ლულას შემდეგ

0 კომენტარი
ფოტო: დილმა რუსეფი

ერთი შეხედვით ადვილად მოსაგები არჩევნები მოულოდნელად ნამდვილ დოღად გადაიქცა. ბრაზილიამ 3 ოქტომბერს პოპულარული პრეზიდენტის ლუის ინასიუ ლულა და სილვას შემცვლელი ვერ შეარჩია. 31 ოქტომბერს ბრაზილიელებს კიდევ ერთხელ მოუწევთ ხმის მიცემა. არადა, წინასაარჩევნო მარათონის უპირობო ლიდერი მმართველი პარტიის კანდიდატი და თვით ლულას შერჩეული დილმა რუსეფი გახლდათ. იგი თავის მთავარ ოპონენტს – ჟოზე სერას – 25 ქულითაც უსწრებდა. თუმცა, არჩევნების პირველ ტურში რუსეფმა ვერ დააგროვა ხმათა 47%-ზე მეტი, ბარიერი კი 50%-იანი იყო. გამარჯვების შემთხვევაში ის ბრაზილიის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნებოდა. დღეს, რუსეფსა და სერას რეიტინგებს შორის სხვაობა მხოლოდ 5-6%-ია, რაც გამოკითხვის ცდომილების ზღვარს ოდნავ აღემატება.
მთავარი კონკურენტების ბედი არჩევნების პირველ ტურში მესამე ადგილზე გასული კანდიდატის, მწვანეთა პარტიის ლიდერის – მარინა სილვას, ამომრჩეველზეა დამოკიდებული. პირველ ტურში მან 19% მიიღო. რუსეფი უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში ოპონენტების ბრალდებების მოგერიებით იყო დაკავებული. დილმა სკანდალში გაეხვა: მისი ყოფილი თანაშემწე კორუფციულ გარიგებაში დაადანაშაულეს; თავად კი აბორტის მარეგულირებელი კანონმდებლობის ლიბერალიზაციის სასარგებლოდ გაკეთებული ძველი განცხადებები გაუხსენეს. ამ მიზეზების გამო მისი გარდაუვალი გამარჯვების მითი შეირყა, რითაც არჩევნები მეტად კონკურენტული გახდა.
დილმა რუსეფი, ყოფილი მარქსისტი აქტივისტი, მონაწილეობას იღებდა 1964 წლის სამხედრო დიქტატურის დამხობის მცდელობაში. 70-იან წლებში იგი ბრაზილიის სამხედრო რეჟიმმა სამი წლით ციხეში გამოამწყვდია. მოგვიანებით დილმამ მეამბოხის წარსული უკან მოიტოვა და პრაგმატული ბიუროკრატის კარიერა გაიკეთა. იგი დემოკრატიული ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი თანადამაარსებელი გახდა, 2000 წელს კი მშრომელთა პარტიაში გადავიდა. ბოლო ხანებში მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა ეკავა.
სულ რამდენიმე თვის წინ ბრაზილიის ელექტორატს წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, თუ ვინ იყო რუსეფი. მისი პოპულარობა ივნისის შემდეგ გაიზარდა, როდესაც პრეზიდენტმა სილვამ იგი მმართველი პარტიის კანდიდატად დაასახელა. ლულა, რომელიც მალე დაასრულებს ქვეყნის მეორე საპრეზიდენტო ვადით მართვას, მოსახლეობის დიდი მხარდაჭერით სარგებლობს (უკანასკნელი გამოკითხვით – 80%). მისი მმართველობის პერიოდში 20 მილიონი ბრაზილიელი შეუერთდა საბაზრო ეკონომიკას და სიღარიბე დაძლია. სახელფასო მინიმუმმა, ისევე როგორც დასაქმებულთა რაოდენობამ, 1979 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელს მიაღწია. ახალგაჩენილი მომხმარებლების არმია მზადაა შეიძინოს ყველაფერი – მსუბუქი ავტომანქანიდან დაწყებული, გაზქურით და მაცივრით დასრულებული. ამგვარ ტურბულენტურ შიდა ბაზარს, ემატება ჩინეთის მადა ბრაზილიურ რკინაზე, ხორცზე, სოიოსა და სხვა პროდუქციაზე. ეკონომიკური თვალსაზრისით ეს ალბათ “საუკეთესო მომენტია ბრაზილიის ისტორიაში”, – წერს ჟურნალი Economist-ი. მართლაც, გლობალურმა ეკონომიკურმა კრიზისმა ამ ქვეყნამდე ყველაზე გვიან მიაღწია და თავიც ერთ-ერთმა პირველმა დააღწია.
ლულას მიღწევებზე აპელირებას ცდილობდა მის მიერვე შერჩეული კანდიდატი – დილმა რუსეფი მთელი წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. თუმცა ლულასგან განსხვავებით ქალბატონ რუსეფს სურს, სახელმწიფომ უფრო დიდი როლი ითამაშოს ქვეყნის ეკონომიკაში. განსაკუთრებით ეს ნავთობის მრეწველობას ეხება. იგი ემხრობა საჯარო სახსრებით მსხვილი ბიზნესის სუბსიდირებას, მისგან სანაცვლოდ კი გადაწყვეტილების მიღების პროცესში სახელმწიფოს ჩართვას მოითხოვს.
მოქმედი პრეზიდენტის კურსიდან გადახვევას არც დილმას მთავარი ოპონენტი – ბრაზილიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი და სან პაულოს ყოფილი მერი და გუბერნატორი, ჟოზე სერა აპირებს. სერამ 3 ოქტომბრის არჩევნებში ხმათა 33% მიიღო. იგი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც 90-იან წლებში ფერნანდო ენრიკე კარდოსოს მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. სერაც სამხედრო დიქტატურის ოპოზიციაში იყო და რამდენიმე წელი ქვეყნის გარეთ ცხოვრობდა. მისი საარჩევნო ლოზუნგი იყო – “ბრაზილიას უკეთესის გაკეთებაც შეუძლია”. იგი გადასახადების დაწევასა და მეტი ინვესტიციების მოზიდვას ჰპირდება ამომრჩეველს და ძირითადად აქცენტს ინფრასტრუქტურის გამართვაზე აკეთებს. ბრაზილიის ინფრასტრუქტურას ნამდვილად აქვს პრობლემები – გადატვირთული აეროპორტები და ცუდი გზები. სერას აზრით, ბრაზილიის ეკონომიკა თითქმის 50%-ით გაიზრდებოდა, მას რომ უკეთესი ინფრასტრუქტურა ჰქონდეს. თუმცა ერთი რამ ცხადია – ჟოზე სერა ეთანხმება ლულას მიღწეულ წარმატების გზას და მისი კურსის მეტ-ნაკლებად შენარჩუნებას აპირებს.
საზოგადოებრივი აზრის კვლევები ადასტურებენ, რომ ბრაზილიელი ამომრჩეველი არჩევნების შედეგად მკვეთრ ცვლილებებს ნაკლებად ელის. თუმცა, მათ სურთ, მომავალმა პრეზიდენტმა სტრუქტურულ რეფორმებს, განსაკუთრებით კი საგადასახადო სფეროში, გაცილებით დიდი ყურადღება დაუთმოს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები