კოშმარების ფილოსოფია

ბრიტანული კომპანიის Imitating The Dod მიერ წარმოდგენილი დადგმა “სასტუმრო მათუსალა” თბილისის თეატრალური ფესტივალის პროგრამაში ყველაზე დამაინტრიგებელი და უჩვეულო იყო. აბა, სხვაგან სად ნახავდით სპექტაკლს, რომელსაც მსახიობები კონვერტის მსგავს ყუთში თამაშობენ. კონსტრუქცია ფართო ეკრანის ილუზიას ქმნიდა, ხოლო ყუთის სიღრმეში კინოპროექცია მიდიოდა, რომელსაც მსახიობები სცენაზე იმეორებდნენ.
ჰარი იაფფასიანი სასტუმროს პორტიეა. მან არ იცის ვინ არის, საიდან მოვიდა, რას აკეთებს სასტუმროში. სტუმრები ფრაგმენტულად უყვებიან ისტორიებს... ჰარის, თითქოს ეცნობა ისტორიები, მაგრამ დარწმუნებული არ არის, მართლა მისი წარსულის სურათებია თუ... უცნაური სასტუმროა. აქ ყველაფერი ყოველდღე მეორდება: სატელეფონო ზარი, რომელსაც ჰარი ბოლო წამს უსწრებს, მაგრამ ხაზის მეორე ბოლოდან არავინ პასუხობს; იდუმალი ქალი, მუდამ №14 ოთახში რომ ბინავდება და ჰარის ლოგინში ეპატიჟება; სასტუმროს ძველი ბინადარი მამაკაცი, რომელიც პორტიეს რიტორიკული კითხვებით უშლის ნერვებს და ქალის გვამი დერეფანში, ერთ ხელში პისტოლეტით, მეორეში – საოჯახო ფოტოთი. სურათზე ბედნიერი ოჯახია გამოსახული – ჰარი, მეუღლესთან და შვილთან ერთად.
“სასტუმრო მათუსალა” თანამედროვე ჰორორია სიკვდილსა და სიცოცხლეზე, სექსსა და პასუხისმგებლობაზე. მოკლედ იმაზე, რაც სპექტაკლის რეჟისორ ენდრიუ ქუიქისთვის ოჯახის შექმნას და ბავშვების ყოლას მოჰყვება.

ე.ქ. ჰორორი საუკეთესო საშუალებაა, საკუთარ ბუნებაში იმოგზაურო. ყველაზე ფრთხილი მზერა საზოგადოების ბნელ ტრადიციებში. გავიხსენოთ ფილმები ზომბებზე, რომლებმაც ყველაზე ნათლად აჩვენეს საზოგადოების ბნელი მხარეები, თითქმის დოკუმენტური სურათი გვაჩვენეს...

ენდრიუ არ ეთანხმება გავრცელებულ მოსაზრებას, რომ ჰორორი მხოლოდ საპოპკორნე ჟანრია, რომელიც ერთხელ შეიძლება ნახო დროის გასაყვანად.

ე.ქ. დევიდ ლინჩი! ჩემი აზრით, გენიოსი მოქმედ რეჟისორებს შორის. დიახ, ის ჰორორს აკეთებს, მაგრამ მისი ყველა ნამუშევარი მაღალინტელექტუალური, ანალიტიკური ქვეტექსტებით დატვირთული შედევრია. იგივე ეხება ლიტერატურულ ქვეჟანრებს. სამეცნიერო ფანტასტიკამ დიდი როლი ითამაშა ეგრეთ წოდებული “ბურჟუაზიული საზოგადოების” განვითარებაში, რომელიც დღეს უსაფუძვლოდ აკრიტიკებს მისსავე შემქმნელს. არამეინსტრიმულ ხელოვნებას არ აინტერესებს ბურჟუების აზრი და აგრძელებს მათი ცხოვრების მანკიერი მხარეების კრიტიკას.

როგორც თავად ამბობს, თბილისში აუცილებლად დაბრუნდება. თუმცა ამის მიზეზი ანშლაგით ჩატარებული სამი საღამო არ არის. ქალაქმა ის მაყურებლის პარადოქსული სიჭრელით მიიზიდა.

ე.ქ. ინგლისში ჩვენს ექსპერიმენტებს საკუთარი მაყურებელი ჰყავს, ძირითადად ახალგაზრდები, მათ აინტერესებთ მულტიმედიური ხელოვნება. თბილისში ჩვენ გაცილებით აკადემიურ გარემოში მოვხვდით. სახელმწიფო თეატრის სცენა (მარჯანიშვილის თეატრი იგულისხმება) უკვე გამოწვევა იყო. ვფიქრობ, მაყურებელი კმაყოფილი დარჩა და მათ მიიღეს ჩვენი ექსპერიმენტი.

ენდრიუ პრაქტიკულ სამუშაოსთან ერთად პედაგოგიურ მუშაობასაც ეწევა. ვორკშოპები, რომელსაც კოლეგებთან ერთად ატარებს, ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

ე.ქ. ახალგაზრდობას აინტერესებს ტექნოლოგიები. ისინი ცდილობენ, თანამედროვე ტექნოლოგიები გამოიყენონ სხვადასხვა ჟანრის დასაკავშირებლად. ეს საინტერესოა, ბევრად საინტერესო, ვიდრე კლასიკური თეატრი.

თეატრი ხვალ...

ე.ქ. მულტიმედიური იქნება. სცენოგრაფიულ ექსპერიმენტებში აქტიურად ვიყენებთ ციფრულ ტექნიკას, ციფრული ტექნიკა კი იაფი და ფუნქციურია. კინოს ცქერა განსხვავდება ცოცხალი წარმოდგენის ყურებისგან, სხვადასხვა ემოციებია. თანამედროვე თეატრი შეეცდება აუდიტორიას სინემატოგრაფიული და სცენოგრაფიული ექსპერიმენტები ერთდროულად შესთავაზოს, რაც სრულიად ახალი შეგრძნებაა.
თანამედროვე თეატრი არასდროს იქნება სწორხაზოვანი. იცი, სწორხაზოვანი ისტორიები მოსაწყენია. მათ უკვე ამოწურეს საკუთარი რესურსი. არასწორხაზოვანი სიუჟეტი, აუდიო, ვიდეომასალა, სამგანზომილებიანი პროექციები, რომელიც ორგანულად შეერწყმება კლასიკური თეატრის ტრადიციებს. ეს არის თეატრის ხვალინდელი დღე.

და ინსპირაცია?

ე.ქ. ინსპირაცია შიგნიდან მოდის. ნებისმიერი დღე შეიძლება ინსპირაციის წყარო გახდეს. ამჟამად შთაგონებას ჩემი პატარა შვილისგან ვიღებ. მისი დაბადების შემდეგ თავიდან დავფიქრდი უკვდავებაზე, სექსუალურ აქტზე, როგორც პასუხისმგებლობაზე. იცი, შვილის “გაკეთება” დიდი ტვირთია. შვილი უკვდავს გხდის, მაგრამ უამრავ პასუხისმგებლობას გაკისრებს.

კომენტარები