აუტანელი მიკ ჯაგერი

როლინგ სტოუნზის გიტარისტი კიტ რიჩარდსი თავის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში წერს, რომ მიკ ჯაგერი წლების სვლასთან ერთად გახდა აუტანელი და რომ იგი, ვოკალისტის დაჟინებული მოთხოვნით, მას “თქვენო უდიდებულესობავ” და “ბრენდათი” მიმართავს. 
მოგონებებს სიცხარეს სხვა ცნობილ ადამიანებთან ურთიერთობების აღწერაც მატებს – დაწყებული ჯონი დეპიდან, ჯონ ლენონით დამთავრებული, თუმცა ყველაზე ეკლიანი და დინამიური 527-გვერდიან წიგნში ჯაგერ-რიჩარდსის ურთიერთობაა.
რიჩარდსი, რომელიც 66 წლისაა და ჯაგერს 4 წლიდან იცნობს, ამბობს, რომ 20 წელია, ვოკალისტის გასახდელ ოთახში ფეხი არ შეუდგამს.
“80-იანი წლების დასაწყისიდან მიკი ნელ-ნელა აუტანელი გახდა”, წერს რიჩარდსი მემუარებში სახელად “სიცოცხლე”, რომელიც Times newspaper-მა სხვა გამომცემლებთან დიდი ომის შემდეგ 7,7 მილიონ დოლარად იყიდა.
რიჩარდსმა და ჯაგერმა 1962 წელს დააარსეს როლინგ სტოუნზი, ბენდის მთავარი ჰიტების ავტორებიც ისინი არიან და მათი უდიდესი დამსახურებაა, რომ ჯგუფს მსოფლიოს მასშტაბით 200 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.
“ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი მეგობარი მენატრება”, – წერს რიჩარდსი, – “და გაოცებული ვარ, სად წავიდა?”
რიჩარდსმა Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფის სხვა წევრებმა წაიკითხეს წიგნი და მხოლოდ ერთი ადგილის ამოღება მოუნდათ, იმ ეპიზოდის, სადაც ჯაგერი ვოკალის მასწავლებელს იყენებს. თუმცა კიტი ამბობს, რომ რაც წიგნში წერია, ყველაფერი სიმართლეა.
“ჩვენ უთანხმოებები გვქონდა, მაგრამ ვის არ ჰქონია? აბა, სცადეთ და 50 წლის განმავლობაში ერთად რაიმე შეინარჩუნეთ”, – ამბობს რიჩარდსი ჯაგერზე და დასძენს, რომ სულ მალე როლინგ სტოუნზი ტურნეს გამართავს.
“სავარაუდოდ ტურნე გვექნება, მე ველაპარაკე… მის უდიდებულესობას. ბრენდას”.
ბენდის უკანასკნელი ტურნე 2007 წელს შედგა და მას შემდეგ არ წყდება სპეკულაციები, რომ ეს ჯგუფის ბოლო კონცერტები იყო.

 

კომენტარები