ნობელი იმაში, რაც ისედაც ყველამ იცის

11 ოქტომბერს შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიამ ეკონომიკურ მეცნიერებაში შეტანილი წვლილისთვის ნობელის პრემიით დააჯილდოვა სამი ეკონომისტი – პიტერ დაიმონდი (მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტი), დეილ მორტენსენი (ნორსვესტერნის უნივერსიტეტი) და კრისტოფერ პისარიდესი (ლონდონის ეკონომიკის სკოლა). პრემია გადაეცათ დასაქმების ბაზრის სიღრმისეული შესწავლისთვის, კერძოდ კი ბაზრის იმ „ხარვეზების” გაანალიზებისთვის, რომლებიც ხელს უშლის დამსაქმებლებსა და სამუშაოს მაძიებლებს იპოვონ ერთმანეთი.

სამივე მეცნიერი ათწლეულების განმავლობაში სწავლობდა დასაქმების ბაზარსა და უმუშევრობის პრობლემებს. შესაბამისად, პრემია დაიმსახურა არა რომელიმე კონკრეტულმა კვლევამ, არამედ ნაშრომთა ერთობლიობამ, რომლებიც ძირითადად გასული საუკუნის 70-90-იან წლებში გამოიცა. მსოფლიოში, მათ შორის განვითარებულ ქვეყნებშიც, არსებულმა მაღალმა უმუშევრობის დონემ, რომელიც თავის მხრივ მსოფლიო ფინანსური კრიზისის შედეგია, სავარაუდოდ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია სამეფო აკადემიის გადაწყვეტილებაზე, სწორედ ახლა გაემახვილებინა ყურადღება ამ მეცნიერების ნაშრომებზე.

1961 წელს, ჯორჯ სტიგლერმა ჩიკაგოს ეკონომიკური სკოლიდან (რომელიც თავად გახდა ნობელის ლაურეატი 1982 წელს) გამოაქვეყნა ნაშრომი სახელწოდებით „ინფორმაციის ეკონომიკა”. ამ ნაშრომში მან აღწერა პროდუქციის ბაზრის მოდელი, რომელშიც მყიდველი ეძებს პროდუქტზე ყველაზე დაბალ ფასს მანამ, სანამ ძიებაზე დახარჯული დრო და ენერგია თვითონ ძიების პროცესს არ დაუკარგავს აზრს. მარტივად რომ ავხსნათ, თუ რაღაც პროდუქტი ღირს 5 ლარი და მყიდველი ეძებს იგივე პროდუქტს 4 ლარად, ძიებაზე 1 ლარის ან მეტის დახარჯვა აზრს უკარგავს ძიების პროცესს, რადგან მყიდველი „წაგებული” რჩება. სტიგლერმა იგივე თეორია მიუყენა დასაქმების ბაზარს, სადაც დასაქმების მსურველი ეძებს მისთვის მისაღებ სამუშაოს. თუმცა მან არ გაამახვილა ყურადღება უმუშევრობაზე.

დეილ მორტენსენმა 1970 წელს გამოქვეყნებულ ერთ-ერთ ნაშრომში განავრცო სტიგლერის ზემოხსენებული თეორია და მეტი ყურადღება დაუთმო სწორედ უმუშევრობას. შედეგად მორტენსენმა დაასკვნა, რომ როდესაც დასაქმების მაძიებელი უარს ამბობს დაბალანაზღაურებად სამუშაოზე, ეს ნიშნავს, რომ მას ჯერ კიდევ ურჩევნია სამუშაოს ძიების გაგრძელება. და ის გააგრძელებს ძიებას, მანამ სანამ ძიებაზე დახარჯული დრო და ენერგია თვითონ ძიების პროცესს არ დაუკარგავს აზრს. მაგალითად, თუ ადამიანი ეძებს სამსახურს 1000-ლარიანი ანაზღაურებით, ამის გამო უარს ამბობს 800-ლარიან შემოთავაზებაზე და სამუშაოს ძიებაზე ხარჯავს 2 თვეს – ის შეიძლება დაფიქრდეს იმაზე, რომ 200-ლარიანი სხვაობის გამო დაკარგა 1600 ლარის (ორი თვის) შემოსავალი.

პიტერ დაიმონდმა 1971 წელს ყურადღება გაამახვილა სხვა ტიპის პრობლემაზე. მისი თეორიის მიხედვით, რომელსაც შემდგომში დაიმონდის პარადოქსი ეწოდა, თუ მყიდველები არ შეიწუხებენ თავს დაბალი ფასის ძიებით და უბრალოდ ირწმუნებენ, რომ იდენტური პროდუქტი ყველგან ერთი ფასი ღირს – ნაცვლად კონკურენციისა და დაბალი ფასებისა, მივიღებთ ბაზარს, სადაც მაღალი „მონოპოლისტური” ფასები იქნება. ცხადია, თუ მყიდველი არ ეძებს დაბალ ფასს – გამყიდველს არ ექნება ფასის დაკლების მოტივაცია. აღნიშნული თეორია ერთი მხრივ აბსურდული ხდება თუ დავუშვებთ, რომ იმავე პროდუქტის რომელიმე გამყიდველს მიეცემა დაბალი ფასის რეკლამირების, ანუ ზარმაცი მყიდველის ინფორმირების საშუალება. ხოლო მეორე მხრივ, თუ მყიდველი არ იწუხებს თავს დაბალი ფასის ძებნით და მზად არის რომელიმე პროდუქტში გადაიხადოს „მაღალი” ფასი – საერთოდ რატომ უნდა გვაინტერესებდეს ფასის დონე?

1977 წელს გამოცემულ ნაშრომში დეილ მორტენსენმა გამოიკვლია რა კავშირი არსებობს უმუშევართა დახმარებებსა და უმუშევრობის დონეს შორის. ერთ-ერთი საინტერესო დასკვნა, რომელიც მეცნიერმა ამ კვლევის შედეგად გამოიტანა, შემდეგში მდგომარეობდა – დასაქმების მაძიებლები, რომლებსაც არ გააჩნდათ უმუშევრობის დაზღვევა, უფრო ხშირად ინტერესდებოდნენ დაბალანაზღაურებადი და რისკიანი სამუშაოთი, რადგან იცოდნენ, რომ თუ სამსახურში არ აიყვანდნენ – ისინი მიიღებდნენ უმუშევრობის დაზღვევას (საგულისხმოა, რომ თუ სამუშაოს არ ეძებ, არ ითვლები უმუშევრად და ვერ იღებ დაზღვევას).

დაიმონდი, მორტენსენი და პისარიდესი აგრძელებდნენ დასაქმების ბაზრის ეკონომეტრიკულ კვლევებს და გამოსცეს არაერთი ინდივიდუალური თუ ერთობლივი ნაშრომი. თუმცა მათ მიერ შექმნილი თეორიები და კვლევების შედეგად გამოტანილი დასკვნები უმეტესწილად ან უბრალოდ ადასტურებს საღი აზრის არსებობას, ან საკმაოდ უცნაურად ჟღერს. ამ სამი მეცნიერის ნაშრომთა ერთობლიობიდან, რომელმაც ნობელის პრემია დაიმსახურა, რამდენიმე დასკვნის გამოტანაა შესაძლებელი:

• ადამიანები დროს ხარჯავენ მათთვის მისაღები სამუშაოს ძიებაზე, რადგან ისინი, ისევე როგორც სამუშაო, რომელსაც ეძებენ, არ არიან იდენტურები;
• რეგულირებული შრომის ბაზარი, სადაც გართულებულია ადამიანების სამუშაოზე აყვანა/გათავისუფლება, ერთი მხრივ, ხელს უწყობს უმუშევრობის დონის მატებას, ხოლო მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად ვნებს ეკონომიკურ ზრდას, რადგან ხდება „არაეფექტური” სამუშაო ადგილების შენარჩუნება;
• უმუშევართა დახმარების პროგრამები ხელს უწყობს უმუშევრობის ზრდას და უფრო ახანგრძლივებს უმუშევრობის ვადას, რადგან დასაქმების მაძიებელს უმუშევრად ყოფნა უფრო იაფი უჯდება (თუმცა იქვე ასკვნიან, რომ ეს ეკონომიკისთვის „კარგია”, რადგან ახანგრძლივებს სამუშაოს ძიების პროცესს და საშუალებას აძლევს დასაქმების მაძიებელს, მისთვის უფრო შესაბამისი სამუშაო იპოვოს. რამდენად „კარგია” ეკონომიკისთვის ეფექტურად ფუნქციონირებადი სექტორის დაბეგვრა და ამოღებული თანხებით უმუშევრების დახმარება, მანამ სანამ ისინი არ იპოვიან მათთვის მისაღებ სამუშაოს – სამწუხაროდ, ამ კვლევებში მითითებული არ არის);
• დამსაქმებლებისთვის სუბსიდიების გადახდა, რათა მათ სამუშაო ადგილები შეუქმნან უმუშევრებს, მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია დასაქმების მაძიებლისთვის. მეტიც, აღნიშნული სარგებელი იმდენად დიდი მოცულობისაა, რომ შესაძლებელია ახლად დასაქმებულის შემოსავლის დაბეგვრა და ამოღებული გადასახადებით იგივე სუბსიდიების სრულად დაფინანსება (თითქოს ეწინააღმდეგება ელემენტარულ არითმეტიკულ ლოგიკას, მაგრამ ეკონომეტრიკა აბა რის ეკონომეტრიკაა?).

„სხვადასხვა ბაზრებზე მყიდველები და გამყიდველები ყოველთვის ვერ ახერხებენ ერთმანეთთან მყისიერად დაკავშირებას. ეს ეხება, მაგალითად, დამქირავებლებს, რომლებიც ეძებენ მუშახელს და მშრომელებს, რომლებიც ეძებენ სამუშაო ადგილს. რადგან ძიების პროცესი საჭიროებს დროსა და რესურსებს, ის იწვევს ბაზარზე „ხახუნის” გაჩენას. ასეთ ბაზრებზე რიგი მყიდველების მოთხოვნები ვერ დაკმაყოფილდება, ხოლო რიგი გამყიდველები ვერ გაყიდიან იმდენს რამდენიც სურთ. ამიტომ დასაქმების ბაზარზე ერთდროულად არსებობს ვაკანსიები და უმუშევრობა”.

ასე იწყება შვედეთის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის 11 ოქტომბრის პრეს-რელიზი.

სამი უდავოდ ნიჭიერი ადამიანი ათწლეულების განმავლობაში გამუდმებით ითვლიდა იმისათვის, რომ ამ დასკვნამდე მისულიყო.

კომენტარები