკის დაქცევასა და მესამე მსოფლიო ომზე ლაპარაკობს, თანაც საქართველოს გადარჩენის საფასურად თურმე ისევ დიდი ტაძრის აგებას მოითხოვს. კათალიკოზმაც, დაუჯერა გულნარას თუ რა იყო, გადაწყვიტა ახალი, 21-ე საუკუნის მშენებლობა გაეჩაღებინა.

აქ ისევ არნახული თანხები გაიხარჯება, ხელისუფლება კვლავაც მილიონებს ჩაურიცხავს საპატრიარქოს, ადგილობრივი პოპ-ვარსკვლავები მართლმადიდებლურ-პატრიოტულად იმღერებენ, მოცეკვავეები იცეკვებენ და მთელს ამ რეპერტუარს შემდეგ სასკოლო პროგრამებში შეიტანენ; ჩოხებში გამოწყობილი ბიზნესმენი პოეტები, მსახიობები, პოლიტიკოსები, ინტელიგენტები, სპორტსმენები, ექსპერტები და ჩინოვნიკები, პატრიოტები, ურაპატრიოტები და მულტიმედია არტისტებიც კი ლოცვით მილულავენ აცრემლებულ თვალებს. თითო თუმანს ყველას ჩაგვადებინებენ, მამაო, საქართველოს ხსნის პროექტში. ფილარმონიაში უკვე საყოველთაო საშემოსავლო კონცერტიც გაიმართა. ამ კონცერტის დროს ისიც გვითხრეს, რომ თქვენს წინაპრებსაც შეეძლებათ მახათაზე აგურის დადება, თუ მათაც გადაახდევინებთო, რა თქმა უნდა.

ბოლოს კი, როცა მახათასა და ელიაზე, ტაძრების ოქროცურვილი გუმბათები მზის სხივებს აირეკლავს, ივერიაც გაბრწყინდება, მაგრამ ქვრივ-ობლებს საქართველოში ისევ მრავალი ხელი ექნებათ გაწვდილი. მშობლებს შვილების გადაუდებელი ოპერაციისთვის თანხის მოძიებაში ისევ დააწყდებათ ნერვები, მოხუცებულებს ისევ გამწარებული ექნებათ სიბერე, თავიანთი მიწა-წყლიდან გამოყრილი ლტოლვილებიც ისევ დაუსრულებელ ძიებაში იქნებიან სახლებისა და სამსახურებისა.

მამაო, მე გეკითხები შენ და შენი მარადიული ქვეყნის წმინდა მცხოვრებლებს, ახლა მანდ ფულიც რომ გქონდეთ, მოინდომებდით ამ მშენებლობაში თანხის ჩადებას?

ვიცი, დანამდვილებით ვიცი, შენ რომ ჩვენი თანამედროვე იყო, ჩვენ შორის რომ ცხოვრობდე, ამ ცოდვას არათუ არ დაიდებდი, არამედ მთელი შენი გიგანტური ენერგიით წინ აღუდგებოდი მას. ამის საპირისპიროდ კი ისევ იგივეს გააკეთებდი, რაც ათასი წლის წინ მოიმოქმედე. ისევ ეკლესიისა და განათლების სისტემის რეფორმირებას დაიწყებდი, სახარებას ისევ ახალ ქართულ, ყველასათვის გასაგებ ენაზე გადმოგვიღებდი, თანამედროვე უნივერსიტეტს გაგვიხსნიდი, უამრავ უცხოურ წიგნს გვითარგმნიდი, ხოლო ღატაკი მშობლების ბავშვებისთვის სახსრებს მოიძიებდი და საუკეთესო დასავლურ უნივერსიტეტებში წაიყვანდი სასწავლებლად. ერთი სიტყვით, თავისუფალი მსოფლიოს მოქალაქეობისთვის შეამზადებდი რკინის ფარდის მიღმა, იმპერიის უღელქვეშ მონობაგავლილ ქართველებს. შენ ზედმიწევნით ზუსტად გეცოდინებოდა, რომ ყოველივე ამით საქართველოს, ჩვენც და ჩვენს შვილებსაც შეუქმნიდი ღირსეული მომავლის შესაძლებლობას.
განა ასე არ მოხდა შენ დროს? განა, შენი რეფორმისა და თითქმის ყამირ მიწაზე დაწყებული შენი არაადამიანური შრომის შედეგიც არ იყო ის, რითაც ჩვენ დღემდე ვტრაბახობთ ხოლმე?

განა შენ მიერ უცხოეთში წაყვანილი 80 ბავშვისა და მათთვის იქ მიცემული ცოდნის შედეგიც არ იყო ოქროს ხანის საქართველო – თავისუფალი სახელმწიფო და განათლებული ხალხი?

მამა გიორგი, ვიცი არც მანდ, ცათა სასუფეველში გეამება ამდენი ქება და დიდება, მაგრამ ამ წერილს მარტო შენ კი არა, ჟურნალ ტაბულას მკითხველებსაც ვწერ. ამიტომ უფრო თამამად გეტყვი: ბაგრატზე თუ სვეტიცხოველზე, ძეგლებზე და მემორიალებზე შეუდარებლად ძვირფასია ჩემთვის ის ტაძარი, რომელიც შენ აუგე ღმერთსა და ადამიანს შენი ცხოვრებით, შენი შრომით, შენი თარგმანებით და, რაც ყველაზე უფრო მთავარია, სიღატაკესა და სიბნელეს გადარჩენილი იმ 80 უცხოეთში სასწავლებლად წაყვანილი ბავშვისთვის მიცემული ბედნიერების შანსით.

შენ, ასე და ამ გზით, ჩვენს მამულში მსოფლიო მოქალაქეობის, თავისუფლებისა და განათლების გემო და სიკეთე შემოიტანე. ამ შენს უხილავ ტაძარს დრო და ჟამი ვეღარაფერს დააკლებს, რადგან ამ ტაძარში ჩვენგან, 21-ე საუკუნის ქართველი მართლმადიდებლებისგან განსხვავებით, მშობლიური მიწის ნიადაგში ჩადგმულ კერპებს კი არა, თითოეულ ადამიანში მცხოვრებ ღმერთს ეთაყვანებიან.