გოგოები, ბიჭები და ძაღლი

რა ხდება, როცა ქართველების სექსუალურ ცხოვრებაზე ვფიქრობ? უტრირებულად ორი პოტენციური სექსუალური ცხოვრების მქონე განსხვავებული ჯგუფი მომდის თავში:

მაღალრეიტინგული და დაბალხარისხიანი შოუების მაყურებელი და ასეთივე ჟურნალების მკითხველი გოგონები, რომლებიც ამ ჟურნალების “ფსიქოლოგიური რჩევების” გვერდზე დაახლოებით მსგავსი შინაარსის კითხვებს აგზავნიან: “ჩემს შეყვარებულს ვეუბნები, რომ სანამ დავქორწინდებით, ქალებში იაროს. მას არ უნდა. არ მესმის, რატომ‘’, “ბიჭს პირველად ვაკოცე ტუჩებში, არ ვიცი ისევ ქალიშვილი ვარ, თუ არა”. და მეორე ჯგუფი – სილურჯეში გადასული შავი კანის ფერის მქონე, კანის კიბოს პრეტენდენტი, მოდურად ჩაცმული გოგონები, რომლებიც ამ პირველი ჯგუფის კითხვების დასკანერებულ ვარიანტებს სოციალური ქსელების ფოტოალბომებში ტვირთავენ (ე.ი. ჩუმ-ჩუმად იმ დაბალხარისხიან და მაღალრეიტინგულ ჟურნალებსაც ეცნობიან, წინწასულ ჟურნალებთან ერთად) და იცინიან. ოღონდ, სურვილის მიუხედავად, არც თვითონ აქვთ სექსი. როგორც წესი, თითო შვილი უკვე ჰყავთ ერთწლიანი ოფიციალური (ხელმოწერილ-ჯვარდაწერილი) თანაცხოვრებიდან – ხშირად მათ მიერ ცინიზმით მოხსენიებული, ფიზიკურ ღირსებებს მოკლებული, მაგრამ მათ ლოკალურ წრეში კარგად ცნობილი გვარ-სახელიანი ქმრისგან. მას მერე კიდევ სექსი, პრაქტიკულად, არ ჰქონიათ.

და სად არიან ამ დროს ბიჭები? ბიჭები ამ მეორე ჯგუფის გოგონებს ეხვევიან ირგვლივ ახალი პრიალა ჟურნალების პრეზენტაციებზე, ახალი მაღაზიების გახსნებზე, ბათუმის თეთრ სანაპირო კაფეებში, შარდენის შემოგარენ ტერიტორიებზე და ყველა ერთად მხიარულობს, იცინის. ერთი შეხედვით, ყველაფერი სექსუალურად გამოიყურება, მაგრამ ეს ბიჭები გეები არიან. და მათაც არანაკლები დეფიციტი აქვთ სექსის.

საბოლოოდ ერთი წრე იკვრება. ამასთან დაკავშირებით ჩემი ძველი ჩანაწერი ვიპოვე, მგონი, ამ წლის თებერვალში გაკეთებული, როცა გავიგე, რომ მისტერ მსოფლიოს კონკურსისთვის მისტერ საქართველო ტარდებოდა. მართალია, სამწუხაროდ, წარმოდგენა არა მაქვს, როგორ წარიმართა მოვლენები, მაგრამ გეტყვით, რაც წინასწარ მეწერა: მისტერ საქართველოზე გაიმარჯვებს პირწავარდნილი გეი და დაპატიჟებენ მერე რომელიმე გასართობ შოუში (პირველი ჯგუფის გოგონები რომ უყურებენ) და კითხვების უმეტესობა მომართული იქნება იმაზე, რომ “ახლა შენ ძალიან პოპულარული ბიჭი გახდი. ბევრი რამ შეიცვლებოდა შენს ცხოვრებაში და ბევრი თაყვანისმცემელიც გამოგიჩნდებოდა. როგორ რეაგირებ გოგონების ყურადღებაზე? ქუჩაში თუ გცნობენ და რას გეუბნებიან? ყოფილა შემთხვევა, რომ გოგონას გაუჩერებიხარ ქუჩაში?” ბიჭი რაღაცას ბუნდოვნად და მორიდებით უპასუხებს გაფართოებული და ოდნავ კმაყოფილი თვალებით. “...მაგრამ გვითხარი, ზუკა, შენ თუ გყავს გულის სწორი? არსებობს ის ბედნიერი მანდილოსანი, რომელსაც შენი გული ეკუთვნის?” “ზუკა” კი შანსს იყენებს, რომ ოჯახის და მეგობრების თვალში თავისი მაჩო-მისწრაფებები განამტკიცოს...

მერე “ზუკა” ვინმე გოგოს უყვარდება და იქმნება ისევ სექსუალური გაუგებრობა და არა-სექსი... ქართული ტელეჟურნალისტიკის ნაკლოვანებებზე წერა შორს წაგვიყვანდა, თუმცა სექსუალური განათლების აუცილებლობა ერთი პატარა შეკითხვით მშვენივრად ილუსტრირდება, რომელიც ჩემმა საკუთარმა მეგობარმა დამისვა – რომ დავორსულდე, აუცილებელია ორგაზმი განვიცადო?

მაგრამ გულს ნუ გაიტეხთ. ოჰაიოს შტატის ქალაქ ცინცინატიში ძალიან კონსერვატული საზოგადოება ყოფილა. ყოველთვიურ ჟურნალს უშვებენ – ცინცინატი ჰქვია. ჰოდა, ერთ-ერთი ნომერი სექსს მიუძღვნეს. ჟურნალს თავისი ფსიქოლოგი ჰყავდა, რომელიც მკითხველების პრობლემებით სავსე წერილებს რჩევების სახით პასუხობდა. ერთხელაც, შობის წინა დღეებში, ერთ ქალს წერილი გაუგზავნია – მე და ჩემი ქმარი წვეულებაზე ვიყავით წასულები და ბავშვები ჩემს ძმისშვილ ბიჭს დავუტოვეთო. რომ დავბრუნდით, ყველაფერი რიგზე დაგვხვდა, ბავშვებს ტკბილად ეძინათ, მაგრამ საძინებელ ოთახში რომ ავედით, დავინახეთ, რომ ჩემს ძმისშვილს ძაღლთან სექსი ჰქონდაო. ამ ქალბატონს ფსიქოლოგთან ერთადერთი კითხვა ჰქონდა: “როგორ ფიქრობთ, ძაღლი ვეტერინართან უნდა წავიყვანოთ?”   

კომენტარები