რეცეპტი

სამეფო კრევეტი შამფურზე ტარხუნისა და ტყემლის საწებელში

ახალი ქართული სამზარეულო — წინანდლის რეცეპტებიდან

2 ოქტომბერს წინანდალში გამართულ ტაბულას პრეზენტაციაზე წარმოვადგინეთ ახალი ქართული სამზარეულოს მენიუ, რომელიც სპეციალურად ამ დღისთვის შედგა ე.წ. წინანდლის რეცეპტებით: ლოქო კოწახურის სოუსში, გებჟალიას ბურთულები, კალმახის სუში ვაზის ფოთოლში. ინტერესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, მაგიდებთან რიგები იდგა, მცირე ულუფები უმალვე ქრებოდა. ბევრმა სტუმარმა მხოლოდ ერთი-ორი კერძის დაგემოვნება მოასწრო. უფრო დიდი აღმოჩნდა მითქმა-მოთქმით გამოწვეული ინტერესი. აქედან გამომდინარე, დღევანდელ და მომდევნო ნომრებში ახალი ქართული სამზარეულოს წინანდლის რეცეპტებს შემოგთავაზებთ.

4 ულუფის მასალა: 16 ცალი სამეფო კრევეტი 300 გრ. მწვანე 
ტყემლის საწებელი 20-25 წვეთი მწვანე 
ტობასკოს სოუსი 2 კონა ტარხუნა 1 ლიმონის წვენი 100 გრ. ზეითუნის ზეთი მარილი, ფერადი 
წიწაკა გემოვნებით ჯამში 30 ლარი

მომზადების წესი:
გაყინული კრევეტი გაალღვეთ ცივ წყალში, გაასუფთავეთ*, გარეცხეთ და მოათავსეთ თუშფალანგში, რომ ზედმეტი წყალი გაიწუროს.
ტაფაზე დაასხით ზეითუნის ზეთი, ისე, რომ ტაფის ზედაპირი თხლად დაიფაროს და გააცხელეთ. კრევეტები შეწვით 2-3 წუთის განმავლობაში, ან სანამ ფერს არ შეიცვლის და გავარდისფერდება. ზედმეტად შემწვარი კრევეტი სინაზეს კარგავს.
ამასობაში დააბლენდერეთ მწვანე ტყემლის საწებელი, დაუმატეთ ტარხუნა, ნახევარი ლიმონის წვენი და ტობასკოს სოუსი. გამზადებული სოუსი ჩაასხით არყის ჭიქებში, ნახევრამდე.
შემწვარი კრევეტი ააგეთ ბამბუკის ჩხირებზე, ისევე როგორც შამფურზე და ჩააწყვეთ ტყემლიან არყის ჭიქებში. გაფორმება შეგიძლიათ დაასრულოთ ნახევარმთვარის ფორმის ლიმონის ნაჭრებითა და ტარხუნის ფოთლებით.
მარილი და ფერადი პილპილი მოაყარეთ გემოვნებით.

* კრევეტს ზურგის სიგრძეზე უკეთდება არაღრმა ჭრილი, რის შედეგადაც ხდება კრევეტის სწორი ნაწლავის მოცილება.

მასალა შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში: პოპული
(ვეკუას ქ. 3, ტელ. 24 46 35), ჯორჯიტა (წერეთლის ქ. 116, ტელ. 35 71 73) , გუდვილი (ჭავჭავაძის გამზირი 34, ტელ. 24 33 02 / 03 ).

კომენტარები