სულის მკურნალნი

მარადიული არაფერია ცისქვეშეთში. სპეციალობები და პროფესიებიც კი კვდებიან და იბადებიან. მათ შორის სამედიცინო სპეციალობებიც. მაგალითად, თვალსა და ხელს შუა გაქრა ფტიზიატრი, სამაგიეროდ, გაჩნდა ანგიოლოგი.
იქნებ ეს მხოლოდ სიტყვების ცვლაა, იმის მსგავსად, ლათინური ”ოკულისტი” ბერძნულმა ”ოფტალმოლოგმა” რომ შეცვალა... არ ვიცი. მე სულ სხვა მიზანი მამოძრავებს: სრულიად საქართველოს მსურს მივულოცო ახალი სპეციალობა: ექიმი მორალისტი.
ინტერნეტ საიტზე www.mkurnali.ge ქართველი მკურნალები სასარგებლო რჩევებს აძლევენ სასოწარკვეთილ ქალწულებს. შეკითხვის წარდგენის ფორმა თითქმის სტანდარტულია: ”ვარ 29 (27, 29, 30) წლის ქალიშვილი”... არც შინაარსი გამოირჩევა მრავალფეროვნებით - ძირითადად ან მასტურბაციასთან დაკავშირებულ საფრთხეებზე ეკითხებიან, ან აინტერესებთ, როგორ მიაღწიონ ორგაზმს ქალწულობის დაურღვევლად.
შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ამ შეკითხვებს თვითონ საიტის მესვეურები იგონებენ... მაგრამ არც მაშინ არის გამართლებული ასეთი პასუხები:
”ალბათ გულისხმობთ გაუკუღმართებულ სექსუალურ ურთიერთობებს ან ონანიზმს, უნდა გითხრათ, რომ ერთიცა და მეორეც დაარღვევს თქვენს ფსიქიკას, ჯანმრთელობას”.
ან კიდევ უარესი:
”თუ ქალწულობის შენარჩუნება გსურთ, გირჩევთ თავიდან ამოიგდოთ ასეთი ფიქრები და სურვილები, შეინარჩუნეთ სულისა და გულის უმანკოება და არა აპკის მთლიანობა”.
ტერმინი ”გაუკუღმართებული” ნამდვილად მაღალი მეცნიერების კუთვნილებაა. რაც შეეხება მეორეს - მადლიერნი უნდა ვიყოთ, რომ ”ანანიზმი” არ დაგვიწერეს. საერთოდ კი, საკვირველია, ამის ავტორი რატომ არ გვაშინებს ”სიფილისტით”? - უი, ყურადღებით უნდა წამეკითხა: გვაშინებს კიდეც: ”იზრდება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებათა განვითარების რისკი”... ეტყობა, ”სიფილისტი” ვერ გაიხსენა და რაღაც ზოგადი სიტყვები ჩასვა.
მე ისღა დამრჩა, ვკითხო ჩვენს კეთილგანწყობილ მკურნალს: ნეტა ”ფიქრების თავიდან ამოგდება” შესაძლებელია ტრეპანაციის გარეშე? გულის უმანკოებას ბეტა-ბლოკატორები თუ უზრუნველყოფს? ან იქნებ ”სულის” სამედიცინო განმარტებაც მოაყოლოთ?
პასუხები თეოლოგ-მორალისტი ექიმების სინდისზე იყოს, მე კი ამ ამბავმა სულ სხვა რამ გამახსენა.
XVIII საუკუნის ბოლომდე შეძლებული ევროპული ოჯახი ერთი დიდი ბაზარი იყო. ვის არ ნახავდით აქ: შორეულ ნათესავებსა და ხიზნებს, სტუმრებსა და მათხოვრებს, მსახურებსა და მეზობლებს. სიკვდილიც კი ერთგვარად საჯარო მოვლენა იყო და ადამიანები მრავალრიცხოვანი ბრბოს თანდასწრებით ეთხოვებოდნენ წუთისოფელს.
ცხადია, ინდუსტრიული ეპოქის დასაწყისი ვერ აიტანდა ასეთ ურთიერთობებს: სამუშაო დროის განაწილება მკვეთრად იცვლებოდა და ახალი დროის მოთხოვნით ადამიანები უფრო ინდივიდუალისტები უნდა გამხდარიყვნენ. ძველი ჩვევების მოსაშორებლად წარმოიშვა ახალი იდეოლოგია: გააძევეთ უცხოები ოჯახიდან - ისინი თქვენს ბავშვებზე დამღუპველად მოქმედებენ! მაინც როგორ? - სწორედ აქ გასცეს საკადრისი პასუხი ექიმებმა: უცხოები ბავშვებს მასტურბაციას აჩვევენ...
- მერედა, რა? - კითხულობდნენ ოჯახის მამები, თვალს აპარებდნენ მობერებული მეუღლისკენ და კვიმატი ღიმილით იხსენებდნენ მომწიფების ნეტარ ხანას.
- როგორ თუ რა? - არ ცხრებოდნენ ექიმები და ერთიმეორის მიყოლებით გამოსცემდნენ პოპულარულ ბროშურებს. მასტურბაცია ყველა ცნობილი დაავადების პირველმიზეზად იქნა შერაცხული: მიელიტი და ხერხემლის გამრუდება, მენინგიტი და ენცეფალიტი, თვალის პათოლოგიები, გულსისხლძარღვთა სხვადასხვა დაავადებები და, რა თქმა უნდა, ჭლექი - ყველა ამ ბოროტებას ერთი ფესვი აქვს: მასტურბაცია ადრეულ ასაკში!
XIX საუკუნის სამედიცინო ლიტერატურაში მასტურბაციას ხან პირდაპირ ასახელებენ ყველა შესაძლო სნეულების ყოვლისმომცველ მიზეზად, ხან მოკრძალებულად შეჰყავთ რომელიმე კონკრეტული დაავადების აღწერაში. ამ დროს ვითარდება ”ზნეობის” ნამდვილი ინდუსტრია: უკანასკნელი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მოწყობილობები, რომლებიც მოზარდს მასტურბირების საშუალებას არ მისცემენ.
ეს ყველაფერი უკვე არც ცუდია და არც კარგი - უბრალოდ, ისტორიის კუთვნილებაა. 1920-იანი წლებიდან უკვე ქალებიც ხვდებიან, რომ სექსი არა მამაკაცის ნების წინაშე დათმობაა, არამედ თავისთავად სასურველი და სასიკეთო რამ. ეს ბუნებრივიცაა: თანამედროვე ოჯახის ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა, ძველი იდეოლოგია საჭირო აღარ არის.
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამგვარ კამპანიებს ვიღაც ”გეგმავს” - უბრალოდ, საზოგადოებაში ყოველთვის არსებობს აზრთა მრავალფეროვნება. ზედაპირზე კი ის ამოდის, რაზეც მოთხოვნილება არსებობს, თუნდაც შეუგნებელი. ოდესღაც მასტურბაციის დემონიზირებამ წვლილი შეიტანა თანამედროვე საზოგადოების შექმნაში: ეს ოჯახის იზოლირებით, ინტიმური ცხოვრების შემოზღუდვით იქნა მიღწეული. ამავე მიზანს ემსახურებოდა ფსიქიატრიის განვითარება - თუმცა ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.
ჩვენ ის გვაინტერესებს, საქართველოს როგორღა გამოადგება წარსულში დაბრუნება? - აქ ხომ ეკლესიის უმაღლესმა იერარქებმაც იციან, რომ პანტელეიმონ მკურნალის სახელზე ლოცვა ვერ შეცვლის ორგანიზმის საფუძვლიან გამოკვლევას, უმჯობესია, რომელიმე მოწინავე ქვეყანაში. 29 წლის ქალიშვილებმა კი რა ქნან? - მათ, რა თქმა უნდა, თავიდან უნდა ამოიგდონ ფიქრები, რათა იქ მორჩილებას გაუთავისუფლდეს ადგილი.
მე კი ეტრატის კიდეზე ქართველი მონაზვნის მინაწერი მახსენდება: ”ღმერთო, გამათხუე!”

კომენტარები