ყველაფერი ტრანსპლანტაციის შესახებ

“ეს ის შემთხვევაა, როდესაც ცხოვრება მეორედ დაბადების შანსს გაძლევს. თუ ბედი გაგიღიმებს, სიცოცხლეს დონორი გჩუქნის”, – ეს სიტყვები ნათია ტყაბლაძემ ორგანოთა დონაციის მე-12 ევროპული დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოთქვა. მეორე სიცოცხლე ნათიას კვლავ დედამ აჩუქა, როდესაც 7 წლის წინ შვილს ცალი თირკმელი გადაუნერგა.

საქართველომ წელს პირველად უმასპინძლა ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით გამართულ მე-12 ფორუმს, რომელიც ევროსაბჭოს, ევროკავშირის, საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტროსა და თბილისის მერიის პატრონაჟით ჩატარდა. ევროსაბჭოს ქვეყნებიდან 40 ექიმი ტრანსპლანტოლოგი ჩამოვიდა, რომელთაც სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში ტრანსპლანტაციის მიღწევებზე და ოპერაციების უსაფრთხოდ ჩატარებასთან დაკავშირებით, კონფერენციაზე ისაუბრეს. მოგვიანებით, დონორთა მოსაზიდად, კონფერენციის მონაწილეებმა ქუჩაში აქცია გამართეს. მეიდანზე განთავსებულ სტენდზე, მსურველებს დონორობაზე თანხმობის ან უარის თაობაზე განცხადების შევსება შეეძლოთ. თუმცა, დონაციის მე-12 ევროპულ დღეს საქართველოში დონორთა რიცხვს არავინ შემატებია. 

 ტრანსპლანტაციის მიზანი ავადმყოფი ორგანოს ჯანმრთელით ჩანაცვლებაა. საქართველოში, გადანერგილი ორგანოებით, სიცოცხლეს 100-ზე მეტი ადამიანი ინარჩუნებს. თუმცა ორგანოს ტრანსპლანტაცია კიდევ უფრო ბევრს სჭირდება. მსოფლიოში თირკმლის, ღვიძლის, გულისა და პანკრეასის გადანერგვის მრავალწლიანი პრაქტიკა არსებობს. ჩვენთან პარენქიმული ორგანოებიდან (გული, ღვიძლი, თირკმელი, პანკრეასი) მხოლოდ თირკმელს ნერგავენ.

  პირველად ადამიანის ორგანო ბოსტონში 1950-იანი წლების დასაწყისში გადაინერგა, როდესაც ქირურგმა მურეიმ და მისმა კოლეგებმა თირკმლის ტრანსპლანტაცია წარმატებით ჩაატარეს. 1977 წელს კი ქართველმა ექიმებმა, მოსკოველ ქირურგებთან ერთად, ქირურგიული ინსტიტუტის ბაზაზე გვამური თირკმელი გადანერგეს. მას შემდეგ საქართველოში გადასანერგად გარდაცვლილი დონორის ორგანო არ გამოუყენებიათ, ამის მიზეზი გვამური დონაციის არარსებობაა. 

 თირკმლის ტრანსპლანტაცია დიალიზით მკურნალობის ალტერნატიული საშუალებაა. ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი გია თომაძე ამბობს, რომ მკურნალობის ეს მეთოდი, გარდა იმისა, რომ დიალიზზე გაცილებით იაფია, პაციენტის ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. გადანერგილი თირკმელი 20-30 წელი მუშაობს და ფუნქციის დაკარგვის შემთხვევაში, მისი განმეორებითი ტრანსპლანტაციაა შესაძლებელი. 
 

იმისთვის, რომ თირკმელი გადაინერგოს, აუცილებელია დონორისა და რეციპიენტის (ადამიანი, რომელსაც ორგანოს უნერგავენ) იმუნოლოგიური შეთავსება. თავსებადობის ძირითადი პარამეტრებია – სისხლის ჯგუფის თანხვედრა, ლეიკოციტური ანტიგენებისა და ე.წ. ჯვარედინი რეაქციის მიხედვით.  
 მაგრამ თავსებადობის მიუხედავად, ცოცხალი დონორი ყველა ადამიანი ვერ იქნება. მოქმედი კანონმდებლობით, რეციპიენტს მხოლოდ გენეტიკური ნათესავის, მეუღლის ან მეუღლის ნათესავის ორგანო შეიძლება გადაენერგოს. საქართველოში ასევე მოქმედებს “დონორთა გაცვლის პროგრამაც”. თუმცა, ორივე მათგანი საკმაოდ მკაცრად კონტროლდება, რათა არ მოხდეს საზღვარგარეთ ორგანოების გაყიდვა. ორგანოებით ვაჭრობა, საქართველოშიც აკრძალულია და ხუთიდან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. 

 ორგანოს გადანერგვას თან შეიძლება გართულებებიც ახლდეს. “მსოფლიო სტატისტიკით, თირკმლის ტრანსპლანტაციისას 3 ათასი დონორიდან შესაძლოა 1 დაიღუპოს. ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში – რისკი ათასიდან ერთია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ცოცხალი დონორიდან ნახევარი ღვიძლის გადანერგვა, რადგან მას რეგენერაციის უნარი გააჩნია, ეს ოპერაცია საქართველოში მაინც არ კეთდება. 

 თუ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა, ორგანოს დონორი ჯანმრთელი რჩება. თუმცა ტრანსპლანტაცია გარკვეულ ტექნიკურ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ასე რომ, რისკი არსებობს და ეს დონორმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს”, – აღნიშნავს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის ხელმძღვანელი. მათივე მონაცემებით, თუ 1995-1999 წლებში ორგანოს გადანერგვის ოპერაციასთან დაკავშირებული ლეტალობის მაჩვენებელი 27%-ს შეადგენდა, ბოლო წლებში ის 5%-მდე შემცირდა. 

  საზღვარგარეთ თუ თირკმლის გადანერგვის ოპერაციის საწყისი ფასი 50 ათასი დოლარია, საქართველოში ის 20 ათასი ლარი ღირს. ყოველ წელს განსაზღვრული ლიმიტით (დაახლოებით 10-დან 15 თირკმელი), ოპერაციის ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. “2010 წელს თირკმლის ტრანსპლანტაციის ბიუჯეტი შეადგენს 200 ათას ლარს. სახელმწიფო პაციენტებს ოპერაციის შემდგომ მედიკამენტებითაც უზრუნველყოფს და მათ მონიტორინგსაც აფინანსებს”, – ამბობს ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი თეა თავიდაშვილი. 
 
ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ კანონის მიხედვით, თუ არსებობს იმის დამადასტურებელი ფაქტები, რომ ორგანოს აღება გარდაცვლილის რელიგიურ რწმენას და მის ეთიკურ პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, შეიძლება გადასანერგად მისი ორგანო გამოვიყენოთ. ამის პარალელურად, საჭიროა გარდაცვლილის ორგანოს აღებაზე ახლობლის თანხმობა. თანაბარი უფლებების მქონე რამდენიმე ნათესავის არსებობისას, ერთმაც რომ განაცხადოს უარი, გარდაცვლილის ორგანოს გამოყენება არ მოხერხდება. 
 
კანონის მიხედვით, ადამიანი გარდაცვლილად ითვლება მას შემდეგ, რაც მას თავის ტვინის სიკვდილი ან გულის შეუქცევადი გაჩერება და სისხლის მიმოქცევის შეწყვეტა დაუდგინდება. გვამური დონაციისთვის მხოლოდ ტვინის სიკვდილით გარდაცვლილის ორგანო გამოდგება. 2000 წელს საქართველოს ჯანმრთელობის სამინისტრომ საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ტვინის სიკვდილის განმსაზღვრელი კრიტერიუმები შეიმუშავა. გია თომაძე დარწმუნებულია, რომ ტვინის სიკვდილის დიაგნოზის სწორად დასმის შემთხვევაში, სიცოცხლის აღდგენა გამორიცხულია. ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციამ 2003-2006 წლებში 4 ცენტრალური კლინიკის რეანიმაციული განყოფილებების ავადმყოფთა ისტორიები შეისწავლა. კვლევის შედეგად გამოვლინდა 50 პოტენციური დონორი, რომელთა მიმართაც ეჭვი გამოითქვა ტვინის სიკვდილზე. თუმცა მათი ორგანოები არავისთვის გადაუნერგავთ. 
 
გვამური დონაციის არარსებობა საქართველოში ტრანსპლანტაციის განვითარების ერთადერთი ხელისშემშლელი მიზეზი არ არის. გია თომაძე ამბობს, რომ გარდა საზოგადოების უარყოფითი განწყობისა, გვამური დონაციის დანერგვას მედპერსონალის არასათანადო კვალიფიკაციაც აფერხებს. არ არსებობს მუდმივი მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც – “ჩვენ ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული შვეიცარიის, თურქეთის და რუსეთის ტრანსპლანტოლოგიურ კლინიკებთან. სათანადო დონორის არსებობის შემთხვევაში უახლოეს მომავალში ამ ოპერაციებს ერთობლივი ინტერნაციონალური გუნდებით ჩავატარებთ. შემდგომ კი ჩვენი ქირურგები დამოუკიდებლად გააგრძელებენ მუშაობას”.
 
ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის აღჭურვისთვის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. გვამური დონაციისადმი რელიგიის დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. არათუ სხვადასხვა, არამედ ერთსა და იმავე კონფესიის წარმომადგენლებსაც კი ხშირად ამ საკითხისადმი განსხვავებული პოზიციები აქვთ. ზოგიერთ რელიგიაში გვამურ დონაციასთან დაკავშირებით დისკუსია დღემდე მიმდინარეობს. “არ შეუშინდეთ ნიჰილისტებს! ჩემი სხეული მე და ღმერთს გვეკუთვნის. ღმერთი კმაყოფილი იქნება ჩემი არჩევანით – სიკვდილის შემდეგაც გავაკეთო სიკეთე და გადავარჩინო სიცოცხლე”, – ასე უპასუხა “დონაციის მე-12 ევროპულ დღეს” ექიმმა-ნარკოლოგმა ჯონი ჯანაშიამ მათ, ვინც რელიგიურ ფაქტორს გვამური დონაციის ერთ-ერთ შემაფერხებელ მიზეზად თვლის. 

   თუ ვიმსჯელებთ – რამდენ ადამიანს აქვს გულის მწვავე დაავადებები, თირკმლის უკმარისობა და ციროზი, იოლი წარმოსადგენი იქნება რამდენი ადამიანი ელოდება საქართველოში ამ ორგანოების ტრანსპლანტაციის დანერგვას. ევროპაში წელიწადში დაახლოებით 100 ათასზე მეტი ორგანოს გადანერგვის ოპერაცია ტარდება – მათგან 80% გვამური დონაციით. ჩვენთან დონორობაზე ოფიციალურ თანხმობას ამ დროისათვის 150-მდე ადამიანი აცხადებს. მათგან ნახევარზე მეტი, პროფესიით ექიმია.
 

 

 

კომენტარები