დიდი ნახტომი ეკონომიკურ ურთიერთობებში

 საქართველოსა და ირანის დასაახლოებლად პირველი პრაქტიკული ნაბიჯები უკვე გადაიდგა. 3 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით ჩამოსულმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოთაქიმ და მისმა ქართველმა კოლეგამ გრიგოლ ვაშაძემ ორ ქვეყანას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ორივე მხარემ ამ ფაქტს მნიშვნელოვანი ნაბიჯი უწოდა, რომელიც საქართველოსა და ირანს შორის ისტორიულად ახლო ურთიერთობების აღდგენას შეუწყობს ხელს.

 
გრიგოლ ვაშაძემ ირანთან საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას “ნახტომი” უწოდა და აღნიშნა, რომ წელს საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა 173%-ით, ხოლო სავაჭრო ბრუნვა 63%-ით გაიზარდა. 
 
თავის მხრივ, მანუჩერ მოთაქიმ აღნიშნა, რომ “ტერიტორიული მთლიანობა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების მთავარი პრინციპია”. მისი თქმით, ირანი კავკასიის მოვლენებს მგრძნობიარედ აღიქვამს. “იმედი მაქვს, რეგიონში არსებული პრობლემები მშვიდობიანი გზით გადაწყდება. ირანის მთავრობას მიაჩნია, რომ უსაფრთხოება, ენერგეტიკა და ტრანზიტი ის საკითხებია, რომლებზეც რეგიონული თანამშრომლობა უნდა აიგოს”, – განაცხადა მოთაქიმ. ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი უსაფრთხოების საკითხებზე კასპია-შავი ზღვის აუზის ქვეყნების შეხვედრის ინციატივით გამოვიდა.  
 
მხარეებმა გვერდი ვერ აუარეს ირანის ბირთვულ პროგრამაზე საუბარსაც. მოთაქიმ განაცხადა, რომ თეირანი მზად არის ბირთვული პროგრამის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკებებისთვის. ასეთი შეხვედრები, შესაძლოა, უკვე 10 ნოემბერს გაიმართოს. თავის მხრივ, ვაშაძემ აღნიშნა, რომ ირანს უფლება აქვს მშვიდობიანი ბირთვული ენერგეტიკა განავითაროს, თუმცა, ეს პროცესი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ დადგენილი წესებით უნდა წარიმართოს. თბილისი, მისი თქმით, ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებას მიესალმება. 
 
მანუჩერ მოთაქი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. მან მონაწილეობა მიიღო ბათუმში ირანის გენერალური საკონსულოს გახსნაში.  
 
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე თბილისსა და თეირანს შორის პირველი პირდაპირი ავიარეისი შესრულდა. როგორც თბილისში აცხადებენ, ამან საქართველოში ირანელი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად უნდა გაზარდოს. 
 
ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების დათბობის პროცესი წლის დასაწყისში დაიწყო. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თეირანს იანვარში ეწვია. ვაშაძე თავის ირანელ კოლეგას და ქვეყნის პრეზიდენტს მაჰმუდ აჰმადინეჟადს შეხვდა. ირანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, აჰმადინეჟადმა განაცხადა, რომ “ირანი და საქართველო ერთსა და იმავე ცივილიზაციას განეკუთვნებიან და მათ მეგობრობას ღრმა ფესვები აქვს”. მისი თქმით, თეირანი საქართველოსთან ურთიერთობის გაუმჯობესებითაა დაინტერესებული “იმდენად, რამდენადაც ეს დღეს არის შესაძლებელი”. თავის მხრივ, ვაშაძემ ირანის ლიდერს განუცხადა, რომ საქართველო ირანის წინააღმდეგ არ იმოქმედებს, იმის მიუხედავად, რომელ ორგანიზაციასა თუ ალიანსში გაწევრიანდება. 
 
ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში რუსეთში ირანის ელჩმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ აპირებს.  
 
19 მაისს კი საქართველოში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, უწყების პრესმდივანი რამინ მაჰმანპარასტი ირანელ ჟურნალისტთა დიდ ჯგუფთან ერთად ჩამოვიდა. ვიზიტის მიზნად მედიის სფეროში თანამშრომლობის განვითარება და ერთობლივი მრგვალი მაგიდის მოწყობა დასახელდა. 
 
ამ ვიზიტს წინ უძღოდა ირანული პრესის მიერ ინფორმაციის გავრცელება იმის შესახებ, თითქოს მიხეილ სააკაშვილმა ირანის ლიდერი მაჰმუდ აჰმადინეჟადი საქართველოში მიიწვია. კერძოდ, გაზეთ Tehran Times-ის ცნობით, საქართველოში ირანის ელჩის, მაჯიდ საბერისგან რწმუნებათა სიგელის მიღების ცერემონიაზე საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატს განუცხადა, რომ ირანელ კოლეგას თბილისში ელის. გამოცემის ცნობით, სააკაშვილმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მრავალსაუკუნოვან კავშირებს და ირანთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარებას დაუჭირა მხარი. ოფიციალურ თბილისს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. 
 
საქართველოში თურქეთის პრემიერ-მინისტრის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ვიზიტის დროს კი მიხეილ სააკაშვილი საჯაროდ მიესალმა 17 მაისს თურქეთს, ირანსა და ბრაზილიას შორის ხელმოწერილ შეთანხმებას ირანული ურანის თურქეთში გამდიდრების შესახებ. საქართველოს პრეზიდენტმა ამ დოკუმენტს მაშინ “დიპლომატიური გარღვევა” უწოდა. 
 
როგორც ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა თბილისში ყოფნისას განაცხადა, ორი ქვეყნის ურთიერთობების გაღრმავება სხვადასხვა დონეზე ინტენსიურად გაგრძელდება და წლის ბოლოსთვის საგარეო უწყებების ხელმძღვანელების კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. 
 
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტამდე საქართველოს საგარეო უწყებაში კომენტარი საქართველო-ირანის მოლაპარაკებების აშშ-სთან ურთიერთობაზე გავლენის თაობაზეც  გააკეთეს. “არავისთვისაა დასამალი, რომ საქართველო დიდ წილად აშშ-ის პოლიტიკურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, აბსოლუტურად უსაფუძვლოა სკეპტიციზმი იმის თაობაზე, რომ აშშ-სთან სტრატეგიულ პარტნიორობას „ეჭვქვეშ დავაყენებთ”, – განაცხადა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ. მისი თქმით, საქართველოს სურს რეგიონის ყველა ქვეყანასთან კარგი პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ჰქონდეს. 

კომენტარები