“ჯეოსტარი” – დამცირებულნი და “გავარსკვლავებულნი”

შეიძლება გაექცე ცუნამს, ტორნადოს, ვულკანს, ომს, ტერაქტს, ვირუსს, ეპიდემიას. გაექცე ოჯახს, პარტნიორს, მეგობარს, სამშობლოს, ბანკებს, ბანკირებსა და ბანკომატებს, ტაქსებს, ტაქსისტებსა და მათ ისტორიებს. გაექცე ყველას და ყველაფერს – ქუჩაში გამოდევნებულ მათხოვრებს, ჟურნალისტებს, კარზე მომდგარ მემაწვნეებს, მევალეებს, ინკასატორებს, პარტიის აქტივისტებს, მეზობლისა და ქუჩის ძაღლებს, დაუსხლტე ქურდებსა და ბრმად ნასროლ ტყვიასაც კი, მაგრამ მობილურ ტელეფონს ვერსად გაექცევი. ის სულ შენთანაა, სხეულის შემადგენელი პატარა, უკაბელო წანაზარდია, ლოკოკინას ნიჟარასავით, კუს ბაკანივით, მთვარესავით მუდამ შენი თანამგზავრია. გამომდინარე აქედან, შეგიძლია არ მოუსმინო რადიოთი მოწოდებულ ინფორმაციას, სარეკლამო ჭრის დროს ტელევიზორი გადართო, უფრო ზუსტად კი გამორთო, რადგან გადართვას აზრი არ აქვს. არ წაიკითხო ქუჩაში გადმოკიდული აბრები, კედლებზე თუ ელექტრობოძებზე გაკრული განცხადებები, არ გამოართვა ფერად მაისურებში გამოწყობილ გოგო-ბიჭებს ლამაზი ფლაერები. ერთი სიტყვით, თავი აარიდო ყოველგვარ სარეკლამო შემოთავაზებას, თუმცა შენგან რჩეული მობილური ოპერატორის მიერ გამოგზავნილ sms აქცია-შემოთავაზებებს თავს ვერ დააღწევ – “ჩაერთე და მიიღე 5000000 sms, 100000 საათი სასაუბრო დრო”, “გთავაზობთ განახლებულ ტარიფებს შიდა ქსელებზე”, “აკრიფე *XXX*X #OK” და ასე უსასრულოდ. ჩვენი ძვირფასი მობილური ოპერატორები, უკომპრომისო საბაზრო კონკურენციის პირობებში რას არ გვთავაზობენ, მაგრამ “გავარსკვლავების” შემოთავაზებას ნამდვილად ვერაფერი შეედრება. 

რამდენიმე წელია, კომპანია ჯეოსელისა და რუსთავი 2-ის ერთობლივი პროექტი ჯეოსტარი ყოველ ახალ სეზონზე, სრულიად საქართველოს ერთჯერად “ვარსკვლავებს” მოუვლენს ხოლმე და მეორე სეზონამდე ერთნაირად “კვებავს” ტელევიზიებს, ინტერნეტსაიტებს, ყვითელ, წითელ და ნარინჯისფერ პრესას. ჩვენში რომ სიმღერის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება არსებობს, არა მხოლოდ სუფრასთან, გუთანთან, ფიცხელ ომში, ჭირსა თუ ლხინში ამღერებული ქართველის ლეგენდები ღაღადებენ, არამედ ფაქტებიც, როდესაც ღონისძიება არ მოეწყობა ისე, რომ ვინმე არ ამღერდეს, აღარაფერს ვამბობ მიტინგების თუ საპროტესტო აქციების დროს შესრულებულ სიმღერებზე. ვმღერით ჩვენ და სიხარულით ვამღერებთ სხვა ქვეყნებიდან მოწვეულებსაც. ასე რომ, ქვეყნის უმრავლესობას გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად მომღერლობაზე აქვს პრეტენზია და რადგან მომღერლობა პოპულარობასთან ასოცირდება, პოპულარობა კი ჩვენში რაღაც უნივერსალურ პროფესიად იქცა, ანუ “ცნობილი ადამიანის” აზრი ტელევიზიებისთვის ყველა საკითხთან დაკავშირებით რატომღაც კომპეტენტურად ითვლება, ჯეოსტარში მონაწილეობის მსურველთა მონდომება, რიცხოვნობა თუ მრავალფეროვნება გაოცებას აღარ იწვევს. შესაბამისად, მუსიკალურ ნიჭს მოკლებულ მონაწილეთა მიმართ პრეტენზიები ხშირად გაუმართლებელი მგონია, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პროექტში ასაკობრივი შეზღუდვის გარდა სხვა შეზღუდვა არ არსებობს, ანუ რეგისტრაციის გავლისა და მკერდზე რამდენიმენიშნიანი ნომრის მიწებების შემდეგ მონაწილეს პირდაპირ ჟიურის,

ტელეკამერების, ქვეყნის წინაშე უწევს გამოსვლა, რაც გარკვეული სახის პოპულარობას უკვე გულისხმობს. ასე რომ, ჯეოსტარი საზოგადოებას ორი სახის “გავარსკვლავებას” სთავაზობს, პირველი – შესარჩევი ტურების დროს, როდესაც ინტელექტსა და მუსიკალურ ნიჭს მოკლებულ მონაწილეს ჟიურის წევრები დასცინიან, კიცხავენ. ტელევიზია კი ამ ყველაფერს გრაფიკოსების მიერ კიდევ უფრო გაშარჟებული ფორმებით წარმოგვიდგენს. მის საქვეყნოდ დაბეჩავების ამსახველ ვიდეოს ატვირთავენ ინტერნეტსაიტებზე, ჩამოტვირთავენ მობილურ ტელეფონებში, შეიძლება სხვა რომელიმე სატელევიზიო გადაცემაშიც მოხვდეს, უფრო მეტად დასცინონ, დაამცირონ, მაგრამ ამით გახდეს პოპულარული ანუ თავსლაფდასხმული “ვარსკვლავი”. რაც შეეხება “გავარსკვლავების” მეორე ვარიანტს, ამ შემთხვევაში ხმის, სმენის და შემოქმედებითი ინდივიდუალობის მქონე მონაწილემ, შეიძლება წარმატებით გაიაროს შესარჩევი ტურები, თუმცა რადგან პროექტში ყოფნა-არყოფნა ქსელის აბონენტების მიერ დარეკვა-დამესიჯებით წყდება, ანუ მისი ბედი ფართო საზოგადოების ხელშია, მოირგოს ამ საზოგადოებისთვის მისაღები რომელიმე მომღერლის შესრულების მანერა, შესარჩევ ტურებზე გამოვლენილი შემოქმედებითი ინდივიდუალობა დათმოს და “გავარსკვლავდეს”. ჰოდა, დგას ეს “გავარსკვლავებული”, ე.ი. “ჯეოსტარი” სცენაზე და ხვდები, რომ წინა სეზონის გამარჯვებულისგან, გარდა გარეგნობისა ან სქესისა, არაფრით გამოირჩევა (ხშირად ემოციებიც კი მსგავსი აქვთ), ანუ ერთგვარ ქარხნულ პროდუქტს წარმოადგენს, ვთქვათ Nokia-ს ფირმის ტელეფონს, ოღონდ არა ფინეთში, არამედ ჩინეთში დამზადებულს.

წელს, როდესაც ტელეფონებში მეხივით თავსდამტყდარმა sms შეტყობინებამ ჯეოსელის აბონენტებს ჯეოსტარის შესარჩევი ტურების დაწყება ამცნო, პროექტის რამდენიმე თავგადაკლულ გულშემატკივარს და არა მხოლოდ მათ ვკითხე, თუ რა დაამახსოვრდათ გასული 2009 წლის ჯეოსტარიდან. უმრავლესობამ, უპირველესად, გაიხსენა არა გამარჯვებული ან ფინალში გასული კონკურსანტი, არამედ ბიჭი ქუთაისიდან, საზოგადოებისთვის “დშნდნნდ” ცნობილი. პროექტი მართლა უწყობს ხელს მანამდე უცნობი ადამიანების ფართო მასებისთვის გაცნობას, მაგრამ რის ხარჯზე და რა ფორმებით ხდებიან ეს მანამდე უცნობები, ჩვენთვის ნაცნობები? რა უფრო ამახსოვრდება შოუდან ადამიანებს? ან რა იზიდავს ამ შოუში უმრავლესობას? ამაზე დაფიქრება, მგონია, ურიგო არ იქნებოდა. მით უფრო, რომ ეს მხოლოდ პროექტ ჯეოსტარის პრობლემა არ არის და როგორც ჩვენთან, ისე დანარჩენ მსოფლიოში სხვა შოუპროექტებიც არსებობს, სადაც მონაწილეები საკუთარი თავის თუ სხვისგან დამცირებისა და შეურაცხყოფის ხარჯზე საქვეყნოდ ცნობილნი ხდებიან.

ჯეოსტარი 2010-ის შესარჩევი ტურები კი უკვე დამთავრდა და დამცირებული “გავარსკვლავების” კანდიდატებიც გამოიკვეთნენ.

კომენტარები