ტოტალის ზეთები ქართველ მომხმარებელს

ხხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ ვისოლმა სიდიდით მსოფლიოს მეოთხე ნავთობკომპანია ტოტალთან ექსკლუზიური გრძელვადიანი ხელშეკრულება გააფორმა. ამით ვისოლი საქართველოში ტოტალის საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების ექსკლუზიური იმპორტიორი გახდა. კომპანია ბიზნესს 130 ქვეყანაში 96 ათასზე მეტი თანამშრომლის დახმარებით აწარმოებს. მისი წლიური გაყიდვები საშუალოდ 159 მილიარდ ევროს შეადგენს. ტოტალის მმართველი დირექტორის, ჟან მიშელ ჰიერონიმუსის განცხადებით, ვისოლთან თანამშრომლობა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ კომპანია გამჭვირვალედ მუშაობს. ამასთან, ფასეულობებით, ამბიციებით, მუშაობის დინამიკითა და ფიქრის წესით ტოტალს ჰგავს. ჰიერონიმუსის თქმით, საქართველოს ბაზარზე მოთხოვნა ხარისხიან პროდუქციაზე სწრაფად იზრდება. ტოტალთან თანამშრომლობის ეფექტზე საუბრობს ვისოლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე სოსო ფხაკაძე. 

რას მიიღებთ ტოტალთან თანამშრომლობით?

პირველ რიგში, ცოდნას და გამოცდილებას: ტოტალი გაგვიზიარებს საკუთარ ნოუ ჰაუს. ჩვენი სპეციალისტები საფრანგეთში გადამზადდებიან. ტოტალის სპეციალისტებიც მაშინ ჩამოვლენ აქ, როცა ჩვენ მოვითხოვთ. ისინი დაგვეხმარებიან მარკეტინგში, პროდუქციის სპეციფიკის არჩევაში. ჩვენ აღარ მოგვიწევს ნულიდან დაწყება და ველოსიპედების გამოგონება. ამით მომხმარებელი მოიგებს.

რატომ დარჩება მომხმარებელი მოგებული?


მომხმარებელი მიიღებს ფრანგულ ზეთებს. იქნება მაღალი ხარისხის მომსახურება და თან, მრავალ ადგილზე. ჩვენ დაახლოებით 80 სადგური უკვე გვაქვს და კიდევ ვაშენებთ. ძალიან ბევრ ადგილას გამოჩნდება ტოტალის სიმბოლიკა. ის მსოფლიოში მეოთხე კომპანიაა და საქართველოში მისი შემოყვანა ქვეყნის რეპუტაციისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.

რას გულისხმობთ?

ჩვენს და ზოგადად, ჩვენი ტიპის ქვეყნებს აკლიათ სტაბილურობის განცდა. ადამიანი, რომელიც მოძრაობს ქვეყანაში, ინვესტიციებს აბანდებს ან თუნდაც, ტურისტული მიზნებით ჩამოდის და ხედავს ასეთი დიდი კომპანიების სიმბოლიკას, რამდენიმე დასკვნას აკეთებს. პირველი, ქვეყანა არის სტაბილური როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად. მეორეც, აქ შეიძლება ინვესტიციების დაბანდება. ერთ მსხვილ კომპანიას სხვა მსხვილი კომპანიებიც მოჰყვებიან. ქვეყანაში ბევრი დიდი კომპანია თუ ოპერირებს, მის მიმართ ნდობა იზრდება: ინვესტორისთვის ეს სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია.

რა ეღირება ტოტალის ზეთები?

ჯერ არ ვიცით. ბევრი დასახელების პროდუქტია და ფასების შედგენა ახლა მიმდინარეობს. ერთი რამ ცხადია, ფასები კონკურენტული იქნება.

საიდან იცით, რომ ახალ ზეთზე მოთხოვნა იქნება?

ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. გამოიკვეთა ორი ძირითადი პრობლემა: პირველი, მომხმარებელმა არ იცის, რა ზეთს ასხამს მანქანაში და მეორე, არ არსებობს კომფორტული გარემო, სადაც ზეთის ჩასხმა შეიძლება. ჩვენს ავტოგასამართ სადგურებზე სწორედ ამ გარემოს შევქმნით. კომფორტულ გარემოში კომფორტულ სერვისს მიიღებ და შემდეგ, გზას გააგრძელებ.
 

კომენტარები