ყველაზე საფეხბურთო თვე

ამ ბოლო დროს ხშირად მახსენდება 70-80 წწ. მიჯნა – ჩემი სტუდენტობის წლები, როდესაც ქვეყანა ბნელი იყო, უცხოელებთან ნებისმიერი სახის კონტაქტი კი სუკ-ში დაბარებით მთავრდებოდა...

იმხანად, მხოლოდ სოციალისტური პრესის გამოწერა შეიძლებოდა, ისიც სპეციალურად დაშვებული ლიმიტით. ყოველ ზაფხულს, გაზეთების გამოწერის პერიოდში, იწყებოდა დიდი ჩალიჩი, მშობლების ნაცნობ-მეგობართა შეწუხება და მომდევნო იანვრიდან ჩვენი ფოსტის ყუთები კვლავ ივსებოდა ჩეხურ-სლოვაკური, პოლონური, უნგრული, ბულგარული და გერმანული ჟურნალ-გაზეთებით...

რადგანაც იმ ეპოქაში ქართველები ჯერ კიდევ ძალიან კარგად თამაშობდნენ ფეხბურთს, ჩვენი ინტერესის ძირითადი სფეროც სპორტის N1 სახეობა გახლდათ. ჯერ დინამოს თამაშზე წავიდოდით ხოლმე, გამარჯვების ეიფორიას კი “ტაბლიჩკებთან” – ასე ვეძახდით სტადიონის ეზოში დადგმულ ლოგოებიან ფირნიშს – უცხოურ ფეხბურთზე დავაში ვიკლავდით. სწორედ მაშინ, პოლონურ “პილკა ნოჟნაში” დაბეჭდილი კალენდრიდან შემექმნა მყარი აზრი, რომ ოქტომბერი ყველაზე საფეხბურთო თვეა!

ამდენი პირველხარისხოვანი ვარსკვლავი, თურმე, არც ერთ სხვა თვეში არ დაბადებულა! ყველას აქ ვერ ჩამოვთვლით. სამაგალითოდ, პელესა და მარადონას დასახელებაც კმარა...

დღეს არ ვაპირებ იმაზე დავას, რომელი მათგანია ისტორიაში საუკეთესო. ეს საკითხი ალბათ სამუდამოდ ღიად დარჩება. აგერ, მილენიუმის აღნიშვნის დროსაც გაიყო აზრი – ოფიციოზმა ბრაზილიელი აღიარა გასული საუკუნის ტრიუმფატორად, გულშემატკივარმა – არგენტინელი...

ფაქტი ისაა, რომ ეს ორი უდავოდ აღემატებოდა ყველა სხვას. ამიტომაც რჩებიან დღემდე ტალანტის საზომად და ალბათ ამიტომაც სძულთ ასე ერთმანეთი... პელე შანსს არ უშვებს, რომ მარადონას თავისი ათასი გოლი არ გაახსენოს, ნარკომანობის პერიოდზე არ ჩამოუგდოს სიტყვა ან მორიგი ექსტრავაგანტული საქციელი არ გაუკრიტიკოს. არც დიეგო რჩება ვალში – ხან პირველ ჰომოსექსუალურ გამოცდილებაზე აქილიკებს, ხან უზუსტო პროგნოზებსა და ფეხშიშველი ინდიელების კარში მეფის მიერ გატანილ 15 გოლს გადაწვდება, ხანაც (როგორც საავტორო ტელეშოუში) ბრაზილიელის ვაჟის, ექსმეკარე ედინიოს ნარკობარიგობის გამო ღვრის ნიანგის ცრემლებს...

არადა, ამათზე უკეთ ვერავინ შეაფასებს მეტოქის გენიალობას. საქმეც სწორედ ისაა, რომ შინაგანად ორივენი ეჭვობენ ან იქნებ დარწმუნებულნიც კი არიან კონკურენტის უპირატესობაში. ამიტომაც ცდილობენ ერთმანეთის მიღწევების დაკნინებას. პელე ხშირად ამბობს, რომ საუკეთესო არგენტინელი დიეგო კი არა, ალფრედო დი სტეფანოა. მარადონა კი მეზობლებში გარინჩას და რიველინოს გამოარჩევს. და საერთოდ, ბოლო დროს პელეს მუზეუმში ჩაბარების იდეითაა შეპყრობილი...

ოქტომბერში საფეხბურთო მსოფლიო ორივეს იუბილეს ულოცავდა. პელე 70 წლის გახდა, მარადონა – 50 წლის. მთლად წარმატებული არც ერთი ზეიმი არ გამოდგა. პელეს მშობლიურმა სანტოსმა სიურპრიზი მოუმზადა და მის მორიგ მემკვიდრედ მიჩნეული ტალანტი ნეიმარი 70-ნომრიანი მაისურით ათამაშა, ამან კი პენალტი გამაზა! კიდევ უფრო ცუდ ხასიათზე დააყენეს იტალიაში მარადონა, რომელმაც ძველი ნაპოლის შეკრება დაგეგმა, პასუხად კი აპენინელი სამართალდამცავების შეხსენება მიიღო – ადრე დამალული გადასახადები მოიტანე, თორემ ამჯერად მაჯის საათის ჩამორთმევას არ გაკმარებთო!

ამასობაში, მინდორზე დღეს სულ სხვა ხალხი დომინირებს. იმ თაობისთვის, ვისაც არც პელე უნახავს და არც დიეგო, კერპებად ლიონელ მესი და კრიშტიანუ რონალდუ იქცნენ. პირველმა თვის მიწურულს 2 დუბლით მოაგებინა ბარსას ესპანეთის პირველობასა და ჩემპიონთა ლიგაში, მეორემ ეს ნორმა ლა ლიგას კენტ თამაშში შეასრულა და პარალელურად მილანის რბევაშიც დაიდო ლომის წილი. ამათგან არც ერთი არაა დაბადებით ოქტომბრელი, ფორმის პიკზე კი მაინც ამ თვეში გავიდნენ.

რაც გინდათ ის თქვით, მაგრამ არის მაინც რაღაც საფეხბურთო ხიბლი გვიან შემოდგომაში!

P.S. ამდენი ხანია საუკეთესოებზე ვსაუბრობ და წერილს ისე ვერ დავასრულებ, რომ ჟოზე მოურინიოს საჯაროდ არ მოვუხადო ბოდიში. სეზონის პირველი მატჩების შემდეგ, ტაბულაში გამოქვეყნებულ წერილში ვამტკიცებდი, პორტუგალიელი გამარჯვებებს კი მოიპოვებს, მაგრამ რეალს თამაშის ჩვეულ სტილს ვერ დაუბრუნებს-მეთქი. ჰოდა, მწარედ შევცდი! ის, რასაც ოქტომბერში მადრიდული გრანდი აჩვენებდა, პირადად ჩემთვის, ფეხბურთის მწვერვალია! ისეთივე, როგორიც გვარდიოლას ბარსას მიერ დადგმული სპექტაკლები...

კომენტარები