ფრანკოფონური ტრიბუნა

საქართველოს პრეზიდენტი შვეიცარიის ქალაქ მონტრეში ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის სამიტს დაესწრო. მიხეილ სააკაშვილმა სამიტში მონაწილეობა (70 ქვეყნის წარმომადგენელთან ერთად) დამკვირვებლის სტატუსით მიიღო. მისი სიტყვით გამოსვლა არ იგეგმებოდა. მოგვიანებით დღის წესრიგში ცვლილებები შევიდა და საქართველოს პრეზიდენტი ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ მოხსენებით წარდგა.
მონტრეს სამიტზე, სხვა დოკუმენტებთან ერთად, კრიზისული სიტუაციების შესახებ რეზოლუცია მიიღეს. დოკუმენტის ერთ-ერთ მუხლში სამიტის მონაწილეებმა დაადასტურეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში. “ჟენევის მოლაპარაკებების მონაწილეებს მოვუწოდებთ მიიღონ ყველა ზომა 2008 წელს ხელმოწერილი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების სრულად შესრულებისათვის” – ნათქვამია რეზოლუციაში. სამიტის მონაწილეებმა მხარი დაუჭირეს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიღებულ რეზოლუციას იძულებით გადაადგილებულ პირებთან დაკავშირებით. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს დევნილთა უფლებების დასაცავად და საკუთარ სახლებში ღირსეულად დასაბრუნებლად.
საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ფრანგულენოვანი სახელმწიფოებისადმი კეთილგანწყობა გამოხატა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ფრანგული ენის შესწავლის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრა. სამიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი კამერუნისა და დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტებს, ასევე შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
როგორც საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი მინაშვილმა განაცხადა, ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. მასში აფრიკის მრავალი ქვეყანა შედის, რომლებზეც გავლენის მოხდენას რუსეთი ცდილობს, რათა მათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა ცნონ.
ვიზიტის მიზნებზე მიხეილ სააკაშვილმა ფრანგულ ტელეარხ TV-5-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, “ეს მართლაც ძალიან საინტერესო მოვლენაა, როდესაც საშუალება გაქვს შეხვდე აფრიკის. აზიისა და სხვა რეგიონების გავლენიან ლიდერებს”. მისი თქმით, ისტორიული ტრადიციის თვალსაზრისით, საქართველო თავს დიდი ფრანგული კულტურის სამყაროს ნაწილად მიიჩნევს. საქართველოს პრეზიდენტმა ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობებზეც ისაუბრა – “იმის მიუხედავად, რომ რუსეთი ოკუპანტი და დამპყრობელია და საკუთარი სახლებიდან უამრავი ადამიანი გამოყარა”, მასთან საუბარი აუცილებელია. სააკაშვილის განცხადებით, საქართველო მზადაა მოსკოვთან მოლაპარაკებებისთვის წინაპირობების გარეშე.
ფრანკოფონიის საერთაშორისო ორგანიზაციის შემადგენლობაში 56 ქვეყანა შედის. მათ შორის საფრანგეთი, შვეიცარია, ბელგია, ლუქსემბურგი, კანადა, რუმინეთი, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიისა და აფრიკის მრავალი სახელმწიფო. 2007 წლის მონაცემებით, მსოფლიოში ფრანგულად მოლაპარაკეთა რიცხოვნობამ 200 მილიონს მიაღწია. ორგანიზაციის 32 წევრ ქვეყანაში ფრანგულ ენას ოფიციალური სტატუსი აქვს. დამკვირვებლის სტატუსით ორგანიზაციაში, საქართველოს ჩათვლით, 19 ქვეყანა სარგებლობს. მათ შორისაა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმრავლესობა. ორგანიზაციაში გაწევრიანებისას უპირატესობა არა იმდენად მოსახლეობის მიერ ფრანგული ენის ცოდნას, არამედ საფრანგეთთან კულტურულ კავშირებს ენიჭება.
ფრანკოფონიის პირველი სამიტი 1986 წელს პარიზში, 41 ქვეყნის მონაწილეობით გაიმართა. ფრანკოფონების შეკრების მთავარი მიზანი კულტურული კავშირების შენარჩუნება და გამყარება იყო. ორგანიზაციის წევრებმა საერთაშორისო ასპარეზზე მოქმედების კოორდინაციის საკითხებიც განიხილეს. საფრანგეთისთვის კი ფრანკოფონების გაერთიანება, წმინდა კულტურულზე უფრო მეტად, საკუთარი პოლიტიკური გავლენის განმტკიცების საშუალება გახდა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ვიეტნამის დედაქალაქ ჰანოიში 1997 წელს გამართული სამიტია, როდესაც მის გენერალურ მდივნად გაეროს ყოფილი გენერალური მდივანი ბუტროს ბუტროს გალი აირჩიეს. ორგანიზაციამ „სრულფასოვან პოლიტიკურ განზომილებაზე” და საერთაშოროსო ურთიერთობებში სერიოზული როლის შესრულებაზე გააკეთა განაცხადი. ფრანკოფონიის ორგანიზაციის პრიორიტეტებად უსაფრთხოება, კონფლიქტების მოგვარება და ადამიანის უფლებების დაცვა გამოცხადდა.

კომენტარები