ამნისტია დაჯარიმებულთათვის

0 კომენტარი

ალბათ ხშირად დაგინახავთ ავტობუსებში, ქაღალდის ფულით ხელში მდგარი დაბნეული ადამიანი, რომელიც ვერსად ახერხებდა ფულის დახურდავებას და გზის საფასურის გადახდას. ამას კი აუცილებლად მოჰყვებოდა ხოლმე კონტროლიორის მძიმე ნაბიჯები და... ჯარიმა. ე.წ. ყვითელ ავტობუსებში ხომ კონტროლიორები დღეში საშუალოდ 500 საჯარიმო ოქმს ადგენდნენ და უბილეთო მგზავრებს 5 ლარით აჯარიმებდნენ. 2009 წლიდან მგზავრი ბილეთს სპეციალურად დამონტაჟებულ აპარატში ხურდის ჩაყრის, ან პლასტიკური ბარათის გატარების შემდეგ იღებდა. 
2010 წლის 1 ოქტომბრიდან ბარათების დასატენი აპარატები ყველა მეტროსადგურში დაიდგა, რაც მომხმარებელს, თანხის ბარათზე ჩარიცხვას გაუმარტივებს. როგორც პარლამენტში აცხადებენ, ძველი სისტემა საკმაოდ გაუმართავი იყო და ამიტომ, 1 აგვისტომდე დაჯარიმებულ ყველა უბილეთო მგზავრზე ამნისტია გამოცხადდა. პარლამენტარ ჩიორა თაქთაქიშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან, ეს ერთგვარი ჰუმანური აქტია. თუმცა ალბათ გადაწყვეტილება ბევრი მოქალაქის გაღიზიანებას გამოიწვევს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ყვითელ ავტობუსებში ჯარიმების გაცემა 2009 წლიდან დაიწყო და ამ დროის განმავლობაში 70 ათასი ადამიანი დაჯარიმდა. უმეტესობამ, თანხა უკვე გადაიხადა.
2010 წელს მერიამ 900-მდე ავტობუსიდან 640 დატოვა. 2011 წელს კი ავტობუსების ელექტროტრანსპორტით, კერძოდ ტრამვაით, ჩანაცვლების გეგმაზე იმუშავებს. თბილისის მერის, გიგი უგულავას განცხადებით, მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ავტობუსები 29 მილიონის დიზელს მოიხმარენ. გარდა იმისა, რომ ეს ფული საქართველოდან გაედინება, გამონაბოლქვი ქალაქს მნიშვნელოვნად აბინძურებს. მერიაში აცხადებენ, რომ ტრამვაი მხოლოდ ცენტრალურ ქუჩებში იმოძრავებს. შეგახსენებთ, რომ თბილისში ელექტროტრამვაი პირველად 1904 წელს, ბელგიური კომპანიის თაოსნობით გაჩნდა. ქალაქში უკვე არსებობდა ცხენებშებმული სარკინიგზო ტრანსპორტი, ე.წ. კონკა. ტრამვაი საბოლოოდ 2006 წელს გაუქმდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბიზნესმენების გატაცებისა და ფულის გამოძალვისთვის 4 ახალგაზრდა კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები