ჩიხში

0 კომენტარი

ისევ რეზოლუციის თაობაზე
გაეროს გენერალური ასამბლეის 65-ე სესიის დაწყების წინ საქართველოს წარმომადგენლობამ უმაღლეს ფორუმს წარუდგინა რეზოლუციის პროექტი “აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო შიდა ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა მდგომარეობის შესახებ” (A/64/L.62). პროექტის სახით წარდგენილი რეზოლუცია ეყრდნობოდა გენერალური ასამბლეის 62/153 (18.12.2007), 62/249 (15.05.2008), 63/307 (09.09.2009) და 64/162 (18.12.2009) რეზოლუციებს შიდაადგილნაცვალ პირთა დაცვისა და დახმარების შესახებ; ხაზს უსვამდა 2008 წლის 15 ოქტომბერს ჟენევაში დაწყებული დისკუსიების მნიშვნელობას ადგილნაცვალ პირთა ნებაყოფლობით, უსაფრთხო, ღირსეულ, შეუფერხებელ დაბრუნებაში; ითვალისწინებდა გაეროს გენერალური მდივნის A/64/819 (17.07.2010) მოხსენებას გენერალური ასამბლეის 63/307 რეზოლუციის შესრულების თაობაზე.
ტექსტი ეხებოდა: ადგილნაცვალ პირთა (და ლტოლვილთა) დაბრუნებისა და საკუთრების უფლებას; დემოგრაფიული ვითარების იძულებითი შეცვლის დაუშვებლობას; შეუფერხებელ ჰუმანიტარულ დახმარებას; ჟენევის მოლაპარაკების ძალისხმევას მშვიდობისა და ურთიერთნდობის დასამკვიდრებლად, ადამიანთა უფლებების დასაცავად, უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად; ღირსეული დაბრუნების დროითი გრაფიკის შედგენას.
გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა 65-ე სესიის წინასწარ დღის წესრიგში პუნქტის – “სუამის სივრცეში გაჭიანურებული კონფლიქტები და მათი შედეგები საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოებისა და განვითარებისთვის” – ჩართვა და ამ თემაზე სესიის განმავლობაში გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების მოსმენა.

მსუბუქი კოლიზია
ქართულ პრესაში უკვე აღინიშნა გარკვეული წინააღმდეგობის არსებობა გაეროს გენერალური მდივნის მოხსენების (A/64/819) 33-ე მუხლსა და მიღებული რეზოლუციის (A/64/L.62) მე-6 მუხლს შორის.
გენერალური მდივანი აღნიშნავდა, რომ ვითარების სირთულისა და მხარეთა შეუთანხმებლობის (!) გამო “…ამ ეტაპზე ნაადრევი იქნებოდა ყველა ლტოლვილისა და შიდა ადგილნაცვალი პირის ნებაყოფლობითი დაბრუნების გრაფიკის შედგენა…”. გენერალური ასამბლეის რეზოლუციამ „დაბრუნების გრაფიკის შედგენის აუცილებლობა” ხაზგასმით დაადასტურა.

“სიახლე”
ქართულ საზოგადოებაში 7 სექტემბერს მიღებულმა რეზოლუციამ გასაკვირად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. საინტერესო ისაა, რომ გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მიერ წელს შეტანილი რეზოლუციის პროექტი თითქმის არაფრით განსხვავდებოდა შარშანდელი პროექტისგან. შეიცვალა (გაიზარდა) დამოწმებულ რეზოლუციათა რაოდენობა. რაც შეეხება ტექსტს, A/64/L.62 ზუსტად იმეორებდა 63/307-ს.
2009 წელს საქართველოს წარმომადგენლობის მიერ გენერალური ასამბლეისთვის წარდგენილი რეზოლუციის პროექტი ქართული ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა. წელს კი, პოლიტიკური ელიტის თითქმის ყველა წევრმა გამოთქვა საკუთარი „მაღალი აზრი” აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

Lapsus calami
გაეროს ოფიციალურ ენათა შორის ერთ-ერთი რუსულია და დოკუმენტაცია ამ ენაზეც დგება. უცნაური რამ „შეემთხვა” 2010 წლის რეზოლუციის პროექტის რუსულ ვარიანტს. მასში გაჩნდა ფრაზა – насильственно перемещенные лица (A/64/L.62), საბოლოო ინგლისურ ტექსტში (General Assembly, GA/10976) კი წინადადებამ „ჩვეული” ფორმა მიიღო – internally displaced persons – რაც ნათარგმნია, როგორც იძულებით (და არა ძალადობით) გადაადგილებული პირები. საინტერესო ისაა, რომ შარშანდელი რეზოლუციის ტექსტში, უფრო ზუსტად მის რუსულ ვარიანტში (A/63/L.79), ფრაზა ასევე ჩვეულებრივ-კონიუნქტურულად ჟღერდა – принудительно перемещенные лица.
ტექსტში მოტანილი კალმისმიერი შეცდომა არანაირი დასკვნის საშუალებას არ იძლევა. ერთი ცხადია, დროდადრო „ღრჭიალი გაუდის” ხოლმე პოლიტიკურ კონიუნქტურულობას საერთაშორისო ურთიერთობებშიც კი.

პოლიტიკურ ბლოკებში
საქართველო და რუსეთი რამდენიმე პოლიტიკურ გაერთიანებას წევრობენ: საქართველო – სუამს, რუსეთი BRIC-ს, SOC-ს, СНГ-ს, ОДКБ-ს და კიდევ რამდენიმე გაურკვეველ წარმონაქმნს. რუსეთის „დიდ პოლიტიკურ კლუბებში” თოთხმეტი წევრია და ოთხი მეთვალყურე.
სახელმწიფოთა არითმეტიკული ჯამი თვრამეტია, პოლიტიკური – ჩვიდმეტი. საქმე ისაა, რომ ინდოეთი BRIC-ის წევრია და SOC-ის მეთვალყურე.
ქართული რეზოლუციის ტექსტის მიღება-არმიღებასთან დაკავშირებულმა კენჭისყრამ „მორუსეთო” ხმები შემდეგნაირად დაალაგა: ჩვიდმეტი წევრი-სახელმწიფოდან რეზოლუციას შეეწინააღმდეგნენ სომხეთი და თავად რუსეთი; მიემხრნენ მოლდოვა და აზერბაიჯანი; გათავშეკავდნენ ბრაზილია, ბელარუსი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, მონღოლეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, უზბეკეთი; გათავარიდდნენ უკრაინა, ირანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი.
სუამმა კი უკეთესი ერთსულოვნებით დაჯაბნა „მოწინააღმდეგეები”: რეზოლუციას მიემხრნენ საქართველო, მოლდოვა, აზერბაიჯანი; გათავარიდდა უკრაინა.

მოწინააღმდეგეთა
კონტინენტური განშლა
საქართველოს მიერ შეტანილი რეზოლუციის წინააღმდეგ გამოვიდა: სამხრეთ და ცენტრალური ამერიკის სამი (კუბა, ვენესუელა, ნიკარაგუა); СНГ-ევრაზიის ორი (სომხეთი, რუსეთი), აზიის ექვსი (სირია, კომუნისტური კორეა, ლაოსი, მიანმა-ბირმა, შრი ლანკა, ვიეტნამი), აფრიკის ორი (სუდანი, ზიმბაბვე), ოკეანეთის სამი (ახალი პაპუა-გვინეა, სოლომონის კუნძულები, ნაურუ) – სახელმწიფო. ჩანს, რუსეთის ფედერაციას სომხეთის გარდა კუნძულოვან და „პოლიტიკური კანიბალიზმის” ქვეყნებზეც აქვს დიდი გავლენა.

სერბეთი მოწინააღმდეგეთა შორის
წლევანდელ კენჭისყრაში რეზოლუციის მოწინააღმდეგეებში აღმოჩნდა სერბეთი – სათვალავით მეჩვიდმეტე. მიზეზად პოლიტიკური წნეხი დასახელდა. 9 სექტემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ სერბეთის წარმომადგენლობის თხოვნით მხარი დაუჭირა რეზოლუციას A/64/L.65/ Rev.1. მან მხედველობაში მიიღო ICJ-ს სარეკომენდაციო დასკვნა კოსოვოს მხარის მიერ დამოუკიდებლობის ცალმხრივად გამოცხადების შესაბამისობის შესახებ საერთაშორისო სამართალთან; მოიწონა ევროკავშირის მცდელობა, იშუამავლოს ბელგრადსა და პრიშტინას შორის გასამართ მოლაპარაკებებში.
კულუარული ინფორმაციით, სერბეთს საქართველოს რეზოლუციის წინააღმდეგ ხმის მიცემის სანაცვლოდ რუსეთის ფედერაციამ მომავალი მხარდაჭერა აღუთქვა.

რუსული წრიალი
რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით გამართულ დებატებში რუსულმა მხარემ ასე ჩამოაყალიბა საკუთარი დამოკიდებულება (GA/10976): გენერალურმა ასამბლეამ არ გაითვალისწინა გაეროს გენერალური მდივნის მოსაზრება იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების გრაფიკის შედგენის ნაადრეობაზე; რეზოლუცია არ არის ჰუმანიტარული ხასიათისა და პოლიტიკურ მიზნებს ემსახურება; იგი ხელს შეუშლის ჟენევის მოლაპარაკებათა პროცესს.
გასაგები ენით რომ ითქვას: გენერალური ასამბლეის სამდივნოზე განხორციელებულმა რუსეთის ზეწოლამ მხოლოდ ბან კი მუნის მოხსენებაზე იქონია გავლენა; ასამბლეამ რუსული წრიალი არად ჩააგდო; რუსეთი ხელს შეუშლის იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების პროცესის დაწყებას; იგი ყოველმხრივ შეეცდება ჟენევის მოლაპარაკების ჩაშლას თუ არა, უაზროდ და უვადოდ გაჭიანურებას.
რუსული პოლიტიკური წრიალი წლიდან წლამდე გრძელდება და მომავალშიც გაგრძელდება. ჯერჯერობით მდგომარეობა ჩიხურია, თუმცა არა იმდენად საქართველოსთვის, რამდენადაც რუსეთისთვის. ამ მძიმე ვითარებიდან თავდახსნა ისევ რუსეთის ფედერაციის გამოსაძებნია, ბუნებრივია, პოლიტიკური დათმობების გზით. სხვა გამოსავალი მას არ გააჩნია.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბოკერია კახეთში მომხდარი დაპირისპირების გამო გახარიას პარლამენტში იბარებს

კომენტარები