ჩვენი დემოკრატიზაცია- მოდერნიზაციის მიმდინარე პრობლემატიკა

 თუ დემოკრატიზაციაში მთავარი საარჩევნო ინსტიტუტების გამართულობა და არჩევნებს შორის ანგარიშგება-მონაწილეობის მექანიზმთა განმტკიცებაა, მოდერნიზაციაში არსებითი სპეციალიზაცია და პროფესიონალიზმია – როგორც სახელმწიფო, ისე არასახელმწიფო სექტორებში. ანუ, საქმეში ნაცნობ-მეგობრობაც და პიროვნული ერთგულებაც საბოლოოდ უნდა ჩაანაცვლოს კომპეტენციამ. ერთი პროცესი მეორის გარეშე ნაკლებწარმოსადგენია. მათ შორის კი ხიდის როლს ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობა თამაშობს. 

 
ეს პროცესები საქართველოში მიმდინარეობს, განსაკუთრებით 2004 წლიდან. პოლიცია, რომელიც სისტემურად აღარ დგას ქრთამის და ორგანიზებულ დამნაშავეობასთან ალიანსის საფუძვლებზე (თუნდაც ზოგჯერ ძალას ამეტებდეს), ნათქვამის თვალხილული დადასტურებაა. თუმცა უეჭველია, რომ ამ ცვლილებებს ნიადაგი ადრევე ექმნებოდა – გურამიშვილის თუ ორბელიანის პოეზიიდან დაწყებული, 18-21 წლების სოციალ-დემოკრატიულ ექსპერიმენტამდე. საბჭოურ თუ ადრეპოსტსაბჭოურ პირობებშიც სათუთად იყო შემონახული თავისუფლების იდეალები. სხვაგვარად ერი არ ვიქნებოდით და მოდერნიზაცია-დემოკრატიზაციის საგანიც არ იარსებებდა.  მაგრამ  სრულფასოვან გამარჯვებამდე ჯერ ადრეა. 
 
დღევანდელი ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური სისტემის ოპონენტების თქმით, მთავარი პრობლემა მართვის ცენტრალურ დონეზე დემოკრატიული პოლიტიკური ნების არარსებობაა. ახლა არ განვიხილავ, ამ ოპონენტთაგან ვინ გულწრფელია თავის პიროვნულ დემოკრატიულობაში და ვინ – ფარისეველი. არც იმას მოვყვები, მათი კრიტიკის საპასუხოდ რამდენი კონტრარგუმენტის მოყვანა შეიძლება – თუნდაც ყბადაღებული სასამართლო რეფორმის სფეროდან. არც ცალკეულ მოხელეთა თუ მოსამართლეთა საკამათო ქცევებია ჩემი განხილვის საგანი, რადგან ამჯერად, ინდივიდუალური შემთხვევების მიღმა, ზოგადი სურათის დანახვა მაინტერესებს; თანაც, უცოდველი და უზადო არც ადამიანი არსებობს და არც პოლიტიკური სისტემა. მაგრამ სისტემური მასშტაბის არსებითი პრობლემებიც გვაქვს მოდერნიზაცია/დემოკრატიზაციის საქმეში და ჩემი ინტერესის მთავარი საკითხი ესაა. ასეთ პრობლემათა ერთი წყება უფრო კულტურულია, მეორე კი  – სტრუქტურული. 
 
საქმე ის მგონია, რომ 1. ქვეყანაში საკმარისი რაოდენობის პოლიტიკოსმა, მოხელემ, მასწავლებელმა თუ სისტემის სხვა მსახურმა მაინც არ იცის, თუ რაა, რეალურად, დემოკრატია, როგორ უნდა ვლინდებოდეს იგი კონკრეტულ თანამდებობრივ ფარგლებში და სადაა მისი შენების პროცესში პოლიტიკური მიზანშეწონილობის ზღვარი; 2. დღემდე დაგროვილი მიღწევები შეუქცევადი არაა – ზოგიერთ სოციალურ თუ ორგანიზაციულ სფეროში პიროვნებებს ინსტიტუტები ენაცვლება, მაგრამ ბევრგან ისევ პიროვნებათა ნებასა და ენერგიაზეა ყოველივე დამოკიდებული. პიროვნებებს კი ერთი გარდაუვალი ნაკლი – წარმავალობა – ახასიათებთ.
 
ქართული პოლითეას ეს ორი ნაკლი ურთიერთგადაჯაჭვული და ურთიერთგამაძლიერებელია – რეფორმატორები არ და ვერ ენდობიან მოხელეებსა თუ მოქალაქეებს ყველა იმ დონეზე, სადაც საკითხი ავტონომიურად, ზემოდან ჩარევის გარეშე უნდა წყდებოდეს. ეს გასაგებია, რადგან საზოგადოებაში არსებობს კულტურული ნაპრალი – პროფესიონალიზმის საფუძველზე დემოკრატიის პრინციპებისა და პოლიტიკური მიზანშეწონილობის დაბალანსების შემძლეთა დეფიციტი. მაგრამ ეს დეფიციტი შეიძლება კიდევ უფრო ღრმავდებოდეს, თუ პოლიტიკის ყველა სფეროში – განათლება იქნება ეს, გადასახადთა აკრეფა, თავდაცვა თუ ნებისმიერი სხვა რამ – ლიდერის ნება ინსტიტუტმა, ავტონომიურად და მკაფიო ინსტრუქციებით მოქმედმა მრავალათასიანმა სამოხელეო-სამოქალაქო უჯრედებმა არ შეავსო. სხვაგვარად მუდამ შეგვიშლის ხელს, უკეთეს შემთხვევაში, ზემდგომთა მიკრომენეჯმენტი, უარესში კი გადაწყვეტილების ვერშემძლე მოხელეთა კრიტიკული სიმრავლე.
 
შესაბამისად, ჩვენთან ნარჩუნდება იმ ისტორიული სისტემის ნიადაგი, საიდანაც, მთლიანობაში, გამოვედით, მაგრამ არა უკანმოუხედავად. მისი არსი მრავალგვარად შეიძლება დახასიათდეს, მაგრამ ახლა ჩვენი კოლექტიური წარსულის იმ წახნაგზე ვსაუბრობ, რომელიც იმჟამინდელი ოფიციალური ენით ასე გამოითქმებოდა: „ტი ნაჩალნიკ, ია დურაკ, ია ნაჩალნიკ, ტი დურაკ”. არადა, 2003 წლიდან ათასგვარი რეგულაციების გაუქმება, ბიუროკრატიული აპარატისა და შესაბამისი კულტურის წინააღმდეგ წარმართული ძალისხმევა სწორედ ამ ფილოსოფიის აღმოფხვრას ემსახურებოდა. 
 
ვითარება დილემურია – დამოუკიდებლობა და დეცენტრალიზაცია მმართველობითი ვერტიკალის ყველა დონეზე სარისკოა, თუ მას პროფესიონალური ცოდნა და ეთიკა არ უმაგრებს ზურგს. მაგრამ ამ დამოუკიდებლობა/დეცენტრალიზაციის გარეშე ჩვენი გადაწყვეტილების მიღების სისტემა მოძველებულად პირამიდული ჩანს.
 
ასეთ სისტემას კიდევ ერთი რისკ-ფაქტორი ახლავს ხოლმე თან – ხელისუფლების პოლიტიკურ ოპონენტთა არმია არა იმდენად პროგრამულ-იდეოლოგიური განსხვავების საფუძველზე ივსება, არამედ გადაწყვეტილების მიღების პირამიდული ვერტიკალიდან ამა თუ იმ მიზეზით ამოვარდნილ-განაწყენებულთა ხარჯზე. პროგრამულ-იდეური სამოსელი უკვე მოგვიანებით, იმწუთიერი ემოციითა თუ ამბიციით ხდება ხოლმე შერჩეული. ოპონენტთა რიგითი შემადგენლობაც მნიშვნელოვანწილად ისევ საკუთარი არაპროფესიონალიზმის, გადაწყვეტილების ვერ-არმიღების თუ ზემდგომთაგან მომდინარე მიკრომენეჯმენტის მსხვერპლთა ხარჯზე კომპლექტდება.
 
„მსხვერპლის” სინდრომი, პიროვნული წყენები პოლიტიკაში მეტად ცუდი მოკავშირეა, განსაკუთრებით საზოგადოების დემოკრატიზაცია-მოდერნიზაციის დროს. როგორც წესი, ასეთი ემოცია ბოლოს რეფორმების წინააღმდეგ განაწყობს მის მატარებელს და უკანმოუხედავად აკავშირებს იმ ისტორიულ ძალებთან, რომელთა დრომოჭმულობისა თავად განაწყენებულსაც სჯეროდა ან უნდოდა რომ დაეჯერებინა.
 
დემოკრატიის კონსოლიდირების, ანუ შეუქცევადობის ტესტად საერთაშორისო საექსპერტო-აკადემიურ საზოგადოებას ხელისუფლების ორგზისი მშვიდობიანი ცვლა მიაჩნია. მაგრამ თუ ზემონახსენებ პრობლემატიკას თავი ვერ დავაღწიეთ, დემოკრატიულობის ცნობილი ტესტის გავლა უაღრესად სარისკოა; ხელისუფლების ოპონენტებად ყალიბდებიან არა უკეთესი და უფრო გამოცდილი რეფორმატორები, არამედ განაწყენებულნი, რომელნიც, საბოლოო ჯამში, თავად მოდერნიზაციაში ხედავენ მტრის ხატს.
 
პრობლემებიდან, მით უმეტეს თუ მათ დილემური ხასიათი შეიძინეს, იოლი გამოსავალი არ არსებობს. მედიის მეტი გამჭვირვალობა, არჩევნების ახალი მოდელები თვითმიზანი გახდება, თუ სიტყვის უკიდეგანო თავისუფლებით და  სხვადასხვა დონის კენჭისყრებით მოსარგებლენი წყენით და მასთან ასოცირებული შიშებითა თუ  შურისძიების სურვილით იხელმძღვანელებენ. გამოსავალი მხოლოდ დროში გაწელილი შეიძლება იყოს.
 
არსებითად, უკეთესი, კონსოლიდირებული დემოკრატიისათვის ჩვენ მოდერნიზაციის შეუქცევადობას უნდა დაველოდოთ. ამას ვინძლო უკეთ შეუწყოს ხელი კონსტიტუციის ახალი რედაქციის პროექტმა, რომელიც პოლიტიკური ვერტიკალის სათავეში სამ და არა ამჟამინდელ ორ შტოს მოიაზრებს. შესაბამისად, მეტი ბალანსი მოლაპარაკება-მედიაციის ინსტიტუციონალიზაციას უნდა დაეხმაროს. პარალელურად, ორი სფერო უნდა გახდეს გაზრდილი ყურადღების საგანი – სამოხელეო აპარატის პროფესიონალიზაცია და სტაბილიზაცია და განათლება, რომელიც იმავე პროფესიონალიზმს (ეთიკის ჩათვლით) უნდა ემსახურებოდეს. ეს ხდება, მაგრამ არასაკმარისად. ეგებ საზოგადოებისათვის უპრიანია, დებატები ამ თემებზე იყოს და არა იმაზე, თუ ვინ იქნება მომავალი პრეზიდენტი, პრემიერი და როგორი კვორუმითაა უმჯობესი პარლამენტის მხრიდან პრემიერისა თუ პრეზიდენტის ნების გადალახვა
 
 

კომენტარები