დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

რამდენიმე კვირის წინ, ბრიტანეთის სამეფო საზოგადოების მიერ მოწყობილ ინტერნეტის “მამების” მორიგ სიმპოზიუმზე მსოფლიო გლობალური აბლაბუდის (World Wide Web) შემქმნელმა ტიმ-ბერნერს ლიმ, რომელსაც აგერ უკვე ოცი წელია, ინტერნეტის “მამას” უწოდებენ, ერთი უჩვეულო დაკვირვება გააჟღერა – თანამედროვე ციფრული ადამიანები, რომელთა უმრავლესობასაც თინეიჯერები წარმოადგენენ, ინტერნეტსა და Facebook-ს შორის ვერანაირ განსხვავებას პოულობენო. ბრიტანელმა მეცნიერმა Facebook-ზე დაცულ თხუთმეტ მილიარდ ფოტოზეც ისაუბრა, რომლებიც როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდება Flickr-ის ფოტორესურსის ხუთმილიარდიანი მონაცემთა ბაზისაგან, სადაც მოყვარული ფოტოგრაფები ტვირთავენ საკუთარ ნამუშევრებს. Flickr-ზე სხვა დროს ვისაუბრებ, ეს ინტერნეტ რესურსი ნამდვილად არის ამისი ღირსი. დღევანდელ სვეტში კი, მოდით “ფეისბუქური” ფოტოები მიმოვიხილოთ. ქართულ ინტერნეტში “პირწიგნაკად” წოდებული ეს სოცმედია გიგანტი უკანასკნელი სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე პოპულარული საიტია საქართველოში. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე ადგილზეა google.com, მესამეზე – youtube.com, მეოთხეზე – odnoklassniki.ru. ეს უკანასკნელი კი Facebook-ის რუსულენოვანი ანალოგია, რომელიც მისგან არსით არაფრით განსხვავდება – აქაც სურათებია, სოციალური ქსელი და სურათებზე კომენტარები.

Facebook-ის ფოტოები სამ ძირითად კატეგორიად იყოფა. პირველი კატეგორიის ფოტოებს წითელ ზოლად გასდევთ წარწერა “მე აქ ვიყავი”. ასეთ ფოტოებს განეკუთვნება სურათები, სადაც მთავარი პერსონაჟი ეიფელის კოშკია, ან კოლიზეუმი, ან ხეოფსის პირამიდა და არა ის, ვინცაა გამოსახული ფოტოზე. შემდეგი კატეგორია ფოტოებისა ე.წ. საქორწილო სურათებია თეთრი კაბებით, თეფშების მტვრევებით და ამ ყველაფრის თანმდევი ტაში-ტუშით. მესამე და უკანასკნელი კატეგორია კი პატარა, ან ჩვილი ბავშვების ფოტოებია საერთო სათაურით – “დედას ბუშტი”. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ის ინფორმაციით, ამერიკელი პატარების 93%-ის და ფრანგების 74%-ის ფოტოები Facebook-შია განთავსებული (ქართველ პატარებზე სტატისტიკა არ არსებობს). თუკი “მე აქ ვიყავი” და “ჩემი ქორწილის” ტიპის ფოტოები განმთავსებლის პირადი საქმეა. “დედას ბუშტის” სურათის დადება ინტერნეტში მხოლოდ მშობელს არ ეკითხება. ვინაიდან ის პატარა ოდესღაც გაიზრდება და შეიძლება არ მოეწონოს ის ციფრული ალბომი, რომლითაც მისი მშობლები “ფრენდების” თუ “დრუზიების” წინაშე თავს იწონებდნენ. ამ მშობლების მთავარი პრობლემა კი ის არის, რომ ისინი ვერ აკეთებენ განსხვავებას რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის, ამან კი შეიძლება არასახარბიელო შედეგები იქონიოს.

iPhone-ზე და Android ტელეფონებზე სპეციალური აპლიკაციებიც კი შეიქმნა, რომლებიც მობილურში არსებულ ფოტოებს და სხვა სახის პირად ინფორმაციას Facebook-ის გვერდზე ტვირთავს: მაგალითად ადგილმდებარეობას, რას უსმენ მოცემულ მომენტში და ა.შ. ეს აპლიკაციები იმ სოციალ-მედია მანიაკებისთვისაა განკუთვნილი, რომლებიც რეალურ და ვირტუალურ ცხოვრებას შორის ტოლობის ნიშნის დასმას და სრულ სინქრონიზაციას ცდილობენ. ინტერნეტში აქა-იქ გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავს იმით იწონებენ, რომ ყოველ 15 წუთში ფოტოს იღებენ და Facebook-ზე, ან რომელიმე ქსელურ რესურსზე ტვირთავენ. არიან ისეთებიც, რომლებიც საკუთარი ცხოვრების არც ერთ მნიშვნელოვან მომენტს აღნიშვნის გარეშე არ ტოვებენ და ამიტომაც შეგიძლიათ იხილოთ სტატუსები, სადაც წერია: “ახლა კიევში ბუდა-ბარში ვარ, ძალიან მომწონს აქაურობა, ორი მოჰიტო დავლიე”, “დღეს ჩემი შეფი ჩვეულებრივზე უფრო კარგ ხასიათზეა, ნეტა რა მოხდა ასეთი”, “ძალიან უბედური ვარ, სახლიდან კატა გამექცა” და ა.შ.

 Facebook-ი პლატონისეულ გამოქვაბულად იქცა, სადაც ჩვენი ანარეკლი აისახება. ჩვენი ცხოვრება სტატუსებად, კომენტარებად და ფოტოებად გაიშალა და გამოქვაბულის კედლებზე დაიდო ბინა. როგორც ჩანს შემთხვევითი არ არის, Facebook-ში მომხმარებელთა პირად გვერდს “კედელი” რომ ჰქვია. სოციალურმედიურად განსაკუთრებით აქტიური მომხმარებლების კედლებზე თითქმის ყველაფრის შეტყობა შეგიძლიათ – თუ რას აკეთებენ ისინი, რითი ერთობიან, ვისთან ერთად ერთობიან, ვის ხვდებიან, რატომ ხვდებიან, რა მოსწონთ, რა გასჭირვებიათ და რატომ არიან ბედნიერები თუ უბედურები. ერთი მხრივ, Facebook-ი დიდი შავი ხვრელია, რომელიც სასოწარკვეთილი დიასახლისებისა და მათი ასოწარკვეთილი ქმრების ჭირ-ვარამს იტევს, სადაც დეკარტისეული “ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” აღარ არის ქმედითი. მხოლოდ აზროვნება არ არის საკმარისი არსებობის გასამართლებლად, ამიტომაცაა Facebook-ის გამოქვაბულის კედლები გავსებული არაფრისმთქმელი სტატუსებით, კომენტარებით და “მე აქ ვიყავი” ფოტოებით. სამწუხაროდ, ახალშობილთა “დედას ბუშტი” ფოტოებიც ყურადღების მიპყრობის მცდელობაა, რომლებიც მღაღადებელი ხმასავით გაჰკივიან ინტერნეტსა შინა: დამთაგე და დამალაიქე, ღმერთო!

კომენტარები